მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ელჩი შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე: განვაგრძობთ პროექტის შესწავლას

5daee8bfafc7e
თელარა გელანტია
22.10.19 15:41
1057
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები კანონპროექტს დაინტერესებულ მხარეებთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ.

მისივე ცნობით, ბიზნეს ასოციაციის, პროფკავშირების, საერთაშორისო ორგანიზაციის, სამოქალაქო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მრგვალი მაგიდის ფორმატში, დეტალურად განიხილავენ ცვლილებათა პაკეტს და კანონპროექტის ინიციატორებს საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ. მსგავსი ფორმატის დისკუსიები რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ მხარესთან გაიმართება.

დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი თემა სამუშაო და დასვენების დროის რეგულირების საკითხია.

მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარე საჯარო განხილვას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰაცელი. მისი თქმით, ევროკავშირი მიესალმება მსგავს რეფორმებს საქართველოში და მზად არის, მაქსიმალურად ჩაერთოს ცვლილებების განხილვაში.

„ეს პროექტი მხოლოდ ერთეულ ადამიანებს არ ეხება. ეს არის საზოგადოებაზე მორგებული პროექტი, რომლის მთავარი პრინციპიც ადამიანის უფლებების დაცვა და პატივისცემაა. კანონპროექტი ადამიანს აძლევს განვითარებისა და თვითრეალიზების შესაძლებლობას. მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, მიხარია, რომ ამ საკითხზე დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ განვაგრძობთ კანონპროექტის შესწავლას და რამდენიმე კვირაში კვლავ შემოგიერთდებით განხილვებზე," - განაცხადა კარლ ჰაცელმა.

თავის მხრივ, როგორც კანონპროექტის ინიციატორი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, მსგავსი შეხვედრების მიზანი მოსაზრებათა გაჟღერება და პოზიციების მაქსიმალურად დაახლოებაა.

„გვჭირდება ერთის მხრივ დასაქმებულების ინტერესების, მეორეს მხრივ კი, დამსაქმებლების მოსმენა, მათი პოზიციების დაახლოება, რადგან შრომით ურთიერთობებში გადაწყვეტილებები მიიღება კონსულტაციების გზით. რამდენად შესაძლებელია ხედვების შეჯერება, ამას გვანახებს ეს დღეები, როცა ჩვენ გვექნება განხილვები. ყველა დაინტერესებული მხარე უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, გამოთქვას საკუთარი პოზიცია, თუ როგორ გავაუმჯობესოთ შრომითი გარემო ქვეყანაში. უნდა შეიქმნას გარკვეული მექანიზმები, რომლებიც შრომით უფლებებს დაიცავს და რაც მთავარია, ეს უნდა მოემსახუროს ბიზნესის განვითარებას, რადგან უფრო დაცული დასაქმებული უფრო პროდუქტიულ თანამშრომელს ნიშნავს," – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.