სოფლის განვითარების სააგენტო თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების მიზნობრივ ხარჯვას გაუწევს მონიტორინგს - ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას. სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან კონტროლის მექანიზმის გამკაცრება ითვალისწინებს პროცედურას, რომლითაც აგრომაღაზიები ვალდებულები იქნებიან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებით
განსაზღვრული პროდუქციის რეალიზაციის სისტემური აღრიცხვა განახორციელონ.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი თოდუა BM.GE-სთან ამბობს, რომ ბაღების ნახევარზე მეტი უკვე რეგისტრირებულია. მიღებული დახმარების არამიზნობრივად ხარჯვისთვის კი, სოლიდური ჯარიმები დაწესდება.
"გასულ წელს, 44 ათასი ჰექტარი დარეგისტრირდა. ახლა, მიმდინარეობს ხელახალი რეგისტრაცია უფრო მარტივად. არსებობს რუკები და რეესტრი, მაგრამ თუ გაყიდვა მოხდა, რეალიზაცია, ან რამე ხარვეზი იყო მიდის დაზუსტება. მარტის ბოლოსთვის პროცესი დასრულდება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თხილის ბაღების ნახევარზე მეტი უკვე რეესტრში რეგისტრირებულია.
გასულ წელს, ეს პროექტი პირველად განხორციელდა და იყო გარკვეული ხარვეზები. წელს, ბევრად უფრო მობილიზებულია პირველ რიგში ფერმერი და ასევე, ის პესტიციდების მაღაზიებიც. მაღაზიებსაც აქვთ სპეციალური პირობები. თვეში ერთხელ, თითოეულმა მაღაზიამ უნდა ატვირთოს სპეციალურ პროგრამაში თითოეული ფერმერის მონაცემი და ის, თუ რა შეიძინეს. ეს არის ვალდებულება. კონტროლი კარგია და მივესალმებით. გამოდის ისე, რომ ფერმერი, გარდა იმისა რომ იყიდის მცენარეთა დაცვის საშუალებებს, რაც თხილისთვის საჭიროა და პესტიციდებს სხვა რამეს ვერ შეიძენს. ძალიან მკაცრად გაკონტროლდება და ჯარიმებიც სოლიდური იქნება. გარკვეული რეგულაციები ყველა დარგში საჭიროა. ამ მხრივ, ჩვენი რესურსით ჩვენს მონიტორინგს და მაქსიმალურ მოცვას შევეცდებით" - განაცხადა თოდუამ BM.GE-სთან.
ცნობისთვის, სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამით დადგენილი პირობით, ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების განაღდების პროცესი მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყება და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მოქმედ
500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში.