მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენგურჰესის ენერგიის დე ფაქტო აფხაზეთთან გაყოფა 60/40-ზე პრინციპის მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს - აფბა

609cc73cbcdbd
BM.GE
13.05.21 10:26
1986
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდა, ოფიციალურად დააფიქსიროს პოზიცია, თუ რა პრინციპით უნდა მოხდეს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების მიერ გამომუშავებული ენერგიის გაყოფა ოკუპირებულ აფხაზეთთან. ცნობილია, რომ 1 მაისს ენგურჰესის რამდენიმეთვიანი რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა და ჰიდროელექტროსადგური მუშაობას შეუდგა.

როგორც აფბას ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე აცხადებს, აუცილებელია ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება, იქნება თუ არა მკაცრად დაცული დე ფაქტო აფხაზეთის მხარესთან არსებული შეთანხმება, რაც გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს, სადაც 60% ქართული მხარის განკარგულებაში უნდა დარჩეს, ხოლო 40% დე ფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციის.

გიორგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ, მუდმივად მზარდი ელექტროენერგიის ტარიფი, საკმაოდ უარყოფითად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე და ქვეყანაში არსებული ბიზნესის მდგომარეობაზე, ხოლო მეორე მხრივ, დე ფაქტო აფხაზეთის მოხმარება ბოლო 3 წლის მანძილზე დრამატულად იზრდება და ეს ფაქტი კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმების დენით უზრუნველყოფით აიხსნება. 2020-2021 წლებში კი ამას დაემატა რუსეთიდან უწყვეტი ნაკადით შესული ე.წ. მობილური მაინინგის ფერმებიც. – „როგორც ირკვევა, დე ფაქტო აფხაზეთში ელექტროენერგიის 70% და შესაძლოა მეტიც, იხარჯება კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმების დენით უზრუნველყოფაზე“, - განმარტავს კაპანაძე.

„ბოლო წლებში განსაკუთრებით, ამ შეთანხმების დაცვა არ ხდებოდა და ზამთარში ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის, დაახლოებით, 90%, ხოლო ზაფხულში, დაახლოებით, 60%-ს მოიხმარდა დე ფაქტო აფხაზეთი. მოხმარება იქ ბოლო 3 წლის მანძილზე დრამატულად იზრდება და ეს ზრდა კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმების დენით უზრუნველყოფით აიხსნება. მიგვაჩნია, რომ არსებული შეთანხმება პრინციპულად უნდა იქნას დაცული. გვაინტერესებს საკითხთან დაკავშირებით ეკოპნომიკის სამინისტროს ოფიციალური პოზიცია. სწორედ ამიტომ მივმართეთ საჯაროდ მას“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

მისი შეფასებით, თუკი მოხდება 60/40-ზე პარიტეტის დაცვა, მაისი-აგვისტოს პერიოდში საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარებას დააბალასება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გაზრდილი გამომუშავების ხარჯზე მოხერხდება.
(NS)