მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Good Luck, რომ იტყვიან“ ... „სსფ–ს უსმენს ყველა საფინანსო ინსტიტუტი“ – ანალიტიკოსები სებ–ის განმარტებებზე

ანალიტიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) შეშფოთებულია საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე ეროვნული ბანკის მიერ შეცვლილი პოლიტიკით, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა მიმართ დაწესებული სანქციებისთვის განსხვავებულ მიდგომას აწესებს. ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი, BMG-სთან წერილობით აცხადებს, რომ ამ საკითხს ფონდი აუცილებლად განიხილავს როგორც ეროვნულ ბანკთან ასევე კომერციულ ბანკებთან.

"როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაიცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა. ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს,"- ნათქვამია ჯეიმს ჯონის განცხადებაში.

ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების გამონაკლისი წესი 19 სექტემბერს დაამტკიცა, 20 სექტემბერს კი ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გადადგომისკენ მოუწოდა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას და მისი წარდგენისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. თავად ნათია თურნავამ კი განაცხადა, რომ ის გადადგომას არ აპირებს, ხოლო სანქციების წესის ცვლილება რომელიმე ერთ კონკრეტულ პირზე არაა მორგებული.

დღესვე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ეროვნული ბანკის სათავო ოფისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუველს შეხვდა.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს დეტალურად გააცნო თუ რას გულისხმობს სანქციების შესრულების წესში განხორციელებული ცვლილებები და რატომ დადგა დღის წესრიგში ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ამასთან, მისივე განცხადებით, შენარჩუნდება ყველა ის რეგულაცია და შეზღუდვა, რომელიც აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან დაუწესეს.

„ანალიტიკა“ ცდილობს შეხვედრის დეტალები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დააზუსტოს. მანამდე – გუშინ, ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში ეკონომისტმა გია ჯანდიერმა და ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა გააანალიზეს პერსპექტივა, რამდენად გასაგები შეიძლება იყოს, სებ–ის განმარტებები საქართველოს საერთაშორისო ფინანსური პარტნიორებისთვის.

-გიგა, ნათია თურნავამ თქვა ასეთი რამ, რომ მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, კონსულტაციები არ გამივლია არავისთან – მათ შორის, არც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ეს სუვერენული გადაწყვეტილებაა და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანილი წესი კრიტიკის საგანი ვერ გახდება. ამიტომ უკვე მოგვიანებით ავუხსნით საერთაშორისო სავალუტო ფონდს და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს ჩვენს გადაწყვეტილებას. ამ გადმოსახედიდან, კონტექსტის გათვალისწინებით, რა უნდა იყოს ეს განმარტება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები – რომლებიც დავინახეთ, რომ მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ამ ქვეყნისთვის, პანდემიამ ეს კარგად გვაჩვენა – რეალურად დარწმუნდნენ, რომ ეს არ არის ერთ ადამიანზე მორგებული გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო სანქციების აღსრულებას უკავშირდება და სებ–ი ინარჩუნებს თავის დამოუკიდებლობას?

-დიახ. უნდა განუმარტოს თავისი გადაწყვეტილებები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. აქ ინგლისური ჟარგონი უნდა გამოვიყენო – Good Luck! - რომ იტყვიან. მაგრამ ხომ ვიცით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ახლა ნათია თურნავა და სინამდვილეში, ამის განმარტებას ვერანაირად ვერ შეძლებს. ისიც ვიცით, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს მოხდა სწორედ წნეხის შედეგად. რასაც ქალბატონი თურნავა გვთავაზობს არის, დავიჯეროთ, რომ მას ეს აზრი მოუვიდა მას შემდეგ, რაც კობახიძემ დასვა ეს საკითხი; ასევე, გვთავაზობს, დავიჯეროთ, რომ როდესაც პირველად ინსტრუქციას იღებდა ეროვნული ბანკი, საერთაშორისო სანქციები ავტომატურად უნდა გავრცელდეს ქართული ბანკებიდან კლიენტებზეო, თურმე არ იცოდა, რომ შეიძლება, ეს ყოფილიყვნენ საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება ეს? – უცებ ეს კითხვა დაებადა ნათია თურნავას. ჩვენ ეს უნდა დავიჯეროთ? გვთავაზობენ, რომ ტრავმას ჩვენი ინტელექტის მიმართ შეურაცხყოფაც დავუმატოთ. ვარსებობთ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ამ საკენკის არ გვჯერა. ამ სანქციების მთელი არსი ხომ ის არის, რომ რუსეთს იმ ბარბაროსული ომის წარმოებაში ხელი შეეშალოს. რუსეთისთვის ხელის შეშლის ერთ–ერთი გზა არის, რომ რუსეთს – მათ შორის, მიმდებარე ქვეყნებში – საეჭვო ეკონომიკური ტრანზაქციები შეეზღუდოს – ისეთები, რომლებიც რუსეთისთვის მასზე დაკისრებული სანქციების გვერდი ავლის საშუალებაა. ეს უნდა გართულდეს. ამისთვის არის ეს სანქციები. და რა – ამ სქემებში მოულოდნელია, რომ საქართველოს მოქალაქეც შეიძლება მონაწილეობდეს?

-გია, რამდენად შეიძლებოდა ჰქონოდათ მოლოდინი საერთაშორისო სავალუტო ფონდს და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, რომ სებ–ის კრიზისამდე შეიძლება მისულიყო საქმე, როდესაც საუბრობდნენ იმაზე, რომ კარგი იყო – საქართველოს მთავრობასთან არააფილირებული პირი გამხდარიყო ახალი პრეზიდენტი? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით როცა მიდიოდა საუბარი, მაშინ სსფ–სთან ერთად სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსაც მკაცრი რეკომენდაციები ჰქონდათ. ახლა ასე არ მოხდა – მხოლოდ სსფ–მ იაქტიურა. რატომ?

-მთავარი ამ ურთიერთობაში ის არის, რომ სავალუტო ფონდს უსმენს ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია. მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი აგებულია იმ პრინციპით, რომ სხვადასხვა ქვეყნებს თავიანთი წილი აქვთ და შესაბამისად – გავლენაც. ყველაზე დიდი გავლენა აქვს ამერიკას და ცხადია, მისგან წასული სიგნალი მერე ყველგან შევა, როგორც გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ საქართველოსთან ურთიერთობებში იწყება ახალი ეტაპი – რომ არ გავამძაფროთ სიტუაცია – რომელიც სულ მცირე სიფრთხილეს გულისხმობს. ასეთი სიგნალი ბევრი იყო, გეთანხმებით – ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაწყებული. მე, მაგალითად, მისიის ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა მითხრა, როდესაც საპენსიო რეფორმისთვის კონსტიტუცია შეცვალეს, ჩვენ წინააღმდეგი ვიყავითო. კონსტიტუცია შეცვალეს თავიანთი უბადრუკი საპენსიო რეფორმისთვის, რომლის შედეგებიც კიდევ წინ დაგვხვდება. ამაზე დიდი სიგნალი რა უნდა ყოფილიყო. ორი რამ შეცვალეს: საპენსიო შენატანი არ არის გადასახადი და გადასახადების ზრდის შეზღუდვა 2027 წლიდან გაუქმდება. ყველა ხელისუფლება ირგებდა თავის თავზე კონსტიტუციას, მაგრამ მთავარი ის არის, რომ აქ ჩანს რისკი, რომ ჩვენ წესრიგის მოყვარული ხალხი არ ვართ და ჩვენგან შორს უნდა დაიჭირონ თავი. ეს არის ყველაზე მთავარი: ჩვენ შევეჩვიეთ, რომ შეგვიძლია ჩვენი კონსტიტუცია როგორც გვინდა გადავწეროთ, გადმოვწეროთ და როგორც გვინდა ისე გამოვიყენოთ. მსოფლიო ახლა ძირითადად ორ ნაწილად იყოფა: ქვეყნები, რომლებიც პატივს სცემენ კანონის უზენაესობას და რომლებიც არ სცემენ. აქეთაა დასავლეთი, იქითაა რუსეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები. ჩვენ, უკაცრავად, ვეტენებით იქ, სადაც კანონის უზენაესობა არ არის. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს დასავლეთს ჩვენგან?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები