მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EUROCONTROL-მა ფრენების აღდგენის და ზრდის კუთხით, საქართველოს პროგნოზი გააუმჯობესა

60a783ce50f49
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.21 17:57
775
ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EUROCONTROL) საჰაერო მიმოსვლის პანდემიამდე არსებულ ნიშნულზე დაბრუნების და შემდგომი ზრდის კუთხით საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებლები გააუმჯობესა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ფრენების ეტაპობრივი აღდგენის ტენდენციები და COVID 19-ის ავიაციის სფეროზე უარყოფითი გავლენის შემცირების დინამიკა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა და EUROCONTROL-ის გენერალურმა დირექტორმა ორმხრივი ვიდეოშეხვედრის ფარგლებში განიხილეს.

როგორც ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა იმონ ბრენანმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის კუთხით ბოლოდროინდელი მაჩვენებლები პოზიტიურია და როგორც აფრენა-დაფრენების რაოდენობის, ისე საჰაერო სივრცის გამოყენების კუთხით იმედისმომცემი ზრდა შეინიშნება.

EUROCONTROL-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, 2021 წელს, გლობალურ და ადგილობრივ დონეზე ვაქცინაციის პროცესის წარმატებით წარმართვის შემთხვევაში, საქართველოში ფრენები პანდემიამდე არსებულ ნიშნულს 2022 წელს დაუბრუნდება და მომავალ წელსვე 120%-მდე გაიზრდება, თუ ვაქცინაციის პროცესი 2022 წელს წარმატებით წარიმართება, საჰაერო მიმოსვლა გაუმჯობესებას 2023 წლამდე 105%-ით შეძლებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია გამწვავდება და ვაქცინაციის პროცესი დროში გახანგრძლივდება პირვანდელ ნიშნულს ავიაცია მხოლოდ 2024 წელს დაუბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ამავე ორგანიზაციის გასულ წლის პროგნოზებით, საქართველო 2019 წლის მაჩვენებლების გაუმჯობესებას 2023 წელს შეძლებდა.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ, რომელიც ამავე დროს EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტია, იმონ ბრენანს საქართველოს საავიაციო ბაზარზე არსებული ვითარება და ფრენების განახლების კუთხით განხორციელებული სამუშაოები გააცნო. მხარეებმა ევროპის რეგიონის საჰაერო მოძრაობის მიმდინარე და საპროგნოზო მაჩვენებლები მიმოიხილეს და დადებითად შეაფასეს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ ვაქცინირებული მგზავრების მიმართ სასაზღვრო რეგულაციების შემსუბუქების ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში შეინიშნება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ავიაციის სექტორის კრიზისიდან გამოყვანისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ეპიდსიტუაციის დასტაბილურებას, მგზავრების და საავიაციო პერსონალის გლობალურ დონეზე დროულ ვაქცინაციას ენიჭება.