24.სექტემბერი .2022 15:17

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" ე.წ. ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" ე.წ. ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო
views 452
უკან

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო იტყობინება. 

"როგორც საზოგადოებას მოეხსენება, 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე - “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ (ე.წ. „ომის საქმე“). გადაწყვეტილება ეხება 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომი ოკუპაციის პერიოდში რუსეთის მიერ, რომელიც ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას.

მინისტრთა კომიტეტის მიმდინარე წლის სექტემბრის სხდომაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე და დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციისათვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტისა, მოპასუხე სახელმწიფოს კვლავ რჩება უპირობო ვალდებულება ზედმიწევნით აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.

საგულისხმოა, რომ მინისტრთა კომიტეტმა სრული შემადგენლობით მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ მხარეს და ხაზი გაუსვა დადგენილი დარღვევების სიმძიმესა და მასშტაბურობას. მინისტრთა კომიტეტმა მკაცრად მოუწოდა რუსეთს, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს დიდი პალატის 21 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების სრულფასოვანი სამოქმედო გეგმა და დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა აღმოიფხვრას დარღვევების ძირითადი საფუძველი (ე.ი. განგრძობადი ოკუპაცია) და აღარ განმეორდეს ადამიანის უფლებათა მსგავსი დარღვევები.

კომიტეტმა, აგრეთვე, გამოთქვა ღრმა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაცია, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, კვლავ არ აძლევს იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას მათ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას და მოუწოდა რუსეთს, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები აღნიშნული მიმართულებით.

ქართული მხარის ინიციატივით, კომიტეტი „ომის“ საქმის განხილვას მომდევნო სხდომაზე, 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება", - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა