მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს ანგარიში არასრულფასოვანი კვების შესახებ - რამდენად გავრცელებულია ის საქართველოში?

5f57a1e90ae0b
შოთა ტყეშელაშვილი
08.09.20 18:43
1990
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალური საკვების პროგრამა (World Food Programme) 2020 წლის შიმშილის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში არასრულფასოვნად მოსახლეობის 8.2% იკვებება, რაც ევროპის მასშტაბით არასრულფასოვანი კვების ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. კვლევა მსოფლიოში სიღარიბისა და სურსათის უსაფრთხოების ურთიერთდამოკიდებულებას აღწერს. 

მეთოდოლოგიის თანახმად, ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემების შეგროვების და დაკვირვების პერიოდი 2017-2019 წლები იყო. 

World Food Programme-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ვითარება ასეთია:

სომხეთი - არასრულფასოვნად იკვებება მოსახლეობის 2.6%;
აზერბაიჯანი - არასრულფასოვნად იკვებება მოსახლეობის 2.5%-ზე ნაკლები;
თურქეთი - არასრულფასოვნად იკვებება მოსახლეობის 2.5%-ზე ნაკლები;
რუსეთი - არასრულფასოვნად იკვებება მოსახლეობის 2.5%-ზე ნაკლები;
უკრაინა - არასრულფასოვნად იკვებება მოსახლეობის 3.5%.

საინტერესოა, რომ World Food Programme-ის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, არასრულფასოვანი კვების მაჩვენებელი უჩვეულოდ დაბალია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირანი, ალჟირი, ეგვიპტე, უზბეკეთი და სხვა, სადაც ორგანიზაციის შეფასებით,  მოსახლეობის 2.5%-5% იკვებება არასრულფასოვნად.

ამასთანავე, ცალკეული ქვეყნების შემთხვევაში ორგანიზაციის მიერ გაკეთებული შეფასება სავარაუდოდ უჩვეულოდ მაღალია, მაგალითად სლოვაკეთში World Food Programme-ის მიხედვით, მოსახლეობის 6.1% იკვებება არასრულფასოვნად, რაც სლოვაკეთის შემოსავლების დონის მქონე ქვეყნისთვის არ უნდა იყოს დამახასიათებელი, რადგან ამავე დოკუმენტის თანახმად რიგ ქვეყნებში, სადაც ცხოვრების დონეც და მოსახლეობის შემოსავლებიც სლოვაკეთზე უფრო დაბალია, არასრულფასოვანი კვების პრობლემა ბევრად უფრო ნაკლებად არის გავრცელებული.