24.მარტი .2023 15:18

ფარმაბიზნესი ჯანდაცვის სამინისტროს ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვაში ადანაშაულებს

ფარმაბიზნესი ჯანდაცვის სამინისტროს ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვაში ადანაშაულებს
views 796
უკან

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია კონკურენციის სააგენტოს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სექტორში კონკურენციის შეზღუდვის დასადგენად მიმართავს და ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ბიზნესგაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ბოლო პერიოდში გაჟღერებული განცხადებები სექტორსა და მომხმარებელს შორის კონფლიქტს აღვივებს.

BM.GE ასოციაციის მიმართვას კონკურენციისადმი უცვლელად გთავაზობთ:

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს, გამოეხმაუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ა/ლის 23 მარტს გავრცელებულ ინფორმაციას ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებზე ფასებთან დაკავშირებით.

უპირველეს ყოვლისა გვსურს დავაფიქსიროთ, რომ ასოციაციის წევრებისათვის, მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას, მითუმეტეს პაციენტების ხარჯზე და მუდმივად ზრუნავენ, რომ მათ მიერ გაწეული მომსახურება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებელს მიეწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი.

ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გახშირებული უსაფუძვლო, ზედაპირული და ფაქტების დადგენის გარეშე გაჟღერებული ბრალდებები აღვივებს კონფლიქტს, ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებულ პირებსა და მომხმარებელს შორის. მარეგულირებლის მხრიდან სექტორი ამჩნევს ზეწოლას, რაც ნამდვილად არ უკავშირდება კანონის აღსრულებას, არამედ ზღუდავს ბიზნესისთვის ოპერირების საშუალებას და აქვე ეჭვს ბადებს, რომ მიზანმიმართულად ხდება მოსახლეობის ნეგატიური განწყობის შექმნა და ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული პირებისა და კომპანიების დისკრედიტაცია. გაურკვეველია, რას ემსახურება ფარმაცევტული ბაზრის მონაწილე პირების უფლებების განუწყვეტელი დარღვევა და მათი ღირსების შელახვა.

მივმართავთ კონკურენციის სააგენტოს, ხომ არ აქვს ადგილი მარეგულირებლის მხრიდან მიზანმიმართულად სექტორისთვის კონკურენციის შემზღუდველი პირობების შექმნას, რაც წინაპირობაა კომპანიებისთვის ბაზრის იძულებით დასატოვებლად“, - ნათქვამია ასოციაციის მიმართვაში.

ბიზნესგაერთიანებაში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებზე ფასების საკითხის გასარკვევად განმარტებას აკეთებენ და ამბობენ, რომ სურთ მოსახლეობას რეალური ინფორმაცია მიაწოდონ:

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 23 მარტს გამოქვეყნებული პრეპარატების საყოველთაო ჯანდაცვის პორტალზე ატვირთვა და შესაბამისად, მათი დაფინანსება დაწყებულია 2020 წლის 15 სექტემბრიდან.

აღნიშნული თარიღიდან დღემდე ფასების ცვლილების სურათი შეგიძლიათ იხილოთ ამავე განცხადებაში, სადაც ნათლად ჩანს, რომ პრეპარატებზე ფასების კლება დაიწყო 2022-ის სექტემბრიდან და კლებამ პიკს მიაღწია ა.წ. თებერვალში. კლების მიზეზი იყო კომპანიების მარაგებში არსებული ნაშთების სწრაფი რეალიზაცია ვადის გასვლის თავიდან აცილების მიზნით. საყოველთაოს დაფინანსების პრინციპიდან და ბაზარზე კონკურენციის მაღალი დონიდან გამომდინარე 2022-ის სექტემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში ბევრი პრეპარატები იყიდებოდა არარეალურად დაბალ, პრაქტიკულად თვითღირებულებაზე დაბალ ფასში. ეს ყველაფერი ხდებოდა წინა პერიოდში იმპორტირებული ნაშთის ხარჯზე.

2022 წლის დეკემბერში თურქეთში მოხდა 36,77%-იანი ფასების ზრდა მედიკამენტებზე. ნაშთების ამოწურვის შემდგომ ყველა კომპანიას მოუწია მარტში თურქეთიდან გაზრდილი ღირებულების პრეპარატების იმპორტი. შესაბამისად, თებერვალში მიღწეული არარეალურად დაბალი ფასების შენარჩუნება იყო შეუძლებელი და მოხდა შესაბამისი გადაფასება, მაგრამ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ფასები არ გაზრდილა თავდაპირველ ნიშნულამდეც კი, რომელშიდაც ფინანსდებოდა ეს მედიკამენტები 09.2020-09.2022 პერიოდში. ასევე მაგალითისთვის, ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც ედავებიან ფასის გაძვირებას, განცხადებაში აღნიშნული მედიკამენტი 2023 წლის იანვარ-მარტში საერთოდ არ ჰქონია, მეტიც, ვადის გასვლის მიზეზით მოუწია 15 852 ლარის ღირებულების მედიკამენტის განადგურება, რაც პირდაპირ კომპანიის ზარალია. ეს არის ფაქტები და ყველა დამადასტურებელი საბუთები კომპანიებს თავად აქვთ. ამრიგად, თქმა იმისა, რომ ონკოლოგიურ პრეპარატებზე ფასებმა 4-ჯერ აიწია, რბილად რომ ვთქვათ, არის მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა. ფასები დარჩა თავდაპირველ დიაპაზონში:



ფარმაცევტული კომაპნიების ასოციაცია გმობს მის წევრ კომპანიებზე გავრცელებულ ბრალდებებს და ეჭვობს, რომ წამოწყებული კამპანია არის მიზანმიმართული სექტორის რეპუტაციის შელახვისკენ, რაც ყოვლად მიუღებელია და დასაგმობია დარგის თითოეული წევრისთვის, რომლებიც თავისი კომერციული რისკის ფასად ყველა ღონეს ხმარობენ, რომ პაციენტებს უწყვეტად, საერთაშორისოდ დადგენილი წესების სრული დაცვით, მიეწოდოს ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური პრეპარატები.

", - განმარტებულია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებაში.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა