მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერმერები ხორბალს და ქერს ვერ ყიდიან - „დასაწყობებულ ტონობით ქერს პარაზიტი აფუჭებს“

6419b924b973a
ელენე გოგბერაშვილი
21.03.23 18:43
1822
ქვეყანაში, რომელიც მარცვლეულის იმპორტზეა დამოკიდებული, ფერმერებს ხორბლის და ქერის რეალიზაციის პრობლემა აქვთ. საქართველო ხორბლის ადგილობრივი მოხმარების მხოლოდ 15%-ს აწარმოებს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ფერმერები ვერც მის რეალიზაციას ახორციელებენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადგილობრივი წისქვილკომბინატების უმრავლესობა დახურულია.

როგორც მარცვლეულის მწარმოებლები ამბობენ, მოთხოვნა არათუ ქართულ ხორბალზე რუსულ ხორბალზეც არ არის, რადგან რუსეთის მიერ მასზე დაწესებული საიმპორტო გადასახადი ნედლეულს იმდენად აძვირებს, რომ ქართველმა მწარმოებლებმა ფაქტობრივად უარი თქვეს იმპორტირებული ხორბლის გადამუშავებაზე, რადგან ნულოვანი ბაჟის პირობებში რუსულ ფქვილთან კონკურენციის გაწევა შეუძლებელია. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი bm.ge-სთან ამბობს, რომ თუ წისქვილკომბინატები არ მუშაობს, შესაბამისად მოთხოვნა არც ხორბალზეა, მითუმეტეს, როცა რუსული ხორბალი ადგილობრივი წარმოების ხორბლის თვითღირებულების ფასად იყიდება.

“რამდენიმე თვეა ფერმერები ვერ ყიდიან როგორც ხორბალს, ასევე ქერს და სიმინდს. ეს პრობლემები დაიწყო იქიდან, რომ რუსეთიდან დაიწყო დიდი რაოდენობით მარცვლეულის შემოდინება. ამას დაემატა ის, რომ ხორბალს რუსეთშივე ემატება მოსაკრებელი, რაც ფქვილზე არ ვრცელდება. ფქვილის ღირებულება 85 ლარიდან ჩამოსულია 55 ლარამდე, შესაბამისად ადგილობრივი ხორბლის ყიდვის სურვილი არ აქვთ წისქვილებს, რადგან ვერ გაუწევენ კონკურენციას იმ ფქვილს, რომელიც რუსეთიდან შემოდის. გაჩერებულია წისქვილები. მათი გაჩერება ავტომატურად იწვევს დაგროვებული მარაგების გაყიდვის შეზღუდვას“, - აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე, მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

გასაჭირში აღმოჩნდნენ ქერის მწარმოებელი ფერმერებიც, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ქერზე მოთხოვნა დაბალია და ის ძირითადად საექსპორტო ბაზრებისთვის იყო გათვლილი. ფერმერთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ფერმერები ფინანსური რესურსის გარეშე დარჩნენ, ერთია, რომ მოსავალს ვერ ყიდიან, თუმცა ამას დაემატა ისიც, რომ დასაწყობებულ ტონობით ქერს პარაზიტი აფუჭებს.

„ახლა არის ის პერიოდი, როცა ფერმერებს სჭირდებათ ფული, რათა მიმდინარე წლისთვის ნაკვეთები დაამუშაონ, შეიტანონ სასუქი, შეიტანონ ჰერბიციდები, რათა უკეთესი მოსავალი მიიღონ. ახლა არის ფასი საკმაოდ დაბალი, თუ იგივე მოსავლის აღებისას ქერი ღირდა 90 თეთრი, ახლა 60 თეთრია, მაშინ როცა გაზრდილია ყველაფერზე ფასები, ამიტომ სავალალო მდგომარეობაა. ყოველდღიურად შემოდის ჩვენთანაც ზარები ფერმერებიდან, რომ როგორმე შევძლოთ მათი დახმარება.

ქერიც ფუჭდება, გაჩენილია ტილი ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე მწვავე სიტუაციაა ამ მიმართულებით“, - აცხადებს რატი კოჭლამაზიშვილი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.

აღსანიშნია, რომ ქვეყანა დაახლოებით 60 ათას ტონა ქერს აწარმოებს, წლების განმავლობაში ქართული წარმოების ქერის ექსპორტი ძირითადად ერაყსა და ირანში ხორციელდებოდა, თუმცა როგორც ფერმერები ამბობენ, ქერის და ხორბლის ექსპორტი მთავრობის მიერ გასული წლის 1 ივლისიდან ძალაში შესული განკარგულებით, 1 წლის განმავლობაში აიკრძალა. შედეგად ტონობით პროდუქტი დღემდე დასაწყობებულია და ფერმერები მის რეალიზაციას ვერ ახორციელებენ.

„სეზონზე, როცა ნედლეულის აღების პერიოდი იყო, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ქერის და ხორბლის გატანა ირანში და სხვა ქვეყნებში აეკრძალა. ეს სასურსათო უსაფრთხოებისთვის გამართლებულ ნაბიჯად ჩაითვალა იმ პერიოდში, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ჭარბია მოსავალი და ამ ქვეყნებშიც ვერ გადის“,- აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.

მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ სასურსათო უსაფრთხოების მიზნით მთავრობის მიერ მიღებული განკარგულება, რომელიც ქერისა და ხორბლის ექსპორტს კრძალავს, 2023 წლის ივლისამდე იყო ძალაში, თუმცა როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში გავარკვიეთ, შეზღუდვა ქერის ექსპორტზე მოხსნილია, თუმცა რჩება ხორბალზე.

ამ ინფორმაციას არ ფლობს როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა, ისე ფერმერთა ასოციაცია. ქერის ექსპორტზე გატანაც შეიძლება შესაბამის სამთავრობო სტრუქტურასა და ბიზნესს შორის დისკომუნიკაციის მიზეზით არის შეფერხებული. სხვა დამატებითი განმარტებები ფერმერების პრობლემაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ ეტაპზე არ კეთდება.