მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასტრონომიის ასოციაცია გეგმავს, UNESCO–ს ხაჭაპურის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებისთვის მიმართოს

629b6bc8a05d9
მარიამ ადამია
04.06.22 21:30
1719
“საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია არაა ტურიზმის სფეროში მოღვაწე ასოციაცია, გასტრონომია ესაა მეცნიერება” - ამის შესახებ, გადაცემა “საქმიან დილაში” "საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის" ხელმძღვანელმა ლევან ქოქიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გასტრონომია იკვლევს საკვებისა და სასმელის ისტორიას, აღადგენს და ახალი ფორმებითა და თანამედროვე მეთოდოლოგიით სთავაზობს მას მომხმარებელს.

"ჩვენი მიზანია,  შევძლოთ და გასტრონომია ვაქციოთ ერთ-ერთ ყველაზე ფასეულ მიმართულებად ბიზნესისთვის, რომელიც ასევე ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს,” - განაცახდა ქოქიაშვილმა.

მისივე თქმით, ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია მისი ერთ-ერთი მიმართულების, ქართული კულინარიული მემკვიდრეობის როგორც დაცვა, ასევე განვითარება და რაც მთავარია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქართული კულინარიის მაქსიმალურად წარმოჩენა; საქართველოში ამ მიმართულებით განათლების კერების გაჩენა, მასტერკლასებისა და სხვადასხვა სასწავლებლის ამუშავების კუთხით.

“2018 წლიდან დღემდე, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ სფეროსთვის არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორის: მსოფლიო კულინარიულ რუკაზე მონიშნა საქართველო, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კილინარიული შეჯიბრების Bocuse D’or Georgia-ს დაფუძნებით; ჩაატარა ხაჭაპურის სახეობების მასშტაბური პირველი კვლევა საქართველოში - „ხაჭაპური - ტრადიცია საქართველოში“; დააფუძნა „ხაჭაპურის დღე“ 27 თებერვალს და ხაჭაპურის ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურ სახეს მიიღებს. საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის დიდ პროექტებს შორის მოიაზრება „იუნესკოსთვის“ ოფიციალურად მიმართვა, რათა ეს ქართული კერძი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად იქნას აღიარებული; ასევე საქართველო ოფიციალურად გახდა The World’s 50 Best Restaurants – ის მონაწილე,” - აღნიშნა ლევან ქოქიაშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის" ხელმძღვანელის თქმით, პროექტებს შორისაა, FAO-ს ჩართულობით წიგნის - „გემოს კიდობანი - საქართველო“ გამოცემა და 2023 წლისთვის შეფმზარეულების ეროვნული ჩემპიონატის გამართვა.

ცნობისთვის, საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა, 250 წევრსა და 57 შეფმზარეულს აერთიანებს და მისი მთავარი მიზანი საქართველოს გასტრონომიული კულტურის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით.