მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იგორ აფციაური: რუსეთისთვის საჰაერო სივრცე უნდა ჩაგვეკეტა

6262804db382a
მარიამ ვარადაშვილი
25.04.22 17:43
3253
უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე რუსეთს საჰაერო სივრცე ევროკავშირის ყველა ქვეყანამ ჩაუკეტა, შედეგად, რუსეთის სამოქალაქო ავიაცია საჰაერო ბლოკადაში აღმოჩნდა.

საქართველოს მთავრობა ამ საკითხს “სიფრთხილით” მიუდგა და დღემდე რუსეთისთვის საჰაერო სირცე არ ჩაუკეტავს, მაშინ როცა თავად რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა ცალმხრივად ჯერ კიდევ 2019 წელს შეწყვიტა. „ამ საკითხს ფრთხილად ვუდგებით და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა 28 თებერვალს.

ავიაციის ანალიტიკოსი იგორ აფციაური მიიჩნევს, რომ მთავრობას რუსეთისთვის საჰაერო სივრცე უნდა ჩაეკეტა. როგორც აფციაური BMG-სთან ამბობს, ეს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა, ხოლო ეკონომიკური დანაკარგის კუთხით მისი გავლენა - უმნიშვნელო.

„სამწუხაროდ, რუსეთს საჰაერო სივრცეს არ ვუკეტავთ. ისინი ჩვენს საჰაერო სივრცეს, ძირითადად, აზიის მიმართულებით ფრენებზე იყენებენ. საჰაერო სივრცე რომ ჩაგვეკეტა, ძალიან გაუჭირდებოდათ აზიის მიმართულებებზე ფრენა, მინიმუმ 2-3 საათი გაუხანგრძლივდებოდათ ფრენები; როცა ვხედავთ რა ხდება უკრაინაში, გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელზე საუბარი მორალური თვალსაზრისით მიუღებელია, თუმცა ამ კუთხითაც რომ შევხედოთ, მიზერული შემოსავალია რუსული ავიაკომპანიებისგან, მით უფრო იმ შემოსავალს თუ შევადარებთ, რასაც საქართველო უკრაინული ავიაკომპანიებისგან იღებდა.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ცა უნდა ჩაგვეკეტა, თუმცა ეს სრულად პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებაა”, - ამბობს იგორ აფციაური.