მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გახდა

62a1a2cfb5b0e
შოთა ტყეშელაშვილი
09.06.22 11:38
22878
საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ $568 მილიონი დოლარი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ეს თანხა 4.3-ჯერ მეტია. მეტიც, ინვესტიციების ეს მოცულობა სტატისტიკის აღრიცხვის დაწყებიდან რეკორდულად დიდია.

ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ესპანეთიდან შემოვიდა, რამაც $196 მილიონი დოლარი შეადგინა. bm.ge-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ესპანეთიდან უმსხვილესი ინვესტორია კომპანია "აკვალია საქართველო", რომლის 100%-იან წილსაც წყალმომარაგების სფეროს უმსხვილესი მოთამაშე Aqualia ფლობს. 

გარიგება 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდა და მის ფარგლებში Aqualia-მ თბილისის წყალმომააგებაზე პასუხისმგებელი GWP შეისყიდა. კომპანიის 80%-იანი წილის სანაცვლოდ ინვესტორმა $180 მილიონი დოლარი გადაიხადა. მთლიანობაში GWP-ის აქტივების ღირებულება 225 მილიონი დოლარია და Aqualia 2025-2026 წლებში კომპანიის დარჩენილი წილის გამოსყიდვასაც გეგმავს. 

თავად Aqualia წყალმომარაგების სისტემებს 17 ქვეყანაში მართავს და ამ მაჩვენებლით ევროპაში მესამე ადგილს იკავებს. მხარეთა შორის გარიგების შესახებ ცნობილი 2021 წლის 31 დეკემბერს გახდა და ის ოფიციალურად 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდა. 

ტოპ ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

1) ესპანეთი - 196 მილიონი დოლარი, მატება 98,000%;
2) დიდი ბრიტანეთი - 87.2 მილიონი დოლარი, კლება 1.4%;
3) თურქეთი - 67.1 მილიონი დოლარი, მატება 130%;
4) ჩინეთი - 36.4 მილიონი დოლარი, მატება 12,030%;
5) ნიდერლანდები - 33.6 მილიონი დოლარი, მატება 500%;
6) აშშ - 31.7 მილიონი დოლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ინვესტიციები მინუს 59.8 მლნ იყო;
7) მარშალის კუნძულები - 18.3 მილიონი დოლარი, მატება 154%;
8) მალტა - 10.2 მილიონი დოლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ინვესტიციები მინუს 11.9 მლნ იყო;
9) გერმანია - 9.2 მილიონი დოლარი, მატება 26%;
10 ) დანარჩენი ქვეყნები - 78.5 მილიონი დოლარი, მატება 17%.

წამყვან ინვესტორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, რაც სავარაუდოდ განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს სამი უმსხვილესი საფინანსო ჰოლდინგი იურიდიულად სწორედ ბრიტანულ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია “თიბისიზე”, “საქართველოს ბანკსა” და “საქართველოს კაპიტალზე”. რეიტინგში ასევე შედიან ოფშორული ზონებიც, მათ შორის მალტა და მარშალის კუნძულები, რომლებსაც ქართული კომპანიები ასევე რეინვესტირებისთვის იყენებენ.

$568-მილიონიანი FDI-დან $318 მილიონი დოლარი არსებული კომპანიების რეინვესტიციებს წარმოადგენდა, რაც ინვესტიციების 56%-ია.

2022 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკა/წყალმომარაგების სექტორში განხორციელდა და 236.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი - 111.1 მლნ. აშშ დოლარით (19.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 81.3 მლნ. აშშ დოლარით (14.3 პროცენტი).

მშენებლობის სფეროში 19.1 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციები, ტურიზმში კი 12 მილიონი დოლარის ინვესტიციები ჩაიდო.