მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ფეროს წარმოება არარენტაბელური გახდა” - ბიზნესი

6440037d8fa5a
ანუკა ჯოხაძე
21.04.23 10:00
941
ფეროშენადნობების მწარმოებელი ქარხნების 80%-მა მუშაობა შეაჩერა, სამსახურის გარეშე კი 2000-მდე პირია დარჩენილი. მიზეზი ევროპაში ენერგომატარებლების დეფიციტია, რომელმაც მეტალურგიული ქარხნების გაჩერება ან წარმოების შემცირება გამოიწვია, გაჩნდა ჭარბი სილიკონმანგანუმი, პროდუქტის სიჭარბის გამო კი, მასზე ფასი განახევრდა.

დარგს ასეთი კრიზისი არ ახსოვს - ამბობს კომპანია "მნ გრუპი 2021"-ის მმართველი პარტნიორი სულხან ხვედელიძე. კომპანიას საწარმო უკვე 2 თვეა გაჩერებული აქვს, ბაზარზე მდგომარეობის დასტაბილურებას მასთან ერთად 120 დასაქმებული ელის. ხვედელიძემ ელექტროენერგიის გადასახადისა და სასესხო ვალდებულებების გადავადება უკვე ითხოვა.

“საკმაოდ რთულ დღეში ვართ. თითოეულმა კომპანიამ მივმართეთ როგორც ენერგო სადისტრიბუციო კომპანიებს და ბანკებს, რადგან ვალდებულებები ძალიან ბევრი გვაქვს.

უმეტესმა ნაწილმა გადაავადა როგორც ელექტროენერგიის გადასახადი, ასევე ბანკები გაგებით მოეკიდნენ და გადაგვივადეს გადასახადები, თუმცა ეს არის მოკლევადიანი. როგორც კი დარგი წინ დაიწყებს სვლას ეს ყველაფერი ტვირთად დაგვაწვება ქართველ მწარმოებლებს.”-ამბობს "მნ გრუპი 2021"-ის მმართველი პარტნიორი სულხან ხვედელიძე.

ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი საექსპორტო საქონლის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა. მხოლოდ თებერვალში ექსპორტი 3.3-ჯერ 20.8 მლნ დოლარამდე შემცირდა. მაშინ, როდესაც გასულ წლის პირველი 11 თვე დარგისთვის მომგებიანი იყო.

ბოლო ერთ წელიწადში ფეროსილიკომანგანუმის ფასი 2400 დოლარიდან 1200 დოლარამდე შემცირდა. პროდუქციის მაღალი თვითღირებულების გამო ბიზნესს წარმოება უბრალოდ აღარ უღირს.

სულხან ხვედელიძის თქმით, იმისთვის, რომ წარმოების განახლების ინტერესი ბიზნესს ჰქონდეს სილიკონ მანგანუმის ფასი 1400 დოლარი მაინც უნდა იყოს.

“ფასი დაახლოებით 1300 დოლარზე ზევით მაინც უნდა იყოს სილიკონ მანგანუმის, შეიძლება ზოგი კომპანიისთვის იყოს 1400 დოლარი, რომ კომპანიებს უღირდეთ, რომ მოემსახურონ ბანკებს, გადაიხადონ დასაქმებულების ხელფასები და რენტაბელური იყოს წარმოება", - აცხადებს სულხან ხვედელიძე.