მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენგურჰესის გაჩერების ფონზე აფხაზეთში კრიპტოვალუტის წარმოება 2021 წლის 1 ივნისამდე იკრძალება

5fd0e429654f6
ვიქტორია მღებრიშვილი
09.12.20 19:25
1339
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა გუშინ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად, 2021 წლის 1 ივნისამდე აფხაზეთში კრიპტოვალუტის წარმოება აიკრძალა. ამავე დადგენილებით, რომელსაც ხელს ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი აწერს, 2020 წლის 20 დეკემბრიდან 2021 წლის 1 ივნისამდე მაინინგისთვის საჭირო მოწყობილობების და დანადგარების იმპორტიც აიკრძალა.

დოკუმენტის თანახმად, აკრძალვების მიზანი საჭირო ზომების გატარებაა, რომელიც შეზღუდული ენერგორესურსების ეფექტური და რაციონალური გამოყენებისკენ იქნება მიმართული, რაც სისტემის გადატვირთვის შედეგად ელექტროენერგიის დეფიციტიდან და ენერგოსისტემის გაუმართაობისა და დაზიანების მაღალი რისკიდან გამომდინარეობს.

აღნიშნული აკრძალვების კონტროლს დე-ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, თვითაღიარებული აფხაზეთის ეკონომიკის და შინაგან საქმეთა სამინისტროები განახორციელებენ. 

დიდი ალბათობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ენგურჰესის გაჩერებაა. როგორც ცნობილია, 2021 წლის იანვრის ბოლოდან მინიმუმ 3 თვე ენგურჰესი რეაბილტაციის მიზნით სრულად ჩერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთი, რომელიც ზამთარში ენგურჰესის გამომუშვებული ელექტროენერგიის თითქმის 100-ვე პროცენტს მოიხმარს, თან უფასოდ, ელექტროენერგიის გარეშე რჩება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარიონეტულ მთავრობას მოუწევს ელექტროენერგია რუსეთის ფედერაციისგან იყიდოს. 

შეგახსენებთ: საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის დერივაციული გვირაბის 2018-2019 წლებში გადადებული რეაბილიტაცია 2021 წლის იანვრის ბოლოდან დაიწყება და 3 თვე გაგრძელდება. გვირაბის სიგრძე 15,5 კილომეტრია, დიამეტრი კი - 9,5 მეტრი. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას გვირაბი დაშრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის მანძილზე, "ენგურჰესის" ხუთივე აგრეგატი სრულად გაჩერდება.

მცოცავი ენერგოოკუპაცია - რა (და)უჯდება საქართველოს აფხაზეთის ელექტრომომარაგება