მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს შეზღუდვა ბანკებთან კონკურენციას გაართულებს - MBC მიკრობანკებისთვის სავალუტო სესხების აკრძალვაზე

62d56a17d19f3
შოთა ტყეშელაშვილი
23.07.22 19:20
818
“ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული შეზღუდვა გაართულებს მიკრობანკებისთვის ბანკებთან კონკურენციას,” - განაცხადა მირკოსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის დამფუძნებელმა გია პეტრიაშვილმა გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში. პეტრიაშვილის განმარტებით, მიკრობანკების შესახებ სებ-ის მიერ მომზადებული პირვანდელი კანონპროექტი ამ ორგანიზაციებს სავალუტო კრედიტების გაცემას არ უკრძალავდა, თუმცა კანონპროექტის უკანასკნელი რედაქციიდან გაირკვა, რომ მარეგულირებელმა მათ ეს უფლება შეუზღუდა.

მიკრობანკების კანონმდებლობის შემუშავებაზე ეროვნული ბანკი მუშაობს. არსებული პროექტის მიხედვით, მიკრობანკები იქნებიან მისო-ებსა და კომერციულ ბანკებს შორის მდგრადი ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ორივე დაწესებულების ფუნქციებს გააერთიანებენ. განსხვავებული იქნება მიკრობანკების მარეგულირებელი ჩარჩოც. მაგალითად, თუკი კომერციული ბანკის ლიცენზიის მისაღებად 50 მილიონი ლარის კაპიტალის ფლობდაა აუცილებელი, ხოლო მისო-სთვის კაპიტალის მოთხოვნა 1 მილიონი ლარია, მიკრობანკებს ლიცენზიის მისაღებად 10 მილიონი ლარის საწესდებო კაპიტალი დასჭირდებათ.

ლიმიტირებულია მიკრობანკის მიერ გასაცემი სესხის მაქსიმალური ოდენონბაც, რაც მაქსიმუმ 1 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

“კანონპროექტი, რომელიც სებ-მა გაგვაცნო იქ იგულისხმებოდა, რომ 200,000 ლარს ზემოთ როგორც ბანკებს მიკრობანკებსაც ექნებოდათ უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, სულ ბოლო რედაქციაში, რომელიც ვიხილეთ სებ-ის საიტზე, გაჩნდა ჩანაწერი, რომ სესხების გაცემა უნდა იყოს მხოლოდ ლარში. იმის მიუხედავად, რომ სამოქალაქო კოდექსით 200,000 ლარს ზემოთ სესხების გაცემა არის შესაძლებელი, მიკრობანკებს ეს უფლება არ ექნებათ, რაც არის გულდასაწყვეტი იმიტომ, რომ ეს ნამდვილად არ ჩააყენებს მიკრობანკებს და არ გვაყენებს ეს თანაბარ კონკურენტულ მდგომარეობაში. ისედაც ბანკებს საკმაოდ ბევრი კონკურენტული უპირატესობა ექნებათ მიკრობანკებთან მიმართებით და მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული შეზღუდვა გაართულებს მიკრობანკებისთვის კონკურენციას.

გახსოვთ, რომ ადრე იყო მსჯელობა და ექსპერტების მონაწილეობით შეჯერდნენ 200 ათასიან ზღვარზე. რატომ უნდა მოხდეს საკმაოდ მცირე სეგმენტისთვის, ფინანსური ბაზრის რაც შეიძლება იყოს 1-1.5% საფინანსო სექტორის და რატომ უნდა იყოს სექტორის 1.5% შეზღუდული და რა ეფექტს მოუტანს ამ სეგმენტს გატარებული ლარიზაცია.

თუკი ეს მთლიანად საფინანსო სექტორისთვის იქნებოდა, ეს სამოქალაქო კოდექსით უნდა მომხდარიყო და ეს ყველა მოთამაშისთვის ერთიანი პირობა იქნებოდა.

თავის დროზე როდესაც საუბარი იყო რეგულაციაზე ნათქვამი იყო, რომ 200,000 ლარი არის ის თანხა, როდესაც მსესხებელი არის გათვითცნობიერებული მსესხებელი. აქედან გამომდინარე, მე პირადად ვემხრობი ამ ზღვარის 200,000 ლარზე დატოვებას.

მიკრობანკების კანონი იყო უკვე აუცილებელი, რადგანაც ჩანდა, რომ რამდენიმე მისო თავისი ზომით და განვითარებით უკვე ჭერს მიებჯინა და უფრო წინ ვეღარ მიიწევდნენ. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ პროგრესი გაგრძელდება და ამ მიკროსაფინანსოების მიკრობანკებად გარდაქმნის შემდეგ ადგილი არ დარჩება ცარიელი და ისინი რომლებიც ახლა შემდეგში არიან გაიზრდებიან,” - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.

2022 წლის მდგომარეობით, საქართველოში სულ 38 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. მთლიანობაში 2022 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, მისო-ების აქტივები 1.64 მილიარდი ლარია, ხოლო მათი საკრედიტო პორტფელი 1.39 მილიარდია. ამ სესხებს შორის 690 მილიონი ლარი სალომბარდე სესხებზე; 270 მილიონი სამომხმარებლო სესხებზე; ვაჭრობის დაფინანსების სესხებზე 228 მილიონი; სოფლის მეურნეობაზე კი 128 მილიონი ლარი მოდის.

2022 წელი მიკროსაფინანსო სექტორმა ჯამურად 28.5 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაიწყო.