მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განკარგულებას ხელი მოვაწერეთ... თურქეთის ბაზარი გაიხსნა, რაც საქართველოში წამლებს გააიაფებს - პრემიერი

61e519b6e2453
ვიქტორია მღებრიშვილი
17.01.22 11:22
2418
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაცხადებით, დღეიდან იმპორტიორი კომპანიები, თურქეთიდან GMP-ის სტანდარტის შესაბამის, დაბალფასიანი წამლების შემოტანას შეძლებენ. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და იმპორტიორებს თურქეთიდან მაღალი ხარისხის წამლები შემოტანისკენ მოუწოდა.

„დაპირებისამებრ დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, შესაბამისად გაიხსნა თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან მაღალი ხარისხის GMP-ის სტანდარტის შესაბამისი წამლები შემოვა. საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის, ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ 10 ლარი ღირს, თურქეთში 1-2 ლარი ღირს. არავითარი არგუმენტი იმის, რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე და ამიტომ მივიღეთ თურქეთს ბაზრის გახსნის გადაწყვეტილება. იმედი მაქვს იმპორტიორები თურქეთიდან მაღალი ხარისხის წამლებს შემოიტანენ, რაც საქართველოში მედიკამენტების ფასებს გააიაფებს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს მიმართა და კონკურენციის სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა.

„კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე, შესაბამისი რეკომენდაციების პარლამენტს გადაეგზავნა. მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეთხოვოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებს და ერთობლივი მუშაობა დავიწყოთ. რამდენიმე კანონში ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო, რაც ჩვენი მოლოდინით მედიკამენტებს უფრო გააიაფებს. ერთი მხრივ ჩვენი ამოცანა მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგია, ხოლო მეორე მხრივ ხარისხის კონტროლია, ეს არის ნომერ პირველი მოთხოვნა. ჩვენ აქტიურ მუშაობას დავიწყებთ და ბატონი მინისტრი - აზარაშვილი ამ თემაზე მუშაობას დაიწყებს და უახლოეს რამდენიმე კვირაში გვექნება შედეგები“, - განაცხადა მთვარობის მეთაურმა.