30.ნოემბერი .2020 15:45

„ფრესკო“: შრომის ინსპექციამ გაგვაფრთხილა, რომ მხოლოდ საკვები და სასმელი გავყიდოთ

„ფრესკო“: შრომის ინსპექციამ გაგვაფრთხილა, რომ მხოლოდ საკვები და სასმელი გავყიდოთ
views 4936
უკან

დღეს დილით, სოციალურ ქსელში გავრცელდა მაღაზიათა ქსელ “სუფთა სახლში” გადაღებული ფოტო, რომელიც მომხმარებლებს საახალწლო სათამაშოების რეალიზაციის დროებით შეჩერების შესახებ ატყობინებს. აღნიშნული bm.ge-ის „სუფთა სახლშიც“ დაუდასტურეს. ირკვევა, რომ მსგავსი შეზღუდვა სხვა მაღაზიებს და სუპერმარკეტების ქსელებსაც ეხებათ, ყოველ შემთხვევაში, ასე ჰგონია კერძო სექტორს, მათ შორის არის “გუდვილიც”, თუმცა აღნიშნულ თემაზე კომპანიის წარმომადგენლებმა ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავეს. როგორც ისინი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავენ, კომენტარს ხვალ მთავრობის შესაბამისი უწყებისგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ გააკეთებენ.

განსხვავებით „სუფთა სახლისა“ და „გუდვილისა“, მცირე კომენტარი გააკეთეს „ფრესკოში“, სადაც დაადასტურეს, რომ დღეიდან მათ ქსელში, მაგალითად, თამბაქო აღარ გაიყიდება. როგორც bm.ge-ს “ფრესკოში”უთხრეს, გუშინ, 29 ნოემბერს კომპანიაში შრომის ინსპექცია შევიდა და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, რომლის თანახმადაც, “ფრესკოს” ქსელებში მხოლოდ საკვები და სასმელი პროდუქციის გაყიდვა უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, ხოლო მისი განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საქმე დადგება.
<16:50 საათი, განახლება: "ფრესკოს" ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ მათ შრომის ინსპექციაში განუცხადეს, რომ "თამბაქო სასურსათო პროდუქციაში გადის და მისი რეალიზაციის უფლება აქვთ">.


BM.GE ვითარების გარკვევას საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილ სხვა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთანაც ცდილობს. ირკვევა, რომ გუშინ გაფრთხილება კიდევ რამდენიმე ბრენდულმა სასურსათო და პირველადი მოხმარების მაღაზიამ მიიღო.

თემასთან დაკავშირებით განმარტების მისაღებად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დავუკავშირდით, სადაც ირწმუნებიან, რომ „მაღაზიებს შეუძლიათ დახლებზე არსებული პროდუქცია გაყიდონ, იმის მიუხედავად, არის თუ არა ეს პროდუქცია არასასურსათო“.

ცნობისთვის: მაღაზიებსა და სუპერმარკეტების ქსელებში, რომელთაც ახალი შეზღუდვები არ ეხებათ, ზემოთაღნიშნული გაუგებრობა გამოიწვია საქართველოს მთავრობის 26 ნოემბერს დამტკიცებულმა დადგენილებამ, რომლის მიხედვით, შემდეგი აკრძალვები არის დაწესებული:

"ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება ხორციელდება დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხება:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციას;

ბ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;

გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;

დ) პრესის ჯიხურებს.“

იურისტების შეფასებით, მთავრობის დადგენილება საკმაოდ ბუნდოვანია და ის ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. ასევე, მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, თუ რისი რეალიზაცია ეკრძალებათ და რა საქონლის რეალიზაცია არ ეკრძალებათ მაღაზიებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა