მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნად შეაფერხა ავტომობილების რეექსპორტის კლებამ – “თიბისი კაპიტალი“

5f971f8136e59
თამთა ჯიჯავაძე
26.10.20 23:09
814
2020 წლის თებერვლიდან კლებადი ტენდენციის შემდეგ ექსპორტის ზრდა სექტემბერში დადებით მაჩვენებელს დაუბრუნდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

როგორც მიმოხილვაში წერია, ექსპორტის +8.6%-იან ზრდაში უმთავრესი წვლილი სპილენძის კონცენტრატებმა (წ/წ +77.0%) შეიტანა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი იყო შედარებით მაღალი შიდა დამატებული ღირებულების მქონე პროდუქტების ზრდაც, როგორებიცაა თხილი (წ/წ +73.5%), ღვინო (წ/წ +13.8%) და მინერალური წყლები (წ/წ 23.2%). ამასთან, ექსპორტის ზრდა კვლავ მნიშვნელოვნად შეაფერხა ავტომობილების (წ/წ -37.9%) რე-ექსპორტის კლებამ.

„სავაჭრო პარტნიორების მხრივ, სექტემბერში ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში (წ/წ -6.7%) შემცირდა, ძირითადად სომხეთის (წ/წ -67.2%) გამო, ამავდროულად რუსეთში (წ/წ +31.0%) ექსპორტის მოცულობა გაიზარდა. ევროკავშირში (წ/წ +21.9%) ექსპორტის ზრდა კი 2020 წლის განმავლობაში პირველად დადებითი გახდა. სხვა ძირითად ქვეყნებს შორის, ექსპორტის მოცულობა ასევე გაიზარდა ჩინეთში (წ/წ 102.5%), თუმცა, შემცირდა ირანისა (წ/წ -74.4%) და აშშ-ის მიმართულებით (წ/წ -18.1%)”, – წერია მიმოხილვაში.

„თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში იმპორტის ვარდნაც შემსუბუქდა და წ/წ 9.0% შეადგინა, რაც ძირითადად სამრეწველო მარაგების (წ/წ +41.1%), უმეტესად სპილენძის კონცენტრატების, იმპორტის ზრდით იყო გამოწვეული. სამომხმარებლო საქონლის იმპორტის კლებაც შენელდა და წ/წ 5.3% შეადგინა - გაუმჯობესებულია როგორც ხანგრძლივი, ასევე მოკლევადიანი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის იმპორტი.

მეორე მხრივ, საკვებისა და სასმლის (წ/წ-19.9%), საწვავი მასალების (წ/წ -36.1%), კაპიტალური საქონლისა (წ/წ -27.1%) და სატრანსპორტო საქონლის (წ/წ -42.5%) შემცირებულმა იმპორტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჯამურად იმპორტის ვარდნაში.