"ჩამორჩენები არის არა მხოლოდ შრომის კოდექსში, არამედ ზოგადად ამ სფეროში", - ასე აფასებს დიმიტრი ცქიტიშვილი ქართულ შრომით უფლებებს, რითაც ევროკავშირის ელჩის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, გაწევრიანების პროცესში მთავრობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის შრომის სტანდარტებისა და სოციალური დაცვის კუთხით არსებული აცდენების გამოსწორება მოუწევს.
ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ საკითხები: დეკრეტული შვებულება, სამუშაო დროის რეგულირება, ზეგანაკვეთური ზედა ზღვრის დაწესება, ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება.
"ისეთი საკითხები, როგორებიცაა: დეკრეტული შვებულება, რომელიც სრულიად არ შეესაბამება ევროპულ მინიმალურ მოთხოვნებს; სამუშაო დროის რეგულირება, ეს უნდა იყოს კვირაში 40 საათი; ზეგანაკვეთურის ზედა ზღვარი რამდენი შეიძლება იყოს, ეს არ უნდა იყოს 8 საათზე მეტი კვირაში; მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს; ასევე, რაც შრომის კოდექსს ცდება, ეს არის საპენსიო რეფორმა და უმუშევრობის დაზღვევა", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
"პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ არსებული გამოწვევები არ მოგვარდება, საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.
"სამწუხაროდ, ადამიანები ჯერ კიდევ კვირაში 66 საათს მუშაობენ. რაც გითხარით, ყველაფერი აუცილებლად გასაკეთებელია. ეს არ არის ის, რომ რომელიმეს გავაკეთებ, რომელიმეს - არა და წევრი გავხდები. თუ გინდა იყო წევრი, ყველა მიმართულება ევროპულ შესაბამისობაში უნდა მოიყვანო. რამდენად დიდი იქნება სახელმწიფო სტანდარტი სხვა საკითხია, მაგრამ საბაზო სტანდარტი უნდა იყოს. სხვანაირად [ევროკავშირის] წევრი ვერ გახდები", - განაცხადა მან.
საქართველომ შრომის კოდექსი 2020 წელს მიიღო. მაშინ დეპუტატები აცხადებდნენ, რომ კანონი ფუნდამენტური პაკეტი იყო, რომელიც ბევრ სიახლეს ითვალისწინებდა, მათ შორის, შრომის ინსპექციას და მისი სრული დატვირთვით ამოქმედებას.