მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს McDonald’s-ს საქართველოში?

62d7e46fc17a5
შოთა ტყეშელაშვილი
20.07.22 15:44
3742
"McDonald’s საქართველომ" 2021 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც კომპანიის მიერ გასულ წელს მიღებულ შემოსავლებს და განხორციელებულ პროექტებს ასახავს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს “მაკდონალდსმა” შემოსავალი 44%-ით, 136.5 მილიონ ლარამდე გაზარდა. პანდემიური ვითარების მიუხედავად, კომპანიამ შემოსავალთან ერთად საკუთარი მოგების მაჩვენებელიც გააუმჯობესა და შარშან 17.6 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

საქართველოში “მაკდონალდსის” რესტორნების ფრენჩაიზის მფლობელია კომპანია “თ და კ რესტორნები“, რომელიც 1997 წლის 16 დეკემბერს დაარსდა. 2020 წლის მდგომარეობით, კომპანია საქართველოში ფლობს 20 რესტორანსა და ერთ ლოგისტიკურ ცენტრს. ჯგუფი მთლიანობაში 1400-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

“მაკდონალდს საქართველო" აღნიშნავს, რომ გასულ წელს 7,539,494 მომხმარებელს მოემსახურნენ. ამასთან, მათი შემოსავლების ზრდაში მიტანის სერვისი განსაკუთრებულ როლს თამაშრობს.

“მიუხედავად 2021 წელს კოვიდპანდემიის ფარგლებში არსებული შეზღუდვებისა, კომპანიის სტუმრების რაოდენობა 16%-ით, ხოლო შემოსავალი 44%-ით გაიზარდა. აღნიშნული პროგრესი ძირითადად გამოწვეულია ტრანზაქციების ზრდით, რის უკანაც თავის მხრივ დგას კომპანიის საოპერაციო გუნდი, მარკეტინგი და მენეჯმენტის ეფექტური მუშაობა.

დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2018 წლიდან "მაკდონალდს საქართველომ" საკვების ადგილზე მიტანის სერვისი დანერგა, 2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დელივერის არხის გაყიდვების კუთხით. ზრდის ტრენდი 2021-შიც შენარჩუნდა, დელივერის წილი განსაკუთრებით მაღალი იყო პირველ კვარტალში, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე,” - ნათქვამია “მაკდონალდსის” ანგარიშში.

ფინანსურ ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია კომპანიის ხარჯების შესახებაც. გასულ წელს კომპანიამ 60.6 მილიონი ლარი საკვები პროდუქტების მასალებზე დახარჯა, თანამშრომელთა ხელფასები 20 მილიონი ლარი, სხვა საოპერაციო ხარჯები 24 მილიონი ლარი, როიალტის ღირებულება 8.9 მილიონი ლარი, ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი კი 9.1 მილიონი ლარი იყო.

ფინანსურ ანგარიშში ასევე საუბარია "ბრედფილდის" ქარხანაზეც, რომელიც 2021 წელს გაიხსნა. 26-მილიონიანი ინვესტიით აშენებული ქარხანა არამხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ უკვე აზერბაიჯანისთვის აწარმოებს ბურგერის ფუნთუშებს.

“2018 წელს „მაკდონალდს საქართველოს“ სამომავლო განვითარებისთვის თიბისი ბანკის ჩართულობით, EBRD-დან 20 მილიონი ევრო გამოეყო. კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმა, ორიენტირებულია მაქსიმალურად მოხდეს თბილისისა და საქართველოს საბაზრო არეალის დაფარვა, რათა მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს კომპანიის მომსახურების მიღება.

პარალელურად მიმდინარეობს არსებული რესტორნების ტექნოლოგიური განვითარება და განახლება, "მაკდონალდსის" საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, არსებული რესტორნებში ხდება სხვადასხვა ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა, რაც მომხმარებლის სტუმრობას უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის. სერვისის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კომპანიაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა და კიდევ იგეგმება მომავალშიც, კერძოდ, დაინერგა და ინერგება: თვითმომსახურების კიოსკები, მაგიდასთან მომსახურების სერვისი, მობილური აპლიკაცია და ადგილზე მიტანის სერვისი. მიუხედავად პანდემიისა, ყველა მიმართულებამ სრულად მოიცვა "მაკდონალდს საქართველოს" ქსელი 2020 წლის ბოლოსთვის და 2021 წელს წარმატებით განაგრძობს ოპერირებას,” - ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივების 90%-ს ბიზნესმენი თემურ ჭყონია, 10%-ს კი “მაკდონალდს საქართველოს” გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე ფლობენ.

კომპანიის აქტივების საერთო მოცულობა 148.4 მილიონი ლარია.