მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური ბარიერი და აუწყობელი მენეჯმენტი - ჭიაბერაშვილი C ჰეპატიტის ვადაგასულ ვაქცინებზე

5e19a2fb0618a
ვიქტორია მღებრიშვილი
11.01.20 14:50
1038
ფინანსური ბარიერი და აუწყობელი მენეჯმენტი, - ასე აფასებს პარლამენტის წევრი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი 560 645 083 ლარის ღირებულების C ჰეპატიტის მედიკამენტებისთვის ვარგისიანობის ვადის ამოწურვის მიზეზებს.

როგორც BM.GE-ს ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა, ეს პრობელმა ახალი არ არის და ამასთან დაკავშირებით მას პარლამენტშიც უსაუბრია, ვინაიდან პროგრამა ხარვეზებით მიმდინარეობდა და მთავარი პასუხისმგებელი პირი ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკოა.

"ისტორია ასეთია: თავის დროზე ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ქვეყანაში დაახლოებით 150 000 ადამიანი არის ინფიცირებული C ჰეპატიტით და ეს პრობლემა აღმოიფხვრებოდა მაშინ, როდესაც მათი 90% ნამკურნალები იქნება, ანუ 2020 წლისთვის დაგეგმილი იყო, რომ პროგრამა უნდა გაევლო 135 000 ადამიანს. შესაბამისად, ამერიკულმა კომპანიამ წამლის რაოდენობა გადმოგვცა ზუსტად ამ გათვლით, რომ ელიმინაცია უნდა მომხდარიყო 2020 წლის ბოლოსთვის.

მაგრამ, 2015 წელს პროგრამის დაწყების მომენტიდან ჩართვის მაჩვენებლი იყო დაბალი. მთავარი მიზეზი იყო უფასო წამლამდე მისვლის ფინანსური ბარიერი. წამლამდე რომ მივიდეს ადამიანი, 3 ეტაპი უნდა გაიაროს: სწრაფი ტესტი, თუ დადებითი იქნება, განმეორებითი ტესი და იმ ტესტის დადებითობის შემთხვევაშიც ტარდება მესამე სრულფასოვანი დიაგნოსტიკური კვლევა - რა ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე. მხოლოდ ამის შემდეგ გადავდივართ უფასო მედიკამენტზე. აქედან, უფასო იყო მხოლოდ პირველი ტესტი, ისიც გარკვეული კატეგორიისთვის. მთლიანად ეს პროცესი კი დაახლოებით 600-700 ლარი ჯდებოდა, ვიდრე უფასო წამლამდე მივიდოდა ადამიანი. პირველ წლებში, როდესაც პროგრამაში ჩართვის ენთუზიაზმი მაღალი იყო, ეს ენთუზიაზმი განელდა იმიტომ, რომ ბევრისთვის ეს თანხა იყო ძალიან სერიოზული ბარიერი.

მე მაშინვე დავიწყე ამაზე საუბარი და ამის შემდეგ სამინისტრომ გააკეთა სუბსიდირება წინარე ეტაპების, ისე რომ დაახლოებით ეს ბარიერი 100-120 ლარამდე ჩამოიყვანა, მაგრამ ესეც აღმოჩნდა ბარიერი და სრულიად უფასო, მათ შორის დიაგნოსტიკური, კვლევები 2019 წლის აგვისტოდან გახდა, ე.ი. ძირითადი დარტყმა ჩემგან ისევ სერგეენკოზეა, იმიტომ რომ ახალი მინისტრის პირობებში, რომ მოვიდა უკვე, ჩავარდნილი იყო პროგრამა, იმიტომ რომ 2019 წლის 14 ნოემბერს გამოვედი პირველად პარლამენტში ამის თაობაზე.

მეორე ფაქტორი იყო ის, რომ დარწმუნებული ვარ, მეც და თქვენც 2015 წლის შემდეგ რამდენჯერმე ნამყოფი ვართ საავადმყოფოში და სისხლის საერთო ანალიზი მაინც გვაქვს გაკეთებული, ხოლო სწრაფი ტესტი – არა. სამინისტრომ ვერ მოახერხა, რომ როგორც კი ადამიანი მიაკითხავს სამედიცინო დაწესებულებას, ჯანდაცვის სისტემამ აბსოლუტურად ყველა უზრუნველყოს სწრაფი ტესტით, ეს ვერ ააწყეს. ეს სწრაფი ტესტი სავალდებულო მარტო ჰოსპიტალური პაციენტებისთვის იყო და არა ამბულატორიულისთვის, მარტში ავტეხე მე ამბავი და მაშინ მე ფული გადავიხადე, რომ ეს ტესტი გამეკეთებინა. მხოლოდ აგვისტოდან გახდა სრულიად უფასო ეს ტესტი და ბოლომდე ვერ ააწყეს, რომ ყველა პაციენტი უზრუნველეყოთ სწრაფი ტესტით.

სამინისტრომ გამომიგზავნა წერილი, რომელშიც წერია, რომ ეს სწრაფი ტესტი 1.6 მლნ ადამიანს აქვს გავლილი და ამ ქვეყანაში 2 მლნ-მდე ადამიანი დარჩენილი, რომელსაც სწრაფი ტესტიც არ აქვს გავლილი.

ეს ორი ბარიერია: ფინანსური ფაქტორი და აუწყობელი მენეჯმენტი", - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

BM.GE-ის კითხვაზე რა უნდა გააკეთოს ჯანდაცვის სამინისტრომ მდგომარეობის გამოსასწორებლად, ზურაბ ჭიაბერაშვილმა უპასუხა, რომ მდგომარეობა იმაზე რთულია ვიდრე გვგონია.

"ამირან გამყრელიძემ დღეს დაადასტურა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც პირველადი და მეორადი ტესტის შემდეგ ჰეპატიტი დაუდგინდათ, დაახლოებით 10-15 ათასია ასეთი ადამინი, ისინი მკურნალობას არ გადიან და ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ მოახერხა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც დადასტურებული აქვთ ვირუსი, ჩართონ პროგრამაში.

ახლა რაც არის გასაკეთებელი, ფინანსური ბარიერი მოხსნილია, მაგრამ ინტერესი განელებულია. ახლა მთავარია საინფორმაციო კამპანია და ის, რომ ამბულატორიებში ოჯახის ექიმებთან ნებისმიერი ადამიანის მისვლისას უზრუნველყონ სწრაფი ტესტის გაკეთება, რასაც სჭირდება საქართველოს მასშტაბით ოჯახის და სოფლის ექიმების მობილიზება", - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.