მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MBC: რეფინანსირების განაკვეთის კლება მიკროსაფინანსოების სესხებსაც გააიაფებს

მისო

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინში არიან, რამაც თავის მხრივ, მათ მიერ ლარში გაცემული სესხები უნდა გააიაფოს.

როგორც MBC-ის გენერალურმა დირექტორმა, გია პეტრიაშვილმა BMG-ის განუცხადა, მონეტარული პოლიტიკის შერბილების კვალდაკვალ საპროცენტო განაკვეთები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებზეც შემცირდება, რაც საკრედიტო აქტივობას დააჩქარებს.

თუმცა მისი თქმით, მისოებისთვის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს, გლობალურად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები, რადგან კომპანიებისთვის დაფინანსების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი წყარო სწორედ საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული უცხოური ვალუტის რესურსია.

„სამწუხაროდ, მთელი გასული პერიოდი ფულის ფასი მაქსიმალურ ნიშნულზე იყო და ეს მაღალი ინფლაციით იყო გამოწვეული. თუმცა ეს ვითარება უკვე მოითოკა და ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებშია. მე იმ ოპტიმისტების რიცხვში ვარ, ვინც რეფინანსირების განაკვეთის შემდგომ კლებას ელოდება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დადებითი იქნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების გაიაფების კუთხითაც. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ შეგვიმცირდეს ფულის ფასი და ამ გზით შემცირდეს საპროცენტო განაკვეთებიც. განაკვეთების კლებამ ხელი უნდა შეუწყოს საკრედიტო აქტივობის ზრდასაც. თუმცა მიკროსაფინანსოებს დაფინანსების მეორე წყაროც გვაქვს. კერძოდ, რესურსს ასევე ვიზიდავთ უცხოური ბაზრებიდან, სადაც განაკვეთები ჯერჯერობით კვლავ მაღალ ნიშნულზეა. თუმცა აქაც არსებობს, მოლოდინი, რომ ეტაპობრივი კლება ზაფხულიდან უნდა დაიწყოს“, - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე წლის 31 იანვარს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 9%-მდე შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა მომავალ კვირას, 13 მარტს ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები