მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არის უპასუხისმგებლო" - სალომე ვარდიაშვილი

5e1599c419763
მარიამ ადამია
08.01.20 13:00
1148
"კომპანიის ქმედებას ვუწოდებ უპასუხისმგებლოს და ვფიქრობ, რომ ესეც რბილად ნათქვამია, რადგან დაუშვებელია, ახალ წელს უწყლობა,“ - ამის შესახებ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა სალომე ვარდიაშვილმა, გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიამ ამ პრობლემის შესახებ რამდენიმე თვით ადრე იცოდა, თუმცა სათანადო ზომები დროულად არ მიიღო.

„ისევე როგორც ზამთარი, წინა სეზონიც უნალექო იყო ქვეყანაში და ეს შედეგი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის პროგნოზირებადი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც ვფიქრობ, რომ კომპანიამ სათანადო ზომები თავის დროზე არ მიიღო. ის არის ლიცენზიანტი კომპანია და ევალება თავისი მომხმარებელი, ვინც აბონენტად ჰყავს, მოამარაგოს წლით. ამიტომ მთელს პასუხისმგებლობას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას და მის ცუდ მენეჯმენტს ვაკისრებ“, - განაცხადა ვარდიაშვილმა.

მისი თქმით, წყალი უნდა ყოფილიყო ნომერ პირველი თემა, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინაშე. მათ უნდა მიეწოდებინათ მწვავე და ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სერიოზული დახმარება იყო საჭირო.

„ზამთრის კურორტებზე ინფრასტრუქტურა ახალი გამოცვლილია და ძალიან ცოტა რამ დასჭირდებოდა იმას, რომ ეს დებეტი შევსებულიყო და შესაბამისად, ამ რეალობის წინაშე არ დავმდგარიყავით. ამიტომაც ეს არის გაუმართლლებელი და მიუღებელი საქციელი”, - აღნიშნა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა.

ინფორმაციისთვის: პირველი იანვრიდან დღემდე ბორჯომის მუნიციპალიტეტში შემავალ ზამთრის კურორტებს წყალი შეფერხებით მიეწოდება. შედეგად, სასტუმროები ჰიგიენის ელემენტარულ პირობებს ვერ იცავენ და მაშინ როდესაც, სასტუმროები ყველაზე დიდი დატვირთვით უნდა მუშაობდნენ, სტუმრების გარეშე არიან დარჩენილები. ასე რომ, ზამთრის სეზონის დასაწყისი ჩავარდა, რაც მოგვიანებით, სავარაუდოდ, ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც აისახება.