მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის თიზ-ში 3.5 მლნ ლარის ინვესტიციით თხილის საწარმო ამოქმედდა

5f734fa5aed04
ვიქტორია მღებრიშვილი
29.09.20 21:35
2640
ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 3.5 მლნ ლარის უცხოური ინვესტიციით თხილის გადამამუშავებელი საწარმო მიმდინარე წლის თებერვალში კომპანია „დავრ ინთერნეიშენალ თრეიდინგმა“ აამოქმედა.

როგორც BM.GE-ს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ებრალიძემ განუცხადა, პროექტის ინვესტორები რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები არიან, თუმცა ინვესტორი ფოთის თიზ-ში აშშ-ში საქართველოს საელჩოს რეკომენდაციით დარეგისტრირდა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია „დავრ ინთერნეიშენალ თრეიდინგის“ მიერ ამოქმედებული საწარმო პირველ ეტაპზე ყოველთვიურად 125 ტონა თხილის გადამუშვებას გეგმავდა, თუმცა პანდემიიის შედეგად შეფერხდა როგორც საწარმოს ოფიციალური გახსნა, ასევე მისი სრული დატვირთვით ამუშავება.



„ამ ეტაპზე, სატესტო რეჟიმის პირობებში, კომპანია ნედლი ნუშის, ქეშიუს და ფისტის იმპორტს ძირითადად აშშ-დან ახორციელებს და დღეისთვის დაახლოებით 260 ტონამდე ნედლეულია იმპორტირებული. საწარმოში ხდება აღნიშნული ნედლეულის დახარისხება, გამოშრობა, მოხალვა და დაფასოება“, - განაცხადა დავით ებრალიძემ.

ფოთის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ „დავრ ინთერნეიშენალ თრეიდინგის“ ბრენდის ქვეშ წარმოებული თხილი უკვე ექსპორტზეც გავიდა.

„საბოლოო პროდუქტი - დაფასოებული ფისტა და ნუში (დაახლოებით 13-15 კგ. მოცულობის ყუთებით); ხოლო ქეშიუ ასევე დაფასოებული ქილებში „დავრ ინთერნეიშენალ თრეიდინგის“ ბრენდის ქვეშ ექსპორტით დსთ-ს ქვეყნებში - რუსეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში გადის, მომავალში კი დაგეგმილია როგორც წარმადობის გაზრდა, ასევე საბოლოო პროდუქტის ევროპის ბაზარზე ექსპორტიც“, - უთხრა BM.GE-ის დავით ებრალიძემ.


ფოთის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, დღეისთვის საწარმო 20 ადგილობრივს ასაქმებს, ხოლო მისი სრული დატვირთვით ამუშავების შემდგომ დასაქმებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ „დავრ ინთერნეიშენალ თრეიდინგის“ თხილის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა გაზაფხულზე იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის გამო გახსნის ღონისძიება ოქტომბრის ბოლოსთვის გადაიდო.

ცნობისთვის, შპს „დავრ ინთერნეიშენალ თრეიდინგი“ (საიდ. კოდი 415105521) ფოთის თიზ-ში 2019 წლის 11 ივნისიდანაა რეგისტრირებული. ის ფლობს საწარმოო ლიცენზიას, რომლის ქვეშაც კომპანიამ ფოთის თავისუფალი ინდუსტიული ზონაში 2 000 მ2 მიწის ფართობზე 1 000 მ2 ფართობის თხილის გადამამუშავებელი ქარხანა ააშენა.