მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერთდროულად გვინდა რეალურზე დაბალი ტარიფები და ჰიდროსადგურების არ აშენება"

5f21c24190d0d
თამთა ჯიჯავაძე
30.07.20 00:10
1113
ენერგეტიკა გრძელვადიანი დარგია და ცოტა წინ უნდა გავიხედოთ. სამწუხაროდ, ჩვენ ამ თვალსაზრისით საკმაოდ დიდი ხანია გვაქვს პრობლემა, რომ არ გვაქვს განვითარების სტრატეგიული ხედვა, – ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა მურმან მარგველაშვილმა განაცხადა.

სტრატეგიის არქონის გამო, მისი თქმით, დეზორიენტირებულია როგორც სექტორის ინვესტორები, ასევე მოსახლეობა და ა.შ.

„ერთდროულად გვინდა რეალურზე დაბალი ტარიფები, ჰიდროსადგურების არ აშენება და საერთოდ ინფრასტრუქტურის არ განვითარება, ევროკავშირში შესვლა და  ქვეყნის განვითარებაც. ეს ყველაფერი არ გამოდის ერთად. ამიტომაც აუცილებელია, ამ ყველა ფაქტორების გათვალისწინება, სტრატეგიის შემუშავება, რომელსაც მთელი საზოგადოება ერთად გაივლის, კრიტიკულად შეაფასებს და მიხვდება თუ რა ღონისძიებებია საჭიროა და შემდეგ მოქმედება. მაგრამ ძალიან ცოტა დრო გვაქვს და ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ.

ბევრად უფრო ნაკლები ხარჯი იქნება გასაღები, იმისათვის რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ სწორად გვექნება გააზრებული განვითარების სტრატეგია, გვექნება ხარჯებზე დაფუძნებული ტარიფები, და მიმღებლობა საზოგადოებაში, რომ როდესაც მოიხმარ რაღაც პროდუქტს, იმის ღირებულება უნდა გადაიხადო. ეს ყველაფერი შექმნის სტაბილური ბაზრის წინაპირობებს და ამ მიმართულებით არის ბევრი სამუშაო“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ელექტროენერგიის გენერაციის შემცირების და იმპორტის გაზრდის მიზეზებზე:

„გენერაციის შემცირების მთავარი მიზეზია ის, რომ ჰიდრო გენერაციამ მოიკლო. მოგეხსენებათ ყოველ წელს ერთნაირად არ არის ნალექების რაოდენობა და შენახული თოვლის მასა, შესაბამისად ეს აისახა ჰიდროგენერაციის შემცირებაზე. ამავე დროს შემცირდა თბოგენერაციაც შარშანდელთან შედარებით, ამან ყველამ ერთად დააკომპენსირა ის შემცირება, რაც მოხვდა მოხმარებაში და გამოიწვია დამატებით იმპორტი.

ფაქტობრივად, ექსპორტის შემცირებამ და მოხმარების შემცირებამ დააკომპენსირა ჰიდროგენერაციის შემცირება, რაც წყლის რესურსის შემცირების გამო მოხდა. ხოლო რატომ შემცირდა თბოგენერაცია და გაიზარდა იმპორტი, ამაზე მე ვერ მოგახსენებთ. ეს საინტერესო საკითხია, თუკი ჩვენ გვაქვს ის იაფი გაზი, რა ფასადაც ვაძლევთ მას თბოსადგურებს, მაშინ წესით იაფი უნდა ყოფილიყო იმ თბოსადგურების მიერ გენერაციის გამომუშავება“.

შეგახსენებთ, 2020 წლის I ნახევარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4.5%-ით დაეცა. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიუხედავად, ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი გაზრდილია.