აფხაზეთის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. მიწოდება დღის განმავლობაში სხვადასხვა პერიოდში სამი საათით წყდება. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიაზე შეზღუდვები 26 იანვრიდან ამოქმედდა და ჯერჯერობით 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება - წერს „ეხოკავკაზა“.
ადგილობრივ ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგოში“ ელექტრეოენერგიის შეზღუდვით მიწოდებას ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის დაკლებითა და რუსეთიდან ელექტროენერგიის არასაკმარისი ნაკადით ხსნიან. კომპანიამ ელექტროენერგიის გათიშვის გრაფიკი მხოლოდ 31 იანვრამდე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით დღის პირველ ნახევარში ელექტროენერგია ნახევარი საათით, მეორე ნახევრის დღის ნათელ პერიოდში კი 1 საათითა და 40 წუთით ითიშება. „ჩერნომორენერგოში“ მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ გრაფიკის დაწესება ან მისი გაუქმება რუსეთის მიერ მოწოდებული ელექტროენერგიის მოცულობიდან გამომდინარეობს. რუსული ელექტროენერგიის ნაკადს „სოციალური“ ეწოდება, რადგან მიწოდებას მთავრობათშორისი შეთანხმებით უფასოდ ხდება.
ადგილობრივი ენერგოკომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ალხას გაგულია გათიშვების მიზეზებს განმარტავს: „რუსეთის სამხრეთ ოპერატიური-სადისპეჩერო მართვის პუნქტიდან მიღებული ინფორმაციით, 26-დან 31 იანვარის ჩათვლით აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება სრული მოცულობებით ტექნიკური მიზეზების გამო ვერ განხორციელდება. სირთულეები სამხრეთ რუსეთის მოხმარების ზრდითაა განპირობებული, რაც როსტოვის ატომური ენერგოსადგურის მეოთხე ბლოკის რემონტს, ნოვოჩერკასკის ელექტროსადგურის და დონბასის ენერგოსისტემაში ავარიულ რემონტს უკავშირდება. შეთანხმებული 300-340 მგვტ-დან არაუმეტეს 240 მეგავატის სიმძლავრის ელექტროენერგია მოგვეწოდება. შესაბამისად სიმძლავრის დეფიციტი 100 მეგავატს აღწევს და აღმოსავლეთ აფხაზეთში ელექტროენერგიის დროებით გათიშვებით ბალანსდება“.
„ეხოკავკაზაში“ განმარტავენ რომ მოხმარებისთვის საჭირო 10 500 ათასი კვტ/სთ-ის ელექტროენერგიიდან 3 300 ათასი კვტ/სთ აფხაზეთს ენგურჰესიდან მიეწოდება, რათა დასავლეთ ნაწილის მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და დაახლოებით 7000 ათასი კვტ/სთ რუსული ელექტროენერგიის ნაკადია, რომელიც აღმოსავლეთ ნაწილის მოსახლეობას ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.
სააგენტოს ცნობით, გაგრძელდება თუ არა 31 იანვრის შემდეგ აფხაზეთის ნაწილისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვა, ჯერ უცნობია.
ეკონომისტები შექმნილ ვითარებას ნეგატიურად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის მოქმედებების სავალალო შედეგია.
„ეხოკავკაზა“ წერს, რომ ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის გაუარესებასთან ერთად აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის გადასახადი გააძვირა. შედეგად ფიზიკური პირებისთვის ტარიფი თითქმის 100%-ით გაიზარდა და კვტ/სთ-ზე 1.8 რუბლი შეადგინა. იურიდიული პირებისთვისა და მეწარმეებისთვის კი 2.6 რუბლი. მაინერებისთვის გადასახადი 4 რუბლი გახდა. ტარიფების ზრდასთან ერთად იზრდება მომხმარებელთა ელექტროენერგიის დავალიანებები. 2014 წლიდან ეს თანხა 5 მლრდ რუბლს შეადგენს. აქედან 500 მილიონი რუბლი წარმოებების დავალიანებაა, ხოლო 4.5 მლრდ რუბლი მოსახლეობის. რა მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარენ მაინერები და რა დავალიანება აქვთ მათ - უცნობია. „ეხოკავკაზა“ წერს, რომ ეს დიდი რუხი ზონაა, რომელსაც არავინ აკონტროლებს.