მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს სოციალური დახმარების პაკეტია და არა აგროსექტორის განვითარების - რუსუდან გიგაშვილი

5ebac94a93d7d
სალომე მეცხვარიშვილი
12.05.20 22:20
2161
ორგანიზაცია “მომავლის ფერმერის” ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს, რომელიც სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას ითვალისწინებს და რომლისთვისაც 300 მილიონი ლარია გამოყოფილი.

რუსუდან გიგაშვილი ფიქრობს, რომ პროგრამა ძირითადად მცირე ფერმერებზეა მორგებული და უფრო სოციალური დახმარების შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე აგროსექტორის წახალისების.

“ეს არის უფრო სოციალური დახმარების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ამას ვერ დავარქმევ აგრობიზნესის მხარდამჭერ პროგრამას, იმიტომ, რომ იგივე დღგ-ს ნაწილში საუბარი იყო მცირე ფერმერების მხარდაჭერაზე და არ იყო მსხვილებზე, ამ დროს ამ ნაწილში დახმარებას ყველაზე მეტად ითხოვდნენ სწორედ მსხვილი საწარმოები.

ველოდებოდი, რომ იქნებოდა მეფრინველეობის დარგის დღგ-სან გათავისუფლების საკითხზე საუბარი, ასევე მერძევეობის დარგის დღგ-სგან გათავისუფლების სქემა და ა.შ. ანუ ის საკითხები, რასაც ბიზნესი აგროსექტორში ითხოვს, რათა დადოს მშპ-ში უფრო მეტი წილი, უფრო მეტად იყოს წახალისებული ადგილობრივი წარმოება და ექსპორტი - ეს მე ვერ დავინახე”,- აცხადებს გიგაშვილი.

ამასთან, მისი თქმით, პრობლემატური იქნება ყოველ 1 ჰა მიწის ფართობზე ფერმერებისთვის 200-ლარიანი ვაუჩერების დარიგებაც. რუსუდან გიგაშვილი ფიქრობს, რომ ვაუჩერები წინა წლების მსგავსად, შესაძლოა, არადანიშნულებისამებრ გამოიყენონ და მათი გადაყიდვაც კი მოხდეს.

“ხომ არ მოყვება ამ ყველაფერს ისედაც ძალიან დანაწევრებული სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო ფრაგმენტაცია? ამის მაგალითები გვაქვს, როდესაც წლების წინ სახელმწიფომ ზუსტად ვაუჩერების სისტემით დაიწყო ტექნიკასა თუ საწვავის გაცემა. იმისთვის, რომ უფრო მეტს მიეღო დახმარება ოჯახებიც კი გაიყო ამის გამო - ძმა-ძმას გაემიჯნა, მშობელი ცალკე დარეგისტრირდა და შვილი ცალკე, რათა მეტი ვაუჩერი მიეღოთ.

იყო პრეცედენტები, როცა მიღებული დახმარება გადაყიდეს - ამის საპრევენციოდ რა მექანიზმი ექნება მთავრობას, ეს ვერ მოვისმინე.

სახელმწიფო ამბობს, რომ ის დაეხმარება დღეს უკვე რეგისტრირებულ ფერმერსაც და მასაც, ვინც დარეგისტრირდება 2020 წლის ბოლომდე. ჩვენი სუსტი მხარე კი, რაც გვაქვს, რატომაც ვერ ვვითარდებით როგორც აგრობიზნესი, არის ის, რომ ვერ გავმსხვილდით და ეს გეგმა გამსხვილებას არ ითვალისწინებს”,- აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.

მისი თქმით, პრეზენტაციაზე მხოლოდ 300 მილიონლარიანი ბიუჯეტის ხარჯვაზე იყო საუბარი, მაგრამ არაფერი თქმულა, როდის დაიდება რეალური შედეგი და რა გავლენა ექნება ამ თანხების დახარჯვას სოფლის მეურნეობაზე.

“ველოდები, რომ სახელმწიფო დადებს უფრო ღრმა ანალიზს - დავხარჯეთ 300 მილიონი და როდის იქნება შედეგი, როდის იქნება ამონაგები, რა შეიცვლება სოფლის მეურნეობაში? ეს არის სოციალური აქტი და მოსახლეობას ვეხმარებით, თუ ეს არის ეკონომიკაში კონკრეტული შედეგების დასადებად”,- აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.