მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვები მოქმედებს

5faaf1d2c3aba
თამთა ჯიჯავაძე
11.11.20 00:10
10702
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ-სახელმწიფოებსა და ევროპის სხვა ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისათვის ინფორმაციას ავრცელებს.

რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვები მოქმედებს საქართველოს მოქალაქეების შესვლაზე, იხილეთ დაწვრილებით:

ავსტრია – შეზღუდულია საქართველოს მოქალაქეების შესვლა. თუმცა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ ფლობენ ავსტრიის ბინადრობის ნებართვას ან გრძელვადიან ვიზას, უფლება აქვთ გამონაკლისი სახით, ტრანზიტული მიზნით ისარგებლონ ავსტრიის აეროპორტებით. ამისათვის მათ თან უნდა იქონიონ დანიშნულების ქვეყანაში გასამგზავრებელი საჭირო დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრებს უწევთ ტრანზიტული ზონის დატოვება, მათ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაცემული კოვიდ ტესტის შედეგი (PCR Test). აგრეთვე, დაიშვებიან სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით მიმავალი მგზავრები, თუ ისინი წარადგენენ აქტუალურ PCR-ტესტს და სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ შესაბამის ცნობას.

ნებადართულია ბიზნესმენების, ხელოვანებისა და სპორტსმენების ვიზიტების განხორციელება დადასტურებულ პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, რაც ასევე დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით.

სპეციალური განკარგულების თანახმად, გამონაკლისის სახით ავსტრიაში შემოსვლა შეუძლიათ ასევე ავსტრიის უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ქართველ სტუდენტებს, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ აქტუალური PCR-ტესტი და უნივერსიტეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (Studienzulassung).

ხსენებული შეზღუდვები მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე. ​

ბელგიის სამეფო – შეზღუდულია შესვლა. საქართველოდან ბელგიაში შესვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ბელგიური ეროვნული ვიზა ან ბინადრობის უფლება. სავალდებულო კარანტინი ბელგიაში შემცირდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებით და 1 ოქტომბრიდან არის 7 დღე, 14 დღის ნაცვლად. მგზავრმა უნდა შეავსოს აღნიშნული ფორმა წინასწარ: https://travel.info-coronavirus.be/fr/public-health-passenger-locator-form

ბოსნია და ჰერცეგოვინა – დაშვებულია, ტესტის პირობით.

ბოსნიისა და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 12 სექტემბრიდან, ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ტერიტორიაზე შესვლა შეეძლება ნებისმიერ უცხოელს. საზღვრის კვეთისას, მგზავრებმა უნდა წარადგინონ PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი. ტესტი უნდა იყოს ჩატარებული არაუგვიანეს 48 საათისა, ბოსნიისა და ჰერცეგოვინას მიმართულებით გამგზავრებამდე.

ბულგარეთი – დაშვებულია.

საქართველო შეყვანილია იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ კარანტინის/თვითიზოლაციის გარეშე შესვლა ქვეყნის ტერიტორიაზე, უშუალოდ საქართველოდან ან თურქეთიდან მგზავრობის შემთხვევაში. ასევე, ევროკავშირის/შენგენის სივრცის წევრი სახელმწიფოებიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრ საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლა, ტრანზიტის შემთხვევაში. მესამე ქვეყნებიდან/ის გავლით, მიმავალმა საქართველოს მოქალაქეებმა, ქვეყნის ტერიტორიაზე შესასვლელად, უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი შედეგის მაჩვენებელი ცნობა. ყველა სხვა ქვეყნიდან, მათ შორის მესამე ქვეყნებიდან, ქვეყანაში შესვლისას, სავალდებულოა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული COVID-19 ტესტის სერტიფიკატის წარდგენა (უარყოფითი შედეგით).

გაერთიანებული სამეფო – შეზღუდულია. მოქმედებს 14-დღიანი კარანტინი და თვითიზოლაცია.

ბრიტანეთში ნებისმიერი სახის ტრანსპორტით მიმავალმა პირმა ელექტრონულად უნდა წარადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია, კერძოდ, მისამართი, სადაც გაატარებს 14-დღიანი თვითიზოლაციის პერიოდს. მათთვის, ვისაც დასარჩენი ადგილი არ აქვს, მთავრობა „შესაბამის სივრცეს გამოყოფს“. ვინც აღნიშნული ზომების დაცვაზე უარს განაცხადებს, შესაძლოა ქვეყანაში არ შეუშვან. პოლიციას მიენიჭება უფლებამოსილება მიიღოს გამაფრთხილებელი ზომები, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოს ძალა. ყველა პირი, ვინც ამ საკარანტინო წესს დაარღვევს, შესაძლოა 1000 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდეს.

14-დღიანი სავალდებულო თვითიზოლაციის წესს არ ექვემდებარებიან ნებისმიერ ქვეყნიდან (მათ შორის საქართველოდან) მიმავალი შემდეგ კატეგორიებში შემავალი პირები:

პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალი;
სატვირთო ავტომანქანებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები;
კონკრეტული კატეგორიის „საკვანძო მუშახელი“;
დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები;
ირლანდიიდან, მენის კუნძულიდან და სრუტის კუნძულებიდან მომავალი პირები.

გერმანია – შეზღუდულია. 

9 ნოემბრიდან შეიცვალა რისკის ქვეყნებს მიკუთვნებული ქვეყნებიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლის წესები, რომელიც შეეხება როგორც საჰაერო, ისე საზღვაო და სახმელეთო საზღვრით შემავალ პირებს. რისკის ქვეყნებიდან გერმანიაში შესული პირები ვალდებულნი იქნებიან იყვნენ 10 დღე თვითიზოლაციაში კერძო ბინაში ან სასტუმროში. გერმანიაში შემოსვლამდე ისინი ვალდებულნი არიან ვებ-გვერდის www.einreiseanmeldung.de მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია. PCR ტესტის გაკეთება შესაძლებელი იქნება, როგორც წესი, მხოლოდ თვითიზოლაციის მე-5 დღიდან. ამდრომდე შესაძლებელი იყო საზღვარზე ნეგატიური 48-საათიანი კოვიდ ტესტის წარმოდგენით თვითიზოლაციის ჩანაცვლება. ამასთან, გამონაკლისები, მაგ. ტრანზიტული გავლა, ვიზიტი 72 საათამდე, ოფიციალური ვიზიტები, მაღალი რანგის დიპლომატების ვიზიტი და ა. შ. რეგულირებულია ცალკე ფედერალურ მიწების მთავრობათა მიერ ყოველ მიწაზე ინდივიდუალურად.

ტურისტული მიზნით მგზავრობა ნებადართული აღარ არის. 

შესვლაზე შეზღუდვა არ ვრცელდება:

პირებზე, რომელთაც გააჩნიათ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების და დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივი ბინადრობის უფლება;
ევროკავშირის, შენგენის, დიდი ბრიტანეთის, ისლანდიის, ნორვეგიის და ლიხტენშტეინის მოქალაქეების ოჯახის წევრებზე (მეუღლე, არასრულწლოვანი და დაუქორწინებელი შვილი, არასრულწლოვან პირთა მშობელი);
სხვა დანარჩენი პირებისათვის, შესვლა დაშვებული იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი;
მაღალკვალიფიციური მუშახელი;
სტუდენტები (რიგ შემთხვევაში).
ტრანზიტული გავლა გერმანიაში ევროკავშირის სხვა სახელმწიფოში, შენგენის წევრ-ქვეყანაში ან დიდ ბრიტანეთში შესასვლელად დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ:

არ არსებობს დანიშნულების სახელმწიფოში პირდაპირი შესვლის საშუალება;
გერმანიაში, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაში გავლის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს დანიშნულების სახელმწიფოში შესასვლელად საჭირო გონივრულ ვადას;
პირს გააჩნია დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ნებართვა.
ტრანზიტული გავლის დროს წარმოსადგენია 1,2, და მე-3 პუნქტებში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები (სახმელეთო ან საჰაერო სამგზავრო ბილეთი დანიშნულების ქვეყანაში და სხვა).

ზემოაღნიშნული პირობებით შესაძლებელია გერმანიაში ტრანზიტული გავლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით.

დანიის სამეფო – შეზღუდულია.

23 ოქტომბერს, დანიის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარი ჩაიკეტა საქართველოს მოქალაქეებისთვის. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნაში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში (worthy purpose). ამავდროულად, საზღვარზე უნდა წარადგინონ COVID19-ტესტი, ჩატარებული ბოლო 72 საათში.

ესპანეთი – შეზღუდულია.

ესპანეთის სამეფომ საქართველო ამოიღო ე.წ „მწვანე“ ქვეყნების სიიდან. ცვლილება ძალაში შედის 1 ნოემბრის 00:00 საათიდან.

შეიზღუდა უვიზო რეჟიმის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების შესვლა.

გამონაკლისით სარგებლობენ ქვემოთ მოცემული კატეგორიის მოქალაქეები:

• ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნების ან ანდორის ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეები რომელიც მიემართებიან საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე, ფლობენ ესპანეთის სამეფოში შემოსვლის უფლებას.

• ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნების გრძელვადიანი ვიზის მქონე მოქალაქეები, რომელიც მიემართებიან საცხოვრებელ ადგილზე, ფლობენ ესპანეთის სამეფოში შესვლის უფლებას, შესაბამისად, სტუდენტური და სამუშაო ვიზებიც შედის ამ კატეგორიაში.

მგზავრებმა ესპანეთში შემოსვლამდე 48 საათით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა ვებ-გვერდზე: https://www.spth.gob.es/ და მიღებული QR-კოდი წარადგინონ საზღვარზე. მგზავრებს ქვეყანაში შემოსვლისას აეროპორტში უზომავენ სიცხეს, ხოლო სიცხის აღმოჩენის შემთხვევაში გადაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებაში სადაც სახელმწიფოს ხარჯზე უტარდება COVID-19-ზე ტესტი. დადებითი პასუხის შემთხვევაში პაციენტი გადაყვანილი იქნება მის მიერ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მისამართზე, სადაც პაციენტი თვითიზოლაციის რეჟიმში იქნება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ესტონეთი – შეზღუდულია. 

ესტონეთში გამგზავრება შეეძლებათ მხოლოდ კორონავირუსის სიმპტომების არ მქონე შემდეგი კატეგორიის პირებს:

ტალინში აკრედიტებულ დიპლომატებს და მათი ოჯახის წევრებს;
სამთავრობო დელეგაციების წევრებს, რომლებიც ესტონეთში მიემგზავრებიან ოფიციალური მოწვევის საფუძველზე;
სამუშაო ან სასწავლო მიზნით მიმავალ პირებს (ექვემდებარებიან 14-დღიან თვით-იზოლაციას);
საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობით გათვალისწინებული მისიით მიმავალ პირებს;
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან გადაუდებელი დახმარების აღმოჩენაზე;
მგზავრთა გადამყვანი და ტვირთების გადამზიდავი საერთაშორისო სატრანსპორტო საშუალებების პერსონალს და პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებასა და ტექნიკურ გამართვაზე;
პირებს, რომლებსაც ეხებათ კრიტიკული სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
პირებს, რომელთა ესტონეთში შემოსვლა მიზნად ისახავს ესტონეთში მოქმედი კომპანიების ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებას, ტექნიკურ გამართვას ან საგარანტიო მომსახურებას, ასევე ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომელთა შესრულება აუცილებელია კომპანიის ოპერირების უზრუნველსაყოფად;
პირებს, რომლებიც კვეთენ ესტონეთის საზღვარს სამშობლოში დასაბრუნებლად;
პირებს, რომლებიც უშუალოდ ენათესავებიან ესტონეთის მოქალაქეს ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს;
სპორტული შეჯიბრებების, ასევე, საჯარო ღონისძიებების მონაწილეებს ან ორგანიზატორებს;
პირებს, რომლებსაც ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის სამსახურმა, სპეციალური აპლიკაციის საფუძველზე, მიანიჭა ესტონეთში შემოსვლის ნებართვა. (ექვემდებარებიან 14-დღიან თვით-იზოლაციას; ასეთი ნებართვა, როგორც წესი, გაიცემა გადაუდებელი ოჯახური მიზეზების გათვალისწინებით).

ირლანდია – ამ ეტაპზე, გაიცემა მხოლოდ გრძელვდადიანი და გადაუდებელი (emergency) ვიზა.

მოქმედებს ერთი საერთო რეგულაცია შემომსვლელ ყველა პირთათვის განურჩევლად მოქალაქეობისა და ჩამოსული ქვეყნისა - სავალდებულოა 2-კვირიანი თვითიზოლაცია ახალი რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 2500 ევროს შეადგენს ან 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ რეგულაციისგან თავისუფლდებიან პილოტები, გემის ეკიპაჟის წევრები, საერთაშორისო გადამზიდავები, ტრანზიტული მგზავრები და დიპლომატები.

ისლანდია – დაშვებულია, ტესტის პირობით.

ნებადართულია, თუმცა მგზავრებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია და აირჩიონ ორჯერადი PCR ტესტის ჩატარება ან 2 კვირიანი კარანტინი. ტესტირება ფასიანია, წინასწარ გადახდის შემთხვევაში ფასი 9000 ისლანდიური კრონა (დაახლ. 65 აშშ დოლარი) და ადგილზე 11000 კრონა (დაახლ. 78 აშშ დოლარი) https://visit.covid.is/ - წინასწარი რეგისტრაციის ბმული.

იტალია – დაშვებულია, 14-დღიანი თვითიზოლაციის პირობით. 

ჩასვლისას მგზავრები ავსებენ სპეციალურ ფორმას:

https://www.esteri.it/mae/en/ministero/normativaonline/decreto-iorestoacasa-domande-frequenti/focus-cittadini-italiani-in-rientro-dall-estero-e-cittadini-stranieri-in-italia.html

სასურველია, რომ მოგზაურმა შეავსოს აღნიშნული ფორმა წინასწარ: https://entercroatia.mup.hr/

თვითიზოლაციის ვალდებულება რამდენიმე გამონაკლისს უშვებს, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების; იტალიაში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტის (120 სთ-მდე); ჯანმრთელობასთან ან გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებული ვიზიტის; აეროპორტის ტრანზიტის შემთხვევებისთვის.

ვინაიდან, ჯერჯერობით შეჩერებულია პირდაპირი ფრენები იტალიასა და საქართველოს შორის, და შესაძლოა იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლა სხვადასხვა ავიაკომპანიების მეშვეობით, მოქალაქემ თან უნდა იქონიოს ავტო-დეკლარაციის შევსებული ანკეტის რამდენიმე კოპია, საჭიროებისამებრ გამოსაყენებლად.

კვიპროსი – შეზღუდულია. საქართველო კვიპროსმა შეიყვანა C კატეგორიის ქვეყნებში.

C კატეგორიის ქვეყნებიდან ტურისტების ან ვიზიტორების შესვლა კვიპროსში აკრძალულია.

შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ:

კვიპროსის მუდმივ მაცხოვრებლებს და სპეციალური ნებართვის მქონე პირებს (მაგ. დიპლომატებს).

საზღვრის კვეთისას სავალდებულოა 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

კვიპროსში შესვლიდან 14 დღის განმავლობაში სავალდებულოა თვითიზოლაცია, რომლის დასრულებამდე 48 სათით ადრე, ვიზიტორებმა მეორედ უნდა ჩაიტარონ ტესტი, საკუთარი ხარჯებით.

გამგზავრებამდე 24 საათით ადრე სავალდებულოა ე.წ. Flight Pass შევსება. https://cyprusflightpass.gov.cy/

ლატვია – დაშვებულია, თვითიზოლაციის პირობით. 

საქართველოს მოქალაქეები 19 სექტემბრიდან ექვემდებარებიან სავალდებულო 10 დღიან თვითიზოლაციას.

ვალდებულება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ლატვიის გავლით მიემგზავრებიან სხვა ქვეყნებში. ასეთ შემთხვევაში, ჩამოსულმა მგზავრმა მაქსიმუმ 12 საათში უნდა დატოვოს ლატვიის ტერიტორია. აღნიშნული წესი არ ვრცელდება ლატვიაში აკრედიტებულ დიპლომატებზე.

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 12 ოქტომბრიდან, ლატვიის რესპუბლიკაში შემოსვლის მსურველმა პირებმა 48 საათით ადრე უნდა შეავსონ ელექტრონული კითხვარი შემდეგ ვებ გვერდზე www.covidpass.lv. კითხვარის შევსების შემდეგ, პირს ელექტრონულად მიენიჭება QR კოდი, რომელიც მან ლატვიის საზღვრის კვეთისას უნდა წარუდგინოს მესაზღვრეს. კითხვარში პირის მიერ მოხდება სახელის, გვარის, პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდის, ლატვიაში საცხოვრებელი ადგილის და ტელეფონის ნომრის მითითება, ასევე იმ ქვეყნის/ქვეყნების მითითება, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა პირი. არასრულწლოვანი პირებისთვის კითხვარის შევსება მოხდება მშობლების ან მეურვეების მიერ.

კითხვარში ასახული ინფორმაცია ავტომატურად ეგზავნება ლატვიის სამართალდამცავ ორგანოებს - სახელმწიფო პოლიციას, საზღვრის დაცვის სამსახურს, აგრეთვე დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრს. პირადი მონაცემების შენახვა მოხდება 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პერსონალური მონაცემები ავტომატურად წაიშლება. თვითიზოლაცია არ შეეხებათ ლატვიაში აკრედიტებულ დიპლომატებს.

ლიეტუვა – შეზღუდულია.

საქართველოდან ლიეტუვაში შესვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ლიეტუვის ეროვნული ვიზა ან ბინადრობის უფლება და/ან ისინი უნდა იყვნენ ლიეტუვის მოქალაქის ან ლიეტუვაში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის ოჯახის წევრები. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ევალებათ წინასწარ ჩატარებული (ბოლო 72 საათის განმავლობაში) კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა ლიეტუვის საზღვარზე;

საქართველოდან შემოსულ ყველა პირს - საქართველოს მოქალაქეთა ჩათვლით - ლიეტუვაში შემოსვლის შემდეგ, 2 კვირა თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ. ლიეტუვაში შემოსვლის მსურველებს ესაჭიროებათ ელექტრონული ფორმის შევსება და QR კოდის წარდგენა თვითმფრინავში, ავტობუსსა თუ ბორანში ჩასხდომამდე: https://keleiviams.nvsc.lt/en/form

14-დღიანი თვითიზოლაციის პერიოდის შემცირება შესაძლებელია იზოლაციის მე-8 დღეს კოვიდ-ტესტის ჩატარებით - უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, შესაძლებელია პერიოდის შემცირება 10 დღემდე.

ლუქსემბურგი – დაშვებულია.

გაიხსნა საზღვარი ევროკავშირის საბჭოს მიერ აღიარებულ ყველა ქვეყანისთვის უპირობოდ. 

ნიდერლანდები – შეზღუდულია. 

გამონაკლისის სახით, საქართველოდან ნიდერლანდებში შესვლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს/საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, რომელიც:

ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნის, შენგენის ზონის ქვეყნის ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობას ან/და ცხოვრობს ამ ქვეყნებში. ნიდერლანდებში შესვლის უფლება აქვთ ასეთი პირების ოჯახის წევრებსაც;
ფლობს ნორვეგიის, ისლანდიის, შვეიცარიის, მონაკოს, ანდორას, სან მარინოს ან წმინდა საყდრის (ვატიკანის) მოქალაქეობას ან ბინადრობის ნებართვას. ნიდერლანდებში შესვლის უფლებით შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირის ოჯახის წევრებმაც, რომლებიც მგზავრობენ მასთან ერთად, ან ერთიანდებიან უკვე ნიდერლანდებში მყოფ ასეთ პირთან. აღნიშნული ოჯახის წევრმა უნდა შეამოწმოს, ვრცელდება თუ არა მასზედ სავიზო მოთხოვნები;

ფლობს ბინადრობის ბარათს ან ბინადრობის ნებართვას გრძელვადიანი რეზიდენტების შესახებ ევროკავშირის 2003/109/EEC დირექტივის შესაბამისად. ნიდერლანდებში შესვლის უფლებით შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირის ოჯახის წევრებმაც, რომლებიც მგზავრობენ მასთან ერთად, ან ერთიანდებიან უკვე ნიდერლანდებში მყოფ ასეთ პირთან. აღნიშნული ოჯახის წევრმა უნდა შეამოწმოს, ვრცელდება თუ არა მასზე სავიზო მოთხოვნები;

სხვა გამონაკლისები და დეტალები მოცემულია: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/212

ნორვეგია – შეზღუდულია, თუმცა გამონაკლისები ეხება შემდეგ კატეგორიებს:

ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, ოჯახის წევრის, პარტნიორის/შეყვარებულის მოსანახულებლად მიმავალ პირებს; სტუდენტებს.

ე.წ. „მესამე ქვეყნებიდან“ დაიშვებიან ნორვეგიაში ოჯახის ან მყარი პარტნიორული კავშირის მქონე (მინიმუმ 9 თვის ურთიერთობა) პირები. ოჯახის წევრებად მიიჩნევიან მეუღლეები, პარტნიორები და თანამაცხოვრებლები, მშობლები და შვილები 21 წლამდე, ასევე აღმავალი და დაღმავალი ხაზის ნათესავები. მათ შეეძლებათ ნორვეგიაში მყოფი ოჯახის წევრ(ებ)ის მონახულება. ვისაც გამონაკლისის წესით შეუშვებენ, დაექვემდებარებიან 10-დღიან კარანტინს სახლში ან წინასწარ შერჩეულ სხვა ადგილას.

პოლონეთი – შეიზღუდა, დაშვებულია მხოლოდ გარკვეული კატეგორიები. ტურისტული მგზავრობა არ არის დაშვებული.

პოლონეთის რესპუბლიკაში შემოსვლა შეუძლიათ:

1. პოლონეთის მოქალაქეებს;

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც პოლონეთის მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან (მეუღლე, შვილი);

3. პოლონეთის ბარათის (ე.წ. Karta Polaka) მფლობელებს;

4. დიპლომატებს და მათი ოჯახის წევრებს;

5. პოლონეთის ტერიტორიაზე დროებითი, ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;

6. დასაქმების ნებართვის მქონე (სეზონური სამუშაო ნებართვა, დამსაქმებლის დეკლარაცია უცხოელის დასაქმებაზე, ან სამუშაო ნებართვა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც დასაქმებულები არიან პოლონეთის ტერიტორიაზე, ან საზღვარზე წარადგენენ სამუშაოს დაწყების დამადასტურებელ დოკუმენტებს;

7. უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს/მძღოლებს, რომლებსაც ხალხი გადაჰყავს, ან ტვირთი გადააქვთ;

8. უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს/მძღოლებს, რომლებიც ტრანზიტული მიზნით გადიან პოლონეთის ტერიტორიას;

9. პოლონეთში მოსწავლის, სტუდენტის ან დოქტორანტის სტატუსის მქონე პირებს;

10. მეცნიერებს, რომლებიც კვლევებს აწარმოებენ პოლონეთის ტერიტორიაზე;

11. ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, ევროპული ეკონომიკური ზონის შეთანხმების მხარის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი ქვეყნის და შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი)

12. ევროკავშირის ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი), რომლებიც ტრანზიტული მიზნით გადიან პოლონეთის ტერიტორიას;

ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები:

აიკრძალა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან. პირდაპირი ჩარტერული რეისით ჩამოსული მგზავრები ექვემდებარებიან 10-დღიან თვითიზოლაციას. საზღვრის კვეთისას მოქალაქე ვალდებულია მიუთითოს მისამართი, სადაც გაივლის თვითიზოლაციას/კარანტინს.

10-დღიან თვითიზოლაციას არ ექვემდებარებიან:

1. პოლონეთის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები;

2. პოლონეთში მოსწავლის, სტუდენტის და დოქტორანტის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები;

3. პოლონეთის და მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები და დანარჩენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები;

4. დიპლომატიური მისიების წევრები და მათი ოჯახის წევრები;

5. ევროკავშირის და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები;

6. ე.წ. ტრანზიტული მგზავრები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც გააჩნიათ ევროკავშირის, ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, რომლებიც პოლონეთის გავლით მიემგზავრებიან მუდმივად საცხოვრებელ ქვეყანაში.

პორტუგალია – შეიზღუდა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეების შესვლა.

შეზღუდვა არ ეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც პორტუგალიაში მიემგზავრებიან სასწავლებლად, სამუშაოდ ან ოფიციალური ვიზიტით. ასევე, პორტუგალიის ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს და ტრანზიტულ მგზავრებს.

პორტუგალიაში შემოსვლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის შედეგები.

რუმინეთი – დაშვებულია თვითიზოლაციის პირობით. 

7 ოქტომბრიდან, რუმინეთის საგანგებო სიტუაციების ეროვნული კომიტეტის მიერ დამტკიცებული მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის ქვეყნების განახლებულ სიაში (სიაში არის საქართველოც) არსებული ქვეყნების მოქალაქეები, რუმინეთში შემოსვლისას, დაექვემდებარებიან 14 დღიან კარანტინს.

გასათვალისწინებელია, რომ მგზავრები, რომლებიც რუმინეთის ტერიტორიაზე ყოფნას გეგმავენ არა უმეტეს 3 დღისა (72სთ.), გათავისუფლდებიან კარანტინის/ თვითიზოლაციის ვალდებულებისგან, თუ წარმოადგენენ უკანასკნელ 48 საათში გაცემულ სამედიცინო ცნობას ვირუსის არქონის შესახებ. კარანტინიდან /თვითიზოლაციიდან გასვლა შესაძლებელი იქნება მე-10 დღეს, თუკი მე-8 დღეს გაკეთებული ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდება.

ბუქარესტში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების წევრები და დიპლომატიური პასპორტების მფლობელები გათავისუფლდებიან კარანტინიდან, თუ მათ არ აღენიშნებათ კოვიდ 19-ის სიმპტომები. ფრენები ამერიკის შეერთებული შტატებიდან/ რეგიონებიდან, რომლებიც მითითებულია ჩამონათვალში, კვლავ აგრძელებენ ოპერირებას.

საბერძნეთი – შეზღუდულია. 26 ოქტომბრიდან შეიზღუდა საქართველოს მოქალაქეების შესვლა, გარდა:

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეების მეუღლეები და 18 წლამდე არასრულწლოვანი შვილები;
პირები რომლებიც მოემგზავრებიან გადაუდებელი საჭიროების გამო როგორიცაა, ჯანმრთელობის მდგომაროება, ოჯახური მდგომაროება, საქმიანი ვიზიტი, ის პირები ვინც საჭიროებს საერთაშორისო დაცვას;
სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ჯანდაცვის სფეროს მკვლევარები იმ შემთხვევაში თუ შემოსვლისას დაასაბუთებენ ვიზიტის მიზნობრიობას და საჭიროებას;
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები;
სამთავრობო დელეგაციის წევრები;
დიპლომატიური თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები, ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები, სამხედრო უსაფრთხოების თანამშრომლები;
სატრანსპორტო სფეროს თანამშრომლები, მათ შორის მეზღვაურები, საჰაერო ხომალდების თანამშრომლები, სატვირთო ტრანსპორტის მძღოლები;
ტრანზიტული მგზავრები;
სტუდენტები;
მოხუცი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომვლელები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
სასოფლო სამეურნეო სფეროში დასაქმებული სეზონური მუშები. (ასეთ პირები ვალდებულები არიან წარადგინონ დოკუმენტები, რომ გავლილი აქვთ სამედიცინო ლაბორატორიული გამოკვლევები);
მესამე სახელმწიფოს მოქალაქეები რომლებიც ვერ ხვდებიან ვერცერთ ზემოთჩამოთვლილი კატეგორიაში აქვთ უფლება მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საბერძნეთის საკონსულო სამსახურებს და მათი პერსონალური ან ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე დასაბუთებულად მოითხოვონ გამონაკლისის დაშვება.

გამგზავრებამდე 24 საათით ადრე სავალდებულოა ელ. ფორმის შევსება https://travel.gov.gr/#/

საფრანგეთი – შეზღუდულია.

ამ ეტაპისთვის საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები შედიან შეზღუდვების გარეშე, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს საყოველთაო კარანტინი.

საფრანგეთის ხელისუფლებამ ცვლილებები შეიტანა საფრანგეთის ტერიტორიაზე საქართველოდან მიმავალ მგზავრთა შესვლასთან დაკავშირებულ რეგულაციებში.

შეზღუდვები დაწესდა საქართველოდან და ევროკავშირის შენგენის ზონის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთის მეტროპოლიაში შესვლაზე. 11 ნოემბრიდან თუ რომელი კატეგორია შეძლებს საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლას იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/221

სერბეთი – საქართველოს მოქალაქეებზე შეზღუდვა არ არის.

სერბეთში რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, ხორვატიიდან ან ჩრდილო მაკედონიიდან, შემოსვლის შემთხვევაში სავალდებულოა 48 საათით ადრე გაკეთებული PCR ტესტის წარდგენა.

სლოვაკეთი – დაშვებულია, მხოლოდ გარკვეული კატეგორიისათვის. 

საქართველოს მოქალაქეს/მესამე ქვეყნის მოქალაქეს სლოვაკეთში გამგზავრება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ფლობს სლოვაკეთში ცხოვრების/მუშაობის უფლებას, არის სლოვაკეთის მოქალაქის ან სლოვაკეთში ცხოვრების/მუშაობის მქონე პირის ოჯახის წევრი. თუ საქართველოს მოქალაქე შედის მწვანე ზონის ქვეყნიდან ამ შემთხვევაში, მას ვალდებულება აქვს ქვეყანაში შესვლისთანავე დარეგისტრირდეს შემდეგ ვებ-გვერდზე: www.korona.gov.sk გაიაროს 5 დღიანი თვითიზოლაცია და მეხუთე დღეს ჩაიტაროს PCR ტესტი. თუ მოქალაქე შედის სლოვაკეთში ყვითელი ზონის ქვეყნიდან მას აქვს ვალდებულება წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტი და დარეგისტრირდეს ამავე ვებ გვერდზე. თუ მოქალაქეს ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა მაღალი რისკის ანუ წითელი ზონის ქვეყანაში ასეთ შემთხვევაში აქვს ვალდებულება წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტი და დარეგისტრირდეს ამავე ვებ გვერდზე www.korona.gov.sk გაიაროს 5 დღიანი თვითიზოლაცია და შემდეგ PCR ტესტი.

იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ წითელი ზონის/მაღალი რისკის ქვეყნებში, სლოვაკეთში ჩასვლა შეუძლიათ მხოლოდ ავსტრიის, პოლონეთის და/ან ჩეხეთის გავლით (ცნობისთვის ჩეხეთი სლოვაკეთს წითელ ზონაში ყავს შეყვანილი). სლოვაკეთის ტერიტორიაზე პირდაპირი საჰაერო გზით დაბრუნების შემთხვევაში ზემოთ მოცემულ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება წინასწარ არის სავალდებულო.

სლოვენია – შეზღუდულია.

სლოვენიამ საქართველო შეიყვანა ე.წ. „წითელ სიაში“, რაც გულისხმობს 14 დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას. თუ მოქალაქე სლოვენიის საზღვარზე წარმოადგენს ევროკავშირის ან შენგენის ტერიტორიაზე აღებულ კოვიდ-19 უარყოფით ტესტს, რომელიც აღებულია არა უგვიანეს 48 საათისა, მაშინ არ არის აუცილებელი თვით-იზოლაცია. ტესტი ასევე შეიძლება ჩატარდეს სლოვენიაში და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პირს შეუძლია დაუყოვნებლივ დაასრულოს სავალდებულო თვითიზოლაცია. ამ შემთხვევაში ტესტის საფასურს იხდის თავად პირი. გამონაკლისი - დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის. ტრანზიტი კვლავ 12 საათის განმავლობაშია დაშვებული.

უნგრეთი – შეზღუდულია. უცხოეთის მოქალაქეებს (Non-Hungarian nationals) - ეკრძალებათ უნგრეთში შემოსვლა.

გამონაკლისი დაიშვება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადად გამოცხადება სასამართლო ორგანოში ან ოფიციალურ ადმინისტრაციულ პროცესზე, რის შესახებაც წერილობით იუწყება ზემოხსენებული სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) კომერციული ან სხვა სამუშაო საქმიანობასთან დაკავშირებული ვიზიტი, რომლის შესახებაც მოწვევის წერილში იუწყება ცენტრალური ადმინისტრაციული ორგანო, დამოუკიდებელი სუბიექტი (მაგ. კომპანია) ან ავტონომიური ადმინისტრაციული ორგანო;
გ) ვიზიტი სამედიცინო დაწესებულებაში, რის აუცილებლობასაც ადასტურებს მიმღები სამედიცინო დაწესებულების ოფიციალური წერილი;
დ) უცხოელი სტუდენტები, რომლებიც განათლებას იღებენ უნგრეთის უნივერსიტეტებში;
ე) საზღვრის გადაკვეთა სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებით რომლის მიზანს წარმოადგენს გადაზიდვების საწყის წერტილამდე მისვლა ან დანიშნულების ადგილიდან დაბრუნება, რაც დადასტურებული იქნება დამსაქმებლის მიერ გაცემული დოკუმენტით;
ვ) ოჯახის წევრის ქორწილზე, ნათლობაზე ან დაკრძალვაზე დასწრება;
ზ) ნათესავების მოვლა-პატრონობა;
თ) მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ, კულტურულ და რელიგიური ხასიათის ღონისძიებებზე დასწრება;
ი) სხვა გონივრული მიზეზი, რომელიც არ არის მითითებული ჩამონათვალში;
უნგრეთის მოქალაქეებთან თანაბარი უფლებებით სარგებლობენ: ა) პირები, რომელთაც აქვთ უნგრეთში მუდმივი ბინადრობის ნებართვა (ასევე ამ პირების ოჯახის წევრები, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში); ბ) პირები, რომელთაც აქვთ უნგრეთში 90 დღეზე მეტი ხნით ბინადრობის ნებართვა და საზღვრის გადმოკვეთისას წარადგენენ ამ დოკუმენტს; (D კატეგორიის ვიზაც ამ ტიპის ბინადრობის ნებართვას უთანაბრდება).

ფინეთი – შეზღუდულია. 

ფინეთში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამუშაო, სასწავლო ან სხვა აუცილებელი მიზნისთვის. ამ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება აუცილებელ ორ კვირიან თვითიზოლაციას.
ასევე რეკომენდირებულია PCR ტესტის ჩატარება ქვეყანაში შესვლამდე 72 საათით ადრე და შესვლის შემდეგ 72 საათის განმავლობაში. ტესტირების პასუხის მიღებამდე მოქალაქე უნდა დარჩეს თვითიზოლაციაში. დადებითი პასუხის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება აუცილებელ კარანტინს.

შვედეთი – შეზღუდულია, საქართველო ამოღებულია „უსაფრთხო ქვეყნების“ სიიდან. შვედეთი 2 ნოემბრიდან შეზღუდავს საქართველოდან მომავალი მგზავრების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლას.

შვეიცარია – 3 ნოემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის დაწესდა შვეიცარიაში შესვლის შეზღუდვები. საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად, კვლავ შეყვანილი იქნა მაღალი რისკის ქვეყნების სიაში.

ზოგადად, შეზღუდვა ეხება ყველას, ვისაც სურს შვეიცარიაში მგზავრობა ნებისმიერი მაღალი რისკის ქვეყნიდან ან რეგიონიდან გარდა შვეიცარიის მოქალაქეებისა.

შვეიცარიის მთავრობის N818.101.24 განკარგულებაში შესული ბოლო ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები შვეიცარიაში შემოსვლას შესძლებენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში:

• ოჯახის ახლო წევრები, ანუ მეუღლე / ცოლი, რეგისტრირებული პარტნიორი და მცირეწლოვანი შვილები;
• იმ შემთხვევაში თუ ოჯახის ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა ან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. კერძოდ: მეუღლე, პარტნიორი, მშობელი, ძმა ან და, შვილი, შვილიშვილი, ან და-ძმა.
• შვეიცარიაში შესვლა აუცილებელია სამედიცინო მკურნალობის გასაგრძელებლად, რომელიც დაიწყო შვეიცარიაში ან საზღვარგარეთ;
• უცხოელი მეუღლისა და შვეიცარიის მოქალაქის უცხოელი არასრულწლოვანი შვილები, რომელთაც სურთ შვეიცარიაში დაბრუნდნენ შვეიცარიის მოქალაქესთან ერთად განსაკუთრებული სიტუაციის გამო, მაგალითად, ევაკუაციის შემთხვევაში;
• ოფიციალური ვიზიტების შემთხვევაში განსაკუთრებული აუცილებლობის გათვალისწინებით, როგორიცაა საერთაშორისო ვალდებულებები;
• ეკიპაჟის წევრები დაგეგმილი, სპეციალური და ჩარტერული ფრენების გათვალისწინებით;
• ოჯახის ახლო წევრები (ბავშვები, შვილიშვილები, მშობლები; და-ძმები) სამედიცინო დახმარების გაწევისა და მოვლის მიზნით.

ჩეხეთი – შეზღუდულია. 

ევროკავშირის წვერი ქვეყნების მოქალაქეები და ბინადრობის მქონე პირები შედიან ჩეხეთში შესაბამისი რეგულაციების დაცვით.

საქართველოს მოქალაქეს ჩეხეთში შესვლის უფლება აქვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ფლობს ბინადრობის ნებართვას, ან გრძელვადიან ვიზას. შესვლისას საზღვარზე უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის პასუხი.

ხორვატია – დაშვებულია, თვითიზოლაციის ან PCR ტესტის პირობით. 

ხორვატიაში შესვლა ნებადართულია ტურიზმის მიზნით. სავალდებულოა წინასწარ გადახდილი განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

იმ შემთხვევაში, თუ საზღვროს კვეთისას პირი წარადგენს ხორვატიის საზღვრის გადაკვეთამდე 48 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, ის არ დაექვემდებარება თვითიზოლაციას ან კარანტინს.

იმ შემთხვევაში, თუ პირი წარადგენს 48 საათზე უფრო ხანდაზმულ ტესტს, მას მოუწევს თვითიზოლაციაში გადასვლა და ხორვატიაში საკუთარი ხარჯებით განმეორებითი ტესტის ჩატარება.

ყველა მგზავრისათვის რეკომენდირებულია განაცხადის შევსება შემდეგ ვებ-გვერდზე: https://entercroatia.mup.hr/