მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერთი ხელით საინვესტიციო გარემო მოვკლათ და მეორე ხელით პრივატიზაცია ვცადოთ, ეს არ გამოვა“

5f1c43634f9a2
ინგა მურუსიძე
26.07.20 09:40
1504
რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს სახელმწიფო საწარმოების შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ხაზგასმულია ფაქტი, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი შპს-ების ფინანსური შედეგები მკვეთრად არის გაუარესებული, რაც თავის მხრივ, საქართველოს საჯარო ფინანსების მდგრადობაზე მზარდ რისკს წარმოადგენს.

სავალუო ფონდის მიმოხილვაზე BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა ისაუბრა:

“როგორც წესი, სავალუტო ფონდების ანგარიშები ფაქტების კონსტანტაციას ემსახურება და რეალობას ასახავს, არ მგონია, რომ სავალუტო ფონდს სხვა რაიმე მოტივაცია ჰქონდეს გარდა იმისა, რომ ჩვენი ყურადღება მიაპყროს იმისკენ, რომ საქართველოს სახელმწიფო საწარმოები ცუდად იმართება. ეს მოულოდნელი არ არის, რადგან კომპანია ან არის სახელმწიფო ან არის მომგებიანი. როგორც წესი, თუ კომპანია სახელმწიფოა, მომგებიანი არ არის, იშვიათი გამონაკლისის გარდა. 

ვფიქრობ, ამ მომენტში სავალუტო ფონდის ანგარიშის გამოქვეყნების დამატებითი მოტივაცია ის არის, რომ ქვეყანაში განსაკუთრებულაად რთული სიტუაციაა ფისკალური კუთხით, ბიუჯეტი ძლივს სრულდება, შემოსავლები შემცირებულია, ლარი სერიოზული ზეწოლის ქვეშ არის და ამ დროს გვაქვს „დიდი ხვრელი“ სახელმწიფო საწარმოების სახით, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას, კიდევ უფრო დიდ ტვირთად აწვება ბიუჯეტს და ქმნის კიდევ უფრო დიდ რისკებს, რადგან ამ კომპანიებს დიდ ნაწილს ვალი დოლარში აქვს აღებული, თან პოლიტიზირებული შემოსავლები აქვს. იმ ფასადაც კი ვერ ყიდიან, რა ფასადაც შეუძლიათ ამ კომპანიებს, რადგან პოლიტიკური ზეწოლაა მათზე; ამ კომპანიების მართვა გამჭვირვალე არ არის, სამეთვალყურეო საბჭოებში ძირითადად პოლიტიკური ნიშნით დანიშნული არაკომპეტენტური ადამიანები არიან. ასე რომ, ეს არის "კოქტეილი" ცუდი ფაქტორების, რომელიც, რა თქმა უნდა, ცუდ შედეგს მოიტანდა და კიდეც მოიტანა“, - განაცხადა ფინანსისტმა.

რაც შეეხება კითხვას -  სად არის სიტუაციიდან გამოსავალი, რათა არსებული ხვრელი ხვრელად არ დარჩეს,  გიგა  ბედინეიშვილი ასე პასუხობს:

“პრივატიზაცია არის გამოსავალი, მაგრამ მანამდე ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი, პირველ რიგში, საინვესტიციო გარემო უნდა გაუმჯობესდეს ქვეყანაში. ერთი ხელით საინვესტიციო გარემო მოვკლათ ქვეყანაში და მეორე ხელით პრივატიზაცია ვცადოთ - ასე არ გამოვა; ან მარეგულირებლებმა დრაკონული კანონები გამოიტანონ და ამ ფონზე ინტერესს ველოდოთ ინვესტორებისგან, ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია. გარდა ამისა, ფლანგვა და ზედმეტი ხარჯები უნდა შეწყდეს; ეს ყველაფერი ეკონომიკურ განვითარებას დააჩქარებს, რაც ინვესტორებისთვის მიმზიდველობას გაზრდის. ასევე, უნდა გვქონდეს სამართლიანი სასამართლო, რომლისგანაც შორს ვართ; როცა ეს ყველაფერი დალაგდება, უნდა მოხდეს აქტივების პრივატიზაცია, რადგან სახელმწიფოს ხელში ეს კომპანიები ყოველთვის ცუდად იმუშავებენ“.