27.თებერვალი .2020 23:00

გაკოტრების ინდექსი სამედიცინო სექტორში - SavvY-ის კვლევის შედეგები

views 376
უკან

SavvY-ის მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ გადაცემა „საქმიანი დილის“ ახალი რუბრიკის „ბიზნეს ტენდენციები მარიამ ქოიავასთან ერთად“ ფარგლებში სამედიცინო სექტორის ფინანსური მონაცემების მიხედვით ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

კვლევის ფარგლებში, ერთ-ერთ მიგნებად გაკოტრების ინდექსია გამოყოფილი. შედეგების მიხედვით, ამ სფეროში მოღვაწე კომპანიების დაახლოებით 20%-ს 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 80%-დან 100%-მდე ჰქონდათ გაკოტრების ალბათობა.

აღსანიშნავია, რომ კოეფიციენტი სასესხო ვალდებულებებსაც ითვალისწინებს.

მარიამ ქოიავას განმარტებით, მდგომარეობა სავალალო არ არის.

„მნიშვნელოვანია, რომ გარდა გამსხვილებისა და კონცენტრაციის სტრატეგიისა, კომპანიებმა ახალი მიზნები და სტრატეგიული ხედვა დასახონ, როგორიცაა, თუნდაც სამედიცინო ტურიზმის მიმართულება. ეს ძალიან კარგად წამოიწყეს მსხვილმა მოთამაშეებმა სამედიცინო სექტორში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს, ფასისა და ხარისხის კოეფიციენტებიდან გამომდინარე, ამ კუთხით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ასევე, დიდ პოტენციალს ვხედავთ "დენთალ ტურიზმში“ , - აღნიშნავს მარიამ ქოიავა.

როგორც მან დააანონსა, სრული კვლევის პრეზენტაცია, მარტის დასაწყისში ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი. ასევე, დაინტერესებული პირები კვლევის გაცნობას კომპანიის ვებგვერდის საშუალებითაც შეძლებენ.

ცნობისთვის: კვლევა ბოლო 3 წლის სტატისტიკას მოიცავს და როგორც ქოიავა განმარტავს, მასზე მუშაობა იქამდე დაიწყო, სანამ ჯანდაცვის სექტორში ახალი რეგულაციების საკითხი კრიტიკული იქნებოდა. კვლევის ფარგლებში, ფუნდამენტური ანალიზის მიდგომით, გაანალიზდა 171 კომპანია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა