მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ფოთის ნავსადგურში დამატებითი სიმძლავრეების შექმნა დროში აცდენილია” - პაატა ცაგარეიშვილი

6057bd6f6a22d
ანუკა ჯოხაძე
22.03.21 11:15
761
“ფოთის ნავსადგურში დამატებითი სიმძლავრეების შექმნა დროში აცდენილია”, - ამის შესახებ BM.GE-ის “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა. როგორც ის ამბობს, ცენტრალური აზიის მიმართულებით არსებული პოტენციალი წლების წინ უნდა გამოგვეყენებინა, დღეს გაკეთებული გათვლები კი ცაგარეიშვილს არარეალურად მიაჩნია. ექსპერტი ასევე ეჭვობს, რომ 93 მილიონი დოლარით შესაძლებელია, იმ მასშტაბის საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც 50,000 ტონის ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს.

“ის პროცესი, რასაც ერქვა ცენტრალური აზიიდან სატრანსპორტო დერეფნებით ტვირთნაკადების გადანაწილების პროცესი, უკვე დიდი ხანია დამთავრდა, დაახლოებით, 2015 წელს, რადგან ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა გარკვეული ინვესტიციები რუსეთის ნავსადგურებში ჩადეს. იქ ააშენეს სათანადო ინფრასტრუქტურა და მათი ტვირთნაკადები იმ სატრანსპორტო დერეფენებში გადანაწილდნენ; მათი აქეთ გადმორთვა იმ პირობებში, როცა გადამუშავების ტერმინალებია აშენებული, აბსოლუტურ სირთულეს წარმოადგენს. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ფოთის ნავსადგურში დამატებითი სიმძლავრეების შექმნა დროში აცდენილია. ეს კი იმიტომ, რომ ტვირთების გადანაწილების პროცესი ცენტრალურ აზიაში დასრულდა, ამ დროს კი ჩვენ შეგვყავს ახალი სიმძლავრეები“, - აცხადებს “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი.

ცნობისთვის: Pace ჯგუფის დამფუძნებელმა ირაკლი კერვალიშვილმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც წინა კვირას გაიმართა, განაცხადა, რომ ცენტრალური აზიიდან მომავალი მშრალი ტვირთებისთვის საქართველო წარმოადგენს არა ძირითად, არამედ ალტერნატიულ საგზაო დერეფანს, რადგანაც არსებულ ვითარებაში ჩრდილოეთის რკინიგზა და ვოლგა-დონის არხი მთავარი დერეფანია. მისი თქმით, ცენტრალური აზიის მსხვილი მწარმოებლებისთვის საქართველოს და ფოთის პორტის დერეფანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგანაც ის მათ დივერსიფიკაციის შესაძლებლობას აძლევს.

ინფორმაციისთვის, ფოთში 93 მილიონიანი ახალი ნავმისადგომის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება. პროექტის სათავეში „პეის ჯგუფი“ დგას. ახალი ნავმისადგომი 27 ჰექტარ ფართობზე შენდება და მისი სიგრძე - 260 მეტრს, ხოლო წყლის სიღრმე 13 მეტრს შეადგენს. ნავმისადგომის დახმარებით, ძირითადად, ცენტრალური აზიიდან წამოსული მშრალი/ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირება მოხდება. პორტი კი, რომელიც 2021 წლის შემოდგომიდან ექსპლუატაციაში შევა, 50,000 ტონის ტვირთამწეობის გემების მიღებად შეეძლებს, რაც, როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ამ დროისთვის საქართველოს არცერთ პორტს შეუძლია.

ჯამურად კი წლის განმავლობაში ახალი ნამვისადგომით 6.5 მილიონი ტონა ტვირთების გადამუშავება მოხდება. პროექტის ჯამური ღირებულებიდან 50 მლნ დოლარის კონტრიბუცია აშშ-ის კერძო საგარეო საინვესტიციო კოპრორაცია (DFC)-ზე მოდის, ხოლო დარჩენილი 43 მლნ დოლარი Pace Group-ის თანამონაწილეობაა. DFC-ის თანხის დაბრუნებას კომპანია 15 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.