19.დეკემბერი .2019 11:26

ეროვნული ბანკი რეგულაციებს შეარბილებს - ლიმიტები გადაიხედება, ბანკებს მეტი არჩევანი მიეცემათ

views 1607
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკი ფიზიკური პირების დაკრედიტების წესებს შეცვლის, რის შედეგადაც კომერციულ ბანკებს მიეცემათ უფრო დიდი სივრცე - გასცენ თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში სესხი. საბანკო რეგულაციების შერბილების შესახებ საუბარია საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის გაგზავნილი დოკუმენტის მემორანდუმის მუხლებში, რომელსაც ხელს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აწერენ. 

დაანონსებული ცვლილებები 2020 წლის მარტიდან უნდა ამოქმედდეს:

"2020 წლის მარტიდან ჩვენ ვგეგმავთ გავაუმჯობესოთ რეგულაცია ფიზიკური პირების დაკრედიტების მიმართულებით და განვამტკიცოთ მისი პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომა. ჩვენ კომერციულ ბანკებს მივცემთ უფრო დიდ მოქნილობას იმ რისკების მართვაში, რაც ფიზიკური პირების დაკრედიტებას ეხება, მათ შორის ჩვენ ამისთვის შევამცირებთ საშემოსავლო საფეხურების რაოდენობას (PTI ჩარჩოებს/PTI ჯგუფებს). ჩვენ ამასთანავე დავნერგავთ რისკებზე დაფუძნებულ უფრო ჯანსაღ მოთხოვნებს ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან მიმართებით,"- ნათქვამია დოკუმენტში.

საბანკო რეგულაციების შესახებ:

2019 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი საბანკო რეგულაციები და ბანკებს მოქალაქეთა შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხის გაცემა შეეზღუდათ. ამასთანავე, განისაზღვრა საშემოსავლო ჯგუფები და თითოეულისთვის დაწესდა სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი. დადგინდა ერთიანი ჭერიც - იპოთეკური სესხის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 15 წელს. კიდევ ერთი ცვლილება უცხოურ ვალუტაში სესხების შეზღუდვაა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით მოქალაქეებსა და ბიზნესებს 200,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება აეკრძალათ. 

4 საშემოსავლო კატეგორია და მათთვის განსაზღვრული ლიმიტი ასეთია: 

  1. თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს); 
  2. თვეში 1000-2000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 45%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს); 
  3. თვეში 2000-4000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 55%- (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს); 
  4. თვეში 4000 ლარზე მეტი, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, თქვენი შემოსავლის 60%-ს არ აღემატება. 
ამ რეგულაციების ამოქმედებამ შეამცირა მოქალაქეთა რაოდენობა, ვისაც პოტენციურად შეეძლება აიღოს იპოთეკური სესხი. 

2019 წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს მოუწოდა შემცირებულიყო სავალუტო სესხებზე დაწესებული 200,000 ლარიანი ლიმიტი, თუმცა აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტისთვის ჯერ-ჯერობით წარდგენილი არაა.

საბანკო რეგულაციამ მათ შორის ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც მოახდინა ნეგატიური გავლენა.