19.თებერვალი .2020 00:00

Forbes: ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად გამდიდრდნენ 2019-ში

views 1357
უკან

ერთი წლის მანძილზე ყველაზე მეტად მსოფლიოს მასშტაბით გამდიდრდა ირლანდია, რომლის ეკონომიკა 4.3%-ით გაიზარდა. კელტური ვეფხვის ინფლაციამ დაახლოებით 1.4% შეადგინა, ხოლო ერთ მოსახლეზე წლიური რეალური შემოსავალი 2,063 PPP დოლარით გაიზარდა და ამ მაჩვენებლით ის გასულ წელს მსოფლიოში პირველი იყო. ირლანდია ევროპაში საუკეთესო ადგილია ბიზნესის საკეთებლად, რასაც ბოლო წლების მონაცემები ადასტურებს. ამიტომაც კომპანიებს წარმოება ირლანდიაში გადააქვთ.

2019 წელს უნგრეთის ეკონომიკა 4.6%-ით გაიზარდა. ინფლაციამ დაახლოებით 3% შეადგინა. ერთ მოსახლეზე წლიური რეალური შემოსავალი 1,365 PPP დოლარით გაიზარდა. მაღალშემოსავლიანი ქვეყნისთვის 4.6%-იანი ეკონომიკური ზრდა კარგი მაჩვენებელია. უნგრეთი მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალით გამოირჩევა. განსაკუთრებით განვითარებულია საექსპორტო წარმოება, რომელიც იმპორტს აჭარბებს. ქვეყანას ექსპორტის 80%-მდე ევროკავშირში გააქვს. 2019 წელს უნგრეთში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 29,723 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 44-ე ადგილი ეკავა.

2019 წელს ლიეტუვას ეკონომიკა 3.4%-ით გაიზარდა. ინფლაციამ დაახლოებით 2.4% შეადგინა. ერთ მოსახლეზე რეალური წლიური შემოსავალი 1,299 PPP დოლარით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდის პარალელურად ლიეტუვას მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, რაც ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდის ტემპს აჩქარებს. მისი ეკონომიკის 68% მომსახურების სექტორზე მოდის, ინვესტიციების 95%-ს კი ევროკავშირის ქვეყნებისგან იღებს. 2019 წელს ლიეტუვაში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 32,041 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 41-ე ადგილი ეკავა.

2019 წელს მალტაში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური რეალური შემოსავალი 1,254 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის 5.1%-იანმა ზრდამ განაპირობა. შესაბამისად, ამ მაჩვენებლით ის რეიტინგში მეოთხე ადგილას დასახელდა. მალტა ფინანსური და ტურისტული ცენტრია. 2019 წელს ქვეყანაში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 41,386 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 26-ე ადგილი ეკავა.

2019 წელს პოლონეთში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური რეალური შემოსავალი 1,148 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის 4%-იანმა ზრდამ და დაბალმა ინფლაციამ განაპირობა. პოლონეთის ეკონომიკა 600 მილიარდ დოლარზე მეტია და მსოფლიოში მე-20 ადგილზეა სიდიდით. ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის სამრეწველო ცენტრია. მაღალ დონეზეა განვითარებული საბანკო სექტორიც. 2019 წელს პოლონეთში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 29,587 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 45-ე ადგილი ეკავა.

2019 წელს აშშ-ის ეკონომიკა 2.4%-ით, ერთ მოსახლეზე შემოსავალი კი 980 PPP დოლარით გაიზარდა. 2018 წელთან შედარებით, გასულ წელს აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდა, მაგრამ 2.4%-იანი ზრდაც კი შემოსავლის მნიშვნელოვან მატებას იწვევს. ბოლო წლებში ამერიკის ეკონომიკის ზრდას განსაკუთრებით უწყობს ხელს საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმატებები. 2019 წელს აშშ-ში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 56,844 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-10 ადგილი ეკავა.

2019 წელს ესტონეთში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური რეალური შემოსავალი 949 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის 3.2%-იანმა ზრდამ და დაბალმა ინფლაციამ განაპირობა. ესტონეთი ევროზონის წევრი ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირში ყველაზე დაბალი სახელმწიფო ვალით და დაბალანსებული ბიუჯეტით გამოირჩევა. ამასთან, მაღალ დონეზეა განვითარებული ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება. 2019 წელს ესტონეთში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 31,301 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 43-ე ადგილი ეკავა.

2019 წელს რუმინეთში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური რეალური შემოსავალი 942 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ძირითადად ეკონომიკის 4%-იანმა ზრდამ განაპირობა. რუმინეთის ეკონომიკა ბოლო წლებში ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა, რასაც ხელს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტისა და შიდა მოხმარების ზრდა უწყობს. 2019 წელს რუმინეთში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალმა 24,443 PPP დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 58-ე ადგილი დაიკავა.

2019 წელს სლოვენიაში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური რეალური შემოსავალი 931 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის 2.9%-იანმა ზრდამ და დაბალმა ინფლაციამ განაპირობა. გასულ წელს ეკონომიკის ზრდას განსაკუთრებით შეუწყო ხელი ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდამ. 2019 წელს სლოვენიაში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალმა 33,579 PPP დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-40 ადგილი დაიკავა.

და ბოლოს, 2019 წელს ჩინეთში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური რეალური შემოსავალი 930 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის 6.1%-იანმა ზრდამ და დაბალმა ინფლაციამ განაპირობა. ჩინეთის ეკონომიკა 1978 წლიდან მოყოლებული დღემდე მაღალი ტემპით იზრდება და ქვეყანა თანდათან უახლოვდება მდიდარი ქვეყნების ჯგუფს. 2019 წელს ჩინეთში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალმა 17, 027 PPP დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 73-ე ადგილი დაიკავა. თუმცა ცხადია, რომ კორონავირუსის შედეგად, ეს ტენდენცია მიმდინარე წელს შეიცვლება.