მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოსდაცვითი რეგულაციის შეუსრულებლობისთვის 60-მდე საწარმო დააჯარიმეს

63160d40462ba
ელენე გოგბერაშვილი
06.09.22 09:45
762
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან წელიწადი და სამი თვის შემდეგაც სამრეწველო საწარმოების უმრავლესობა კანონის მოთხოვნებს ისევ ვერ აკმაყოფილებს. მათ სხვა გარემოსდაცვით რეგულაციებთან ერთად გასული წლის 1 ივნისიდან ვალდებულება ჰქონდათ დაბინძურების სტაციონალური წყაროებიდან სპეციალური მოწყობილობით ინსტრუმენტული მეთოდით, ონლაინ რეჟიმში მიეწოდებინათ ინფორმაცია სამინისტროსთვის ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევის ფაქტობრივი რაოდენობის შესახებ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ bm.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, რეგულაციის შეუსრულებლობისთვის დაჯარიმებულია 60-მდე სამრეწველო საწარმო, მათ შორის 17 რუსთავში მდებარე საწარმოა.

აღნიშნული რეგულაცია დაახლოებით 85 სამრეწველო საწარმოზე ვრცელდება, გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან დღემდე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 62 საწარმოს მიმართ შედგა, რომელიც განსახილველად სასამართლოში გაიგზავნა, სასამართლომ კი 59 ობიექტს შესაბამისი სახდელი დააკისრა. უწყების ცნობით, მსგავსი საქმე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

„დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შესრულების თაობაზე დაწესდა დამატებითი მოთხოვნები რეგულირების იმ ობიექტების მიმართ, რომლებიც საქმიანობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე. კერძოდ, 2021 წლის 1 ივნისიდან გააჩნიათ ვალდებულებები - დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის უწყვეტი წარმოების ვალდებულება ინსტრუმენტული მეთოდით, უშუალოდ მავნე ნივთიერებების გაფრქვევის წყაროზე (ჰაერსატარში, მილში) და შესაბამის ელექტრონულ სისტემაში მონაცემების ასევე უწყვეტად გადაცემის ვალდებულება.

დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 62 საწარმოს მიმართ (მათ შორის, რუსთავის 17 საწარმოს მიმართ) შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები ასკ 761 მუხლით, რომლებიც გადაიგზავნა შესაბამის სასამართლო ორგანოებში განსახილველად.

დღეის მდგომარეობით, სასამართლოების მიერ საქმეთა განხილვის შედეგად 59 ობიექტის მიმართ დაკისრებულია ადმინისტრაციული სახდელები, 3 საქმე - განხილვის პროცესშია“, - ნათქვამია მოწოდებულ ინფორმაციაში, თუმცა მასში იდენტიფიცირებული არ არის ის საწარმოები, რომლებიც საჯარიმო სანქციებს დაექვემდებარა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის გაფრქვევის წყაროზე თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემა მხოლოდ 11 საწარმოს აქვს დამონტაჟებული.

„დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტისა (მთავრობის დადგენილება №413, 31.12.2021) და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის (მინისტრის ბრძანება №2-740, 24.05.2021) შესაბამისად დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის შედეგების (მონაცემების) დაინერგა ელექტრონული სისტემა, რომელიც 2021 წლის 1 ივნისიდან მოქმედებს.

აღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით, 2021 წლის 1 ივნისიდან დღემდე სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 11 კომპანია“, - ნათქვამია უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები