მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. COVID-დაზღვევა სავალდებულო, სავარაუდოდ, უცხოელი ტურისტებისთვისაც გახდება

5f5f213ba5a0f
ელენე გოგბერაშვილი
14.09.20 16:31
2371
უცხოელი სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოში სწავლობენ, ე.წ "სავალდებულო COVID-დაზღვევა“ ამოქმედა. როგორც სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი bm.ge-ისთან აცხადებს, სადაზღვევო პოლისი, რომელიც სტუდენტებს კოვიდის გარდა საკარანტინე სივცეების ხარჯსაც აუნაზღაურებს, 10 სექტემბრიდან შევიდა ძალაში.

გარდა ამისა, მისი თქმით, იდუსტრიამ აქტიურად იმუშავა ჯანდაცვის სამინისტროსთან და, პრაქტიკულად, დასრულებულია ტურისტებისათვის სავალდებულო ე.წ COVID-დაზღვევის პროდუქტის შექმნაზე მუშაობაც.

უცხოელი ტურისტებისთვის სვალდებულო covid-დაზღვევის პაკეტზე რომ მუშაობა მიდის, ეს დღეს bm.ge-ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამაც დაუდასტურა, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია.

რაც შეეხება უცხოელი სტუდენტების დაზღვევას, ხეჩინაშვილის ინფორმაციით, შესაბამისი პოლისი ყველა სადაზღვევო კომპანიას ექნება და მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მის შესყიდვებს თავად უნივერსიტეტები განახორციელებენ.

"უცხოელი სტუდენტების რიცხვი, რომელთაც ე.წ COVID-დაზღვევა უნდა შეიძინონ, დაახლოებით, 20 000-ია. მათ პოლისებში ყოველთვიურად სადაზღვევო პრემიის სახით მაქსიმუმ 50 ლარის გადახდა მოუწევთ", - აღნიშნა მან. 

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის 10 სექტემბრის #572-ე დადგენილების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები განისაზღვრა. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელ და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტებზე, რომლებიც იმყოფებიან ან შემოდიან საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველოში უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს მის დაწესებულებაში ჩარიცხული უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის მიერ ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა აქტიური სტუდენტური სტატუსის ფლობის სრული პერიოდით.

სადაზღვევო პოლისი უცხოელ სტუდენტებს კოვიდთან დაკავშირებულ მომსახურებას 70 000 ლარამდე ლიმიტის გათვალისწინებით 100%-ით დაუფარავს.

COVID-19-თან დაკავშირებული მომსახურება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს:

- ტესტირებას – დიაგნოსტირებული COVID-19 მკურნალობის დროს ქვეყანაში მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად, PCR ტესტირების დაფინანსებას სამედიცინო ჩვენების შესაბამისად.
- კარანტინს – საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების დროს COVID-19 ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში საკარანტინო სივრცის დაფინანსებას, დღიური ლიმიტი 60.00 ლარი.
- მკურნალობა (ამბულატორული, ჰოსპიტალური) – COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში მკურნალობას საქართველოს მიერ აღიარებული გაიდლაინების/პროტოკოლების შესაბამისად.
მკურნალობის მაქსიმალური დღიური ლიმიტი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 150.00 ლარს, მძიმე პაციენტის მკურნალობის შემთხვევაში – 350.00 ლარს.