მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს იყო სტიქია" - რამ გამოიწვია წყალმომარაგების კრიზისი კურორტებზე - ინტერვიუ ეკატერინე გალდავასთან

5e1323860e647
შოთა ტყეშელაშვილი
06.01.20 16:33
1826
2020 წელს საქართველოს ზამთრის კურორტები წყალმომარაგების პრობლემით შეხვდნენ. არაერთი სასტუმროს დამსვენებლებმა შექმნილი ვითარების გამო ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღეს. გაერთიანებული წყალმომარაგების სისტემის ინფორმაციით, დღეს ვითარება საგრძნობლად არის გაუმჯობესებული. მათი ინფორმაციით, ბაკურიანში აბონენტთა 90%-ს წყალი უკვე შეუფერხებლად მიეწოდებათ, თუმცა, როგორც ბაკურიანში, ასევე გუდაურში კვლავ რჩება მსხვილი ობიექტები, რომელთაც ამ დრომდე არ აქვთ წყალი. მათ შორისაა გუდაურში "რედკოს დასახლება", სადაც წყალმომარაგება ამ დრომდე არ აქვთ. 

კრიზისის გამომწვევი მიზეზებისა შესახებ BMG გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალურ დირექტორს ეკატერინე გალდავას ესაუბრა. გალდავას თქმით, მთავარი მიზეზი, რის გამოც წყლის დეფიციტი შეიქმნა, კომპანიის სათავე ნაგებობაში წყლის მიწოდების მკვეთრი შემცირება იყო. ეკატერინე გალდავას თქმითვე, თუ 2019 წლის დეკემბერში სათავე ნაგებობა წამში 180 ლიტრის მოცულობის წყლით ივსებოდა, 31 დეკემბერს არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო წამში 65 ლიტრამდე შემცირდა. ეკატერინე გალდავას თქმით, ბაკურიანში კიდევ ერთ პრობლემას უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოც წარმოადგენს. სათავე ნაგებობის შევსების გაუმჯობესებისთვის 2017 წელს კონტრაქტი გაფორმდა კომპანიასთან, რომელსაც 12-კილომეტრიანი მილსადენი და სატუმბი სადგური უნდა აეშენებინა. ეკატერინე გალდავა ამბობს, რომ “არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორის მიერ არაკეთილსინდისიერად განხორციელებული პროექტი” პრობლემას წარმოადგენს და ამჟამად წყალმომარაგების კომპანია კონტრაქტორთან სამართლებრივ დავაშია.

ინტერვიუ ეკატერინე გალდავასთან:

- რამ გამოიწვია წყლის მიწოდების შემცირება და ამჟამად რა ვითარებაა როგორც ბაკურიანში, ასევე გუდაურში?

გუდაურში დღეს, უკვე გუშინდლიდან არის ნორმალური მდგომარეობა. ის პრობლემა, რაც სუბიექტური მიზეზების გამო - ესაა ცუდი კლიმატური პირობები ანუ მშრალი ყინვები, უთოვლო ამინდი, ამან იქონია გავლენა წყლის დებეტზე. ის გათვლა, რომელიც ჩვენ გვქონდა წლების განმავლობაში წყლის დებეტზე, ვერ გამართლდა. ამას ნამდვილად ვერ გათვლიდნენ, ეს იყო სტიქია. განახევრებული წყლის რაოდენობა იყო სათავე ნაგებობაში. თუმცა, ფორსმაჟორულ ვითარებაში მივიღეთ გადაწყვეტილება და დავამატეთ ახალი წყარო და მდინარიდან გადავიყვანეთ. ჩვენი ტექნიკური ჯგუფები ყინვაში, მუდმივ რეჟიმში მუშაობდნენ. გუშინ საღამოდან ახალ დასახლებას უკვე მოუგვარდა პრობლემა.

რაც შეეხება ბაკურიანს, ბაკურიანშიც მინდა გითხრათ, მძიმე კლიმატური პირობებია. ჩვენ ვიცოდით, რომ ნაკლებობა იქნებოდა წყლის, ვინაიდან ეს არ არის პირველი წელი. ბაკურიანის განაშენიანება ბევრად უფრო დიდი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე არსებული წყლის სისტემა, რომელი ბაკურიანში არის. აქედან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ დღეს  სასტუმროების და მოსახლეობის 90%-ს მიეწოდება წყალი 24-საათიან რეჟიმში. არის პრობლემები რამდენიმე სასტუმროში. ძირითადად სადაც იყო პრობლემები, ჩვენ გავაფრთხილეთ მენეჯმენტი, რათა მზაობა ყოფილიყო და ამ ტიპის პრობლემები არ ჰქონოდათ. გამომდინარე აქედან, ჩვენ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობთ მოვუგვაროთ ეს პრობლემა და მიგვაქვს წყალი, მათ ვისაც აქვს რეზერვუარი. ასევე არის თავად სასტუმროს შიდა ქსელით გამოწვეული პრობლემა და არა წყალმომარაგების კომპანიის ქსელის პრობლემა. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვმუშაობთ წყლის დებეტის გაზრდაზე.

ამასთან, ბაკურიანში პრობლემა შექმნა არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორის მიერ არაკეთილსინდისიერად განხორციელებულმა პროექტმა. ვცდილობთ რამენაირად წყლის დებეტი მოვაგვაროთ. გუშინ ღამეც ვმუშაობდით და გარკვეულ ტექნიკურ სამუშაოებს ვასრულებდით. დღის მეორე ნახევარში უფრო გვეცოდინება რამდენად შევძლებთ წყლის დებეტის რაოდენობის გამოყენებას.

- რა ინფრასტრუქტურა უნდა აეშენებინა ამ კონტრაქტორს?

კონტრაქტორს დამატებით უნდა გაეკეთებინა ინფრასტრუქტურა. უნდა გაეჭიმა მილი, დაახლოებით, 12 კმ სიგრძის მილსადენი. ახალი სათავე ნაგებობიდან უნდა წამოეყვანა მას წყალი, აეშენებინა სატუმბი სადგური და ამ სატუმბი სადგურის მეშვეობით უნდა შევსებულიყო წყალი ჩვენს რეზერვუარში. ამით გაიზრდებოდა დებეტი.  2017 წელს მოხდა ტენდერის მეშვეობით დაკონტრაქტება, ზუსტად არ მახსოვს. ჩვენი მხრიდან ამ საკითხზე დავა მიმდინარეობს.

- თქვენ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თქვენ სასტუმროები მოსალოდნელი დეფიციტის შესახებ გააფრთხილეთ. როდის მიიღეს სასტუმროებმა თქვენგან აღნიშნული გაფრთხილება?

ეს გაფრთხილება ყოველთვის მიმდინარეობდა, მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ასეთი ტიპის შიდა მოწყობები მათ ვერ გამოადგებოდათ. ასე ვთქვათ დეკემბერშიც იცოდნენ, ზაფხულშიც იცოდნენ, შარშანაც იცოდნენ. აღნიშნული მიმოწერის ნახვაც შეგიძლიათ.

 - რადგანაც მოლოდინი არსებობდა თქვენთან, რომ ეს შემცირება იქნებოდა, რატომ არ შეავსეთ აღნიშნული სათავე რეზერვუარი? წყალმზიდებით, მაგალითად სხვა, მიმდებარე რეგიოენბიდან?

- მოლოდინი ნამდვილად არ არსებობდა, ჩათვალეთ რომ ეს იყო სტიქია... წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ასეთი მარტივი თემა არ არის და მინდა გითხრათ, რომ წყალმზიდით რეზერვუარის შევსება ყველა შემთხვევაში მიღებული არ არის, რადგან წყალმზიდის რეზერვუარს აქვს თავისი წნევის დაჭერის შესაძლებლობა და როდესაც წყალი მიეწოდება მოსახლეობას, მაშინ უნდა გადავიდეთ გრაფიკზე, რათა დაიჭირო გარკვეული დონე. ამიტომ ამ შემთხვევაში უკეთესია ხოლმე, რომ ჩავასხათ იმ სასტუმროთა ცისტერნებში, რომელთაც აქვთ თავისი რეზერვუარები. თავად სათავე რეზერვუარში ჩასხმა ერთ პერიოდში ხდება, როდესაც წყალი იკეტება, ეს ღამის საათებში ხდებოდა ხოლმე. რომ ჩაასხა წყალი რეზერვუარში, ის წყალი მოხმარება როდესაც არის, ხომ იცლება, ამიტომ ახლა ეს გამართლებული არ არის.

- რამდენ პროცენტიან დეფიციტზე არის საუბარი?

- დებიტის შემცირება ჩათვალეთ იყო განახევრებული, 120 ლიტრი წამში გვქონდა დეკემბერში ანუ მოცულობა რაც რეზერვუარში შედიოდა. ჩვენ, დეკემბერში განვახორციელეთ სამუშაოები და გავზარდეთ 180 ლიტრ წამამდე, მაგრამ წარმოიდგინეთ, 65 ლიტრ წამამდე იყო დაცემული ამ დღეებში. ნახევარზე ნაკლები აღმოჩნდა დებეტი კლიმატური პირობების გამო.

- არის თუ არა თქვენთვის დამტკიცებული წყლის ტარიფი საკმარისი, რათა ინფრასტრუქტურის განვითარებაში საჭირო ინვესტიციები განახორციელოთ?

- ტარიფებს ადგენს სემეკი, ჩვენ ვართ ოპერატორი, რომელიც წყალს აწვდის. ტარიფის დადგენა წარმოადგენს სემეკის პრეროგატივას, ამის მიხედვით დგინდება ტარიფი და ტარიფები, რომლებიც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების სისტემაში არსებობს, ეს არის 41 განსხვავებული ტარიფი. ეს ტარიფები არის დადგენილი დაახლოებით, 2009-2010 წლებში მუნიციპალიტეტების მიერ. ჩვენ არ მიგვიმართავს ტარიფის ცვლილების, გაზრდის შესახებ. სხვადასხვა ტარიფებია. იცით, რომ ზოგან სულადობრივი ტარიფი, ზოგ შემთხვევაში არის მრიცხველის ტარიფი, არის იურიდიული ტარიფი და სხვა.

- გვაინტერესებს, მარაგდება თუ არა გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების სისტემა სასმელი წყლის სისტემიდან?

- არა, წყლის მიწოდების სისტემიდან არ ხდება გათოვლიანების სისტემის მომარაგება.