“ინვესტორზე შესაბამისი პირობებით გასხვისდება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილი 100%-იანი წილი გარდაბნის თბოსადგურ 3-ში, რომლის ღირებულება 2 450 000 აშშ დოლარს შეადგენს. თბოსადგური, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან წარმოდგენილი და ენერგოსისტემის საჭიროებებიდან გამომდინარე შექმნილი მოთხოვნების (მოქნილი ოპერირების უნარი და სხვა) დაცვით აშენდება. პროექტის განხორციელების (მ.შ - მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება) ვადად კი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს, 4 წელი განისაზღვრება,”- ნათქვამია GOGC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარადდგინონ დამადასტურებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ 2012 წლის შემდგომ აშენებული აქვთ კომბინირებული ციკლის თბოსადგური, რომლის სიმძლავრეც მინიმუმ 150 მეგავატს შეადგენს.
რაც შეეხება ვადებს, პროცედურის პერიოდი ორი თვით განისაზღვრება (2023 წლის 30 ივნისიდან 2023 წლის 31 აგვისტომდე), ხოლო წინადადებები 25 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 საათამდე მიიღება. მონაწილეებს მხოლოდ ერთი წინადადების წარმოდგენის უფლება აქვთ.
ახალი თბოელექტროსადგური კორპორაციის კუთვნილ მიწაზე, უკვე არსებული თბოსადგურების „გარდაბანი 1“ და “გარდაბანი 2“-ის მიმდებარედ აშენდება.
გარდაბნის თბოსადგური 3-ის ასაშენებლად ტენდერი პირველად 2020 წელს გამოცხადდა. მაშინ 272-მეგავატიანი სადგურის მშენებლობისთვის საუკეთესო პრეტედენტად თურქული “ჩალიკ ენერჯი” დასახელდა, რომელიც პროექტს $174.8 მილიონ დოლარად ააშენებდა. თუმცა, 2021 წლის გაზაფხულზე, კორპორაციამ განაცხადა, რომ “ჩალიკ ენერჯისთან" კონტრაქტი აღარ გაფორმდებოდა. პროექტის განვითარება 2023 წლამდე შეჩერებული იყო, ახლა კი გაირკვა, რომ 272-დან 350-მდე გაიზარდა პროექტის საპროექტო სიმძლავრე, ამასთანავე შეიცვალა მისი დაფინანსების სტრუქტურაც, თუკი აქამდე მასში თანხა GOGC-ის უნდა ჩაედო, ახლა პროექტის განვითარება კერძო ინვესტორის ჯიბიდან უნდა მოხდეს.
გარდაბანი 1-ის თბოსადგური მთავრობის დაკვეთით "ჩალიკ ენერჯიმ" ააშენა, "გარდაბანი 2"-ის თბოსადგური კი China Tianchen Engineering Corporation (TCC)-იმ ააშენა.