მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიტანეს თუ არა მისო-ებმა მიკრობანკებად გარდაქმნის განაცხადები - ნათია თურნავას პასუხი

ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, სებ-მა უკვე დაასრულა მიკრობანკებთან დაკავშირებულ კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობა და ამჟამად ამ ფინანსური ორგანიზაციების დარეგისტრირებისთვის იურიდიული ბაზა უკვე მომზადებულია. BMG-ის კითხვაზე, გამოთქვეს თუ არა მისო-ებმა ამ ლიცენზიის მიღების სურვილი, ნათია თურნავა პასუხობს, რომ ჯერჯერობით შესაბამისი განაცხადი სებ-ში შესული არაა.

ნათია თურნავას განცხადებით, მიკრობანკებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსაც, რომლებიც ამ ახალი ორგანიზაციებისთვის ფინანსური რესურსების გამოყოფის თაობაზე ფიქრობენ.

“პოზიტიური იმედები და მოლოდინები გვაქვს, რომ ეს ახალი ჩარჩო, რომელიც შევთავაზეთ საფინანსო სისტემას იქნება ათვისებული. ეს არის მიკრობანკის ახალი ცნება, ახალი კატეგორიის ლიცენზია, რომელიც იქნება შუალედური ორგანიზაცია, უფრო დიდი და უფრო გამართული ვიდრე მიკროსაფინანსო, მაგრამ უფრო მცირე ვიდრე ჩვეულებრივი ბანკი საზედამხედველო კაპიტალის თვალსაზრისითაც ხუთჯერ უფრო ნაკლები მოთხოვნა არის, ვიდრე ჩვეულებრივი ბანკის შემთხვევაში. აქვს გარკვეული შეზღუდვები, თუმცა არის უფრო მაღალი დონის ორგანიზაცია მიკროსაფინანსოებთან მიმართებით. მათ მიეცემათ საშუალება, რომ მოსახლეობისგან მოიზიდონ დეპოზიტები, ასევე სესხების მოცულობის ზრდაც შეეძლება რადგან ერთ მსესხებელზე სესხების დასაშვები ოდენობა არის გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე მიკროსაფინანსო სფეროში. ამ ორგანიზაციებს ჩვენი შეფასებით ექნებათ მეტი პერსპექტივა რომ საერთაშორისო ინვესტორები მოიზიდონ და არის დიდი დაინტერესება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან რომ ითანამშრომლონ მიკრობანკებთან და გააფართოონ საკუთარი პორტფელი ბაზარზე და თავისი სიტყვა თქვან მსხვილ ბანკებთან კონკურენციაში.

მქონდა შეხვედრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციასთან. ყველა ნორმატიული დოკუმენტი მზად არის, ასევე მზად ვართ მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ გარკვეული რეკომენდაციები იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე ორგანიზაცია შემოიტანს. ჯერჯერობით განაცხადი შემოტანილი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენც ახლა დავასრულეთ ნორმატიული აქტების მიღება და დამუშავება, ვინაიდან ახალი სფეროა. ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს. მოლოდინი არის პოზიტიური და არის სურვილი მხოლოდ განმარტებების თუ როგორ იმუშავებს ესა თუ ის ასე ვთქვათ რეგულაცია,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ცნობილია მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვების სურვილი აქვთ მისოებს “MBC”-ის, “კრისტალს” და სხვა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები