მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარდაბნის სოფელ კრწანისში ქვის საწარმო ამოქმედდება - კომპანიას მიწა 1 ლარად გადაეცა

6380c5afde656
ვიქტორია მღებრიშვილი
25.11.22 19:30
747
სახელმწიფოს მიერ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში სახელმწიფოს მიერ შპს კოლხეთისთვის 1 ლარად გადაცემულ მიწის ფართობზე, ქვის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდება.

პროექტის შესახებ BM.GE-ს „კოლხეთის“ დირექტორი დალი მაისურაძე ესაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფოს საინვესტიციო ვალდებულებით კომპანიას 3 000 კვ.მ-ის მიწის ფართობი გადასცა და ქვის გადამმუშავებელი საწარმოს აშენება ამ ადგილზე უკვე დაწყებულია.

„პროექტის განხორციელებისთვის ბანკიდან გამოვიტანეთ კრედიტი, ხოლო აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში სესხის პროცენტის თანადაფინანსება ხდება. დღეისთვის წარმოების მოწყობის პროცესი აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს შენობის მოწყობა და მანქანა-დანადგარების გამართვა.

ვალდებულების მიხედვით პროექტის განხორციელებისთვის 240 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩაგვედო, თუმცა დღეისთვის ამაზე მეტია ჩადებული, რამეთუ მხოლოდ დანადგარების ღირებულება 80 000 დოლარს შეადგენდა“, - განაცხადა დალი მაისურაძემ.

კომპანიის დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ წარმოება სატესტო რეჟიმში ახალი წლიდან ამოქმედდება, თუმცა წინასწარ იმაზე საუბარი რა მოცულობის წარმოება იქნება ჯერ უჭირთ.

„წარმოება ყველა სახის დაჭრა-დამუშავებას მოიცავს, როგორც შიდა, ასევე გარე მოსაპირკეთებელი მასალების წარმოებას გულისხმობს. წარმოების ამოქმედების შემდეგ დაახლოებით 15-20 სამუშაო ადგილი შეიქმნება“, - განაცხადა „კოლხეთის“ დირექტორმა და დასძინა, რომ წარმოება ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეეცდება.