28.იანვარი .2020 10:00

გასული, მიმდინარე და მომდევნო წლები: საქართველო და სავაჭრო პარტნიორების მდგომარეობა

views 1051
უკან

საქართველოს საკმაოდ ღია ეკონომიკის ქვეყანაა, რაც ხაზს უსვამს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე საგარეო ვაჭრობის როლს. ბოლო ათწლეულის ზრდის მოდელში საგარეო მოთხოვნას მნიშვნელოვანი წვლილი გააჩნია და შესაბამისად, წმინდა ექსპორტი ეკონომიკური ზრდის თვალსაჩინო კომპონენტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლებზე გლობალურ ეკონომიკის და განსაკუთრებით, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების მდგომარეობა მკაფიოდ აისახება, რასაც გავლენა საგარეო მოთხოვნის - ექსპორტის არხით გააჩნია. თუ სავაჭრო პარტნიორებში მდგომარეობა სტაბილურია, საგარეო მოთხოვნა იზრდება და პირიქით, გაუარესებული გარემო პირობებში მცირდება. კერძოდ, თუ სავაჭრო პარტნიორის ადგილობრივი მოხმარება იზრდება და ეროვნული ვალუტა მყარდება, მისი მხრიდან ექსპორტზე მოთხოვნა მზარდია. ვინაიდან, ეროვნული ვალუტის გამყარების პირობებში, ქვეყანას იმპორტი უფრო იაფდება.

ძირითადი სავაჭრო პარტნიორები

ექსპორტის მიხედვით, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებს, რომელსაც 2019 წელს მთლიან ექსპორტში 13.2%-იანი წილი გააჩნია. გასულ წელს აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულებამ 498.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა პერიოდთან შედარებით 0.7%-ითაა შემცირებული. ექსპორტის განაწილებაში მეორე ადგილს რუსეთი იკავებს. 2018 წელთან შედარებით, რუსეთში განხორციელებული ექსპორტი 13.9%-ით მეტი, 497.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი და მომსახურებაა. 2019 წელს ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორ სომხეთთან, სადაც გასულ წელს ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 412.2 მლნ აშშ დოლარია. ეს კი, წინა პერიოდის მაჩვენებელს 47.9%-ით აღემატება. სომხეთის წილი მთლიან ექსპორტში 10.9%-ს იკავებს.

2019 წლის საქართველოს მთლიან ექსპორტში 7.5%-ით და 6.5%-ით მეოთხე-მეხუთე ადგილებს ბულგარეთი და უკრაინა იკავებენ. ამ ქვეყნებში, 2018 წელთან შედარებით, ექსპორტი 9.8%-ით და 39.8%-ით არის გაზრდილი. გასულ წელს უკრაინაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულებამ 244.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბულგარეთის შემთხვევაში 284.2 მლნ აშშ დოლარია.



ზემოთ აღნიშნული ხუთი ქვეყნის წილი მთლიან ექსპორტში ნახევარზე მეტი, 51.3%-ია, რაც 2018 წელის მაჩვენებელს 2.1 პ.პ. -ით აღემატება. აღნიშნულ წელს აზერბაიჯანში, რუსეთში, სომხეთში, ბულგარეთში და უკრაინაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ჯამური ღირებულება მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 9.4%-ს შეადგენდა, ხოლო წმინდა ექსპორტი (ექსპორტს - იმპორტი) კი - 5.2%-ს.

ამდენად, ფაქტია, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვანი როლი გააჩნია ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. შესაბამისად, საინტერესო იქნება ზემოთ ხსენებული ქვეყნის გასული, მიმდინარე და მომდევნო წლების ეკონომიკური მდგომარეობისა და პერსპექტივების განხილვა.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის ეკონომიკის ½ -ზე მეტი ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უჭირავს, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 4/5-ზე მეტს შეადგენს. შესაბამისად, ნავთობის ფასს აზერბაიჯანის ეკონომიკაზე მძლავრი გავლენა გააჩნია. 2014 წლის მეორე ნახევრიდან ნავთობის ფასის კატასტროფულმა ვარდნამ ამ ქვეყნის ეკონომიკის რეცესია გამოიწვია. 2014 წლის ივლისიდან 2016 წლის მაისამდე ნედლი ნავთობის ფასი 67.9%-ით შემცირდა. 2015 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა მხოლოდ 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო 2016 წელს კი 3.1%-ით შემცირდა. ეკონომიკის რეცესიას 12.4%-იანი ინფლაცია და ეროვნული ვალუტის გაუფასურება დაემატა, რამაც ქვეყნის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ეს კი საგარეო მოთხოვნაზეც აისახა. კონკრეტულად, 2015 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 55.8%-ით, ხოლო 2016 წელს კიდევ 36.7%-ით შემცირდა. 2017 და 2018 წლებში აზერბაიჯანის ეკონომიკა 0.2%-ით და 1.4% -ით გაიზარდა. 2018 წელს კი ინფლაცია შემცირდა, რამაც 2.3% შეადგინა. აღნიშნული გაუმჯობესება საქართველოდან გაზრდილ ექსპორტში აისახა, რაც 2014 წელს არსებულ ნიშნულს მიუახლოვდა.

ბოლო წლების რეცესიის შემდეგ, 2019 წელის პირველი ნახევარი აზერბაიჯანის ეკონომიკისთვის პოზიტიური აღმოჩნდა. ორი კვარტლის ეკონომიკური ზრდა 2.4%-ს შეადგენდა, თუმცა წლის მეორე ნახევარში ნავთობის შემცირების შემდეგ, წლიური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი 2.2%-ია (ნავთობისა და გაზის გარეშე 3.5%). რაც შეეხება ინფლაციას, 2019 წელს სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2.6%-ით გაიზარდა. 2018-2019 წლებში კი აზერბაიჯანი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა.

მომდევნო ხუთწლიან პერიოდში, აზერბაიჯანის ეკონომიკის ყოველწლიური ზრდა საშუალოდ 2.2%-ითაა პროგნოზირებული, ხოლო ინფლაცია კი 3.5%-იანი ნიშნულით. 2020-2022 წლებში კი აზერბაიჯანის საგარეო მოთხოვნის საშუალოდ 3.2%-იანი ზრდაა ნავარაუდევი, რაც საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება.

რუსეთი

მსგავსად აზერბაიჯანისა, რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვან წილად ნავთობის და გაზის ფასებზეა დამოკიდებული. თუ ნავთობის ფასი ეცემა, ეკონომიკური ზრდაზე უარყოფითად აისახება, რადგან რუსეთი ნავთობისა და გაზის წმინდა ექსპორტიორი ქვეყანაა, რასაც მთლიან ექსპორტის დაახლოებით 2/3 ამ უკანასკნელს უჭირავს, რაც მშპ-ს დაახლოებით 1/3-ია. 2014 წლის მეორე ნახევარში ნავთობზე ფასების კლება და უკრაინის ტერიტორიის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე მძიმედ აისახა. 2014 წელს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 0.7%-ს შეადგენდა, რაც 2015 წელს 2.3%-ით შემცირდა. ეკონომიკის შემცირებასთან ერთად ინფლაციამ 10%-იან ნიშნულს გადააჭარბა. ეკონომიკური რეცესიის ფონზე, რუსეთი მხრიდან 2015 წელს საგარეო მოთხოვნა 25.0%-ით შემცირდა, რაც საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულების 40.7%-იან შემცირებაში გამოიხატა.

2016 წლიდან რუსეთის ეკონომიკა რეცესიული მდგომარეობიდან ამოვიდა. ამ წელს ზრდის მაჩვენებელმა 0.3% შეადგინა, ინფლაცია კი - 5.4% იყო. მომდევნო ორწლიან პერიოდში მშპ 1.6%-ით და 2.3%-ით გაიზარდა, ხოლო ინფლაცია 3.7%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა. აღნიშნულ პერიოდში, რუსეთის მხრიდან საგარეო მოთხოვნაც გაიზარდა. კერძოდ, 2017 წელს რუსეთის იმპორტი 16.7%-ით და 2018 წელს 2.6%-ით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წელს საქართველოდან ექსპორტი 92.5%-ით გაიზარდა, ხოლო მომდევნო წელს კი - 10.1%-ით. გასული წლის რუსეთის ზრდის მაჩვენებელი შედარებით დაბალია, ვიდრე წინა ორის. 2019 წლის სამი კვარტლის მიხედვით, მშპ-ს ზრდამ 1.1% შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 2.1% იყო. შესაბამისად, საგარეო მოთხოვნის ზრდაც უფრო დაბალი იყო. მიუხედავად ამისა, 2019 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 13.9%-ით გაიზარდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 3.8 პ.პ. -ით მეტია.

დღეს არსებული პროგნოზებით, მომდევნო ხუთი წელი რუსეთის ეკონომიკური ზრდა საშუალოდ ყოველწლიური 2.0%-იანი ზრდითაა პროგნოზირებული, ხოლო ინფლაცია კი - საშუალოდ 3.9%-იანი ნიშნულით. აღნიშნული პროგნოზების პირობებში, რუსეთის ყოველწლიური საგარეო მოთხოვნის ზრდა საშუალოდ 3.4%-ითაა ნავარაუდევი, რაც საქართველოდ რუსეთში ექსპორტზე ზრდის კუთხით აისახება.

სომხეთი

2014-2016 წლებში რეგიონში არსებული დაბალი ეკონომიკური ზრდა სომხეთის განვითარების ტემპზეც აისახა. 2014 წელს სომხეთში არსებული 4.1%-იანი ზრდის შემდეგ, 2015 წელს მშპ 3.0%-ით გაიზარდა, ხოლო 2016 წელს კი - 0.7%-ით. აღნიშნულ პერიოდში, სომხეთში დეფლაციას ჰქონდა ადგილი. 2015 წელს სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0.1%-ით შემცირდა, ხოლო 2016 წელს კი - 1.1%-ით. ამ წლებში არსებული დაბალი ეკონომიკური ზრდის ტემპი სომხეთის მხრიდან საგარეო მოთხოვნის შემცირებაზეც აისახა. 2015 წელს სომხეთის მიერ იმპორტირებული საქონელი და მომსახურება 16.4%-ით შემცირდა. 2015 წელს საქართველოდან სომხეთში ექსპორტი 37.5%-ით შემცირდა, რაც 2016 წელსაც 16.3%-იანი კლებით დაფიქსირდა. ამდენად, ორწლიან პერიოდში სომხეთის დაბალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, საქართველოდან სომხეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება, მანამდე არსებულთა შედარებით, თითქმის ½ -ით შემცირდა.

2017 წელს სომხეთში მაღალი ეკონომიკური ზრდა, 7.7%-იანი ნიშნულით დაფიქსირდა. 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 5.6% იყო. აღნიშნულ პერიოდში, ინფლაციამ 2.6% და 1.8% შეადგინა. თავის მხრივ, ეკონომიკურ ზრდაში მოხმარებას წამყვანი როლი გააჩნდა, რაც სომხეთის მიერ საგარეო მოთხოვნაზე დადებითად იმოქმედა. კონკრეტულად, 2017 წელს სომხეთის იმპორტი 25.2% გაიზარდა, ხოლო 2018 წელს კი - 21.4%-ით. აღნიშნულმა საქართველოდან სომხეთში საქონელი და მომსახურების ექსპორტზე დადებითად იმოქმედა. ამ პერიოდში საქართველოდან ექსპორტის მაჩვენებელი 39.4%-ით და 32.5%-ით გაიზარდა. გასული წლის 11 თვის მონაცემებით, სომხეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6.6%-ია, ხოლო ინფლაცია 1.5%-იან ნიშნულს იკავებს. ამავე პერიოდში სომხეთის იმპორტი 6.6%-ითაა გაზრდილი, ხოლო საქართველოდან სომხეთში ექსპორტის მაჩვენებელი 47.9%-ითაა გაზრდილი.

მომდევნო წლებში სომხეთის ეკონომიკის, გასულ წლებთან შედარებით დაბალი, მაგრამ სტაბილური ზრდაა პროგნოზირებული. ხუთწლიან პერსპექტივაში საშუალოდ 4.6%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. ამავე პერიოდში, სომხეთის მიერ საგარეო მოთხოვნის ყოველწლიური ზრდის პროგნოზი საშუალოდ 5.1%-ია, რაც საქართველოდან სომხეთში ექსპორტის ზრდაზე დადებით გავლენას იქონიებს.

ბულგარეთი

2012-2014 წლებში დაბალი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2015 წელს ბულგარეთის მშპ 3.5%-ით გაიზარდა, ხოლო 2016-2018 წლებში კი - საშუალოდ 3.6%-ით. აღნიშნული პერიოდის ზრდის ძირითადი ფაქტორი კერძო მოხმარების შედარებით მაღალი და სტაბილური მატებაა. 2013-2016 წლებში ბულგარეთში დეფლაციას ჰქონდა ადგილი, სადაც სამომხმარებლო ფასების ინდექსი ყოველ წელს საშუალოდ 1.1%-ით იკლებდა. 2017-2018 წლებში კი ინფლაციის მაჩვენებელმა საშუალოდ 2.1% შეადგინა. 2014-2018 წლებში ბულგარეთის იმპორტის მაჩვენებელი ყოველწლიურად საშუალოდ 5.2%-ით იზრდებოდა. ამ პერიოდში საქართველოდან ბულგარეთში ექსპორტის მაჩვენებელს, გარდა 2016 წელს 25.0%-იანი კლებისა, საშუალოდ 27.7%-იანი ზრდა ახასიათებდა.

გასული წლის სამი კვარტლის მიხედვით, ბულგარეთის ეკონომიკურმა ზრდამ 3.1% შეადგინა, სადაც კერძო მოხმარების ზრდა 4.4%-ია. ამავე პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელმა 3.8% დაფიქსირდა. ინფლაციის ეს მაჩვენებელი უმეტესად სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასების 7.0%-იან ზრდას უკავშირდება. მიუხედავად ბულგარეთის ეკონომიკაში მოხმარების ზრდისა, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით იმპორტის მოცულობა 12.9%-ით შემცირდა (არ მოიცავს ევროკავშირის ქვეყნებს). ეს კი გარკვეულწილად საქართველოდან ბულგარეთში საქონელი და მომსახურების ექსპორტზეც აისახა, რადგან საქართველოდან ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი შედარებით დაბალია. კონკრეტულად, 2019 წელის საქართველოს ექსპორტი ბულგარეთში 9.8%-ით გაიზარდა, რაც წინა წლების საშუალო ზრდაზე 17.9 პ.პ. -ით ნაკლებია.

მომდევნო წლებში ბულგარეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შედარებით დაბალია, ვიდრე წინა პერიოდში არსებული ნიშნულები. 2020-2024 წლებში ყოველწლიური ზრდა საშუალოდ 2.9%-ითაა ნავარაუდევი. ამავე პერიოდში, ბულგარეთის საგარეო მოთხოვნის ყოველწლიური ზრდის ტემპი საშუალოდ 4.1%-ითაა პროგნოზირებული. ამდენად, საქართველოდან ბულგარეთში ექსპორტის ზრდა წინა წლებში არსებული ტემპის ფარგლებშია მოსალოდნელი.

უკრაინა

ათ წელზე მეტია, რაც უკრაინის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. ჯერ კიდევ მსოფლიოს ფინანსური კრიზისის დროს, 2009 წელს უკრაინის ეკონომიკა 15.1%-ით შემცირდა, ხოლო შემდეგ წლებში ზრდის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი იყო. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საომარი მოქმედებების შედეგად, ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა. 2014 წელს ეკონომიკა 6.6%-ით შემცირდა, ხოლო სამომხმარებლო ფასები 24.9%-ით გაიზარდა. მომდევნო წელი უფრო მძიმე აღმოჩნდა. ამ წელს ინფლაციამ 43.3%-ს მიაღწია, ხოლო ეკონომიკა 9.8%-ით შემცირდა. ზემოთ აღნიშნული მოვლენები ეროვნული ვალუტის - გრივნას მდგომარეობაზეც აისახა, რომელიც დოლართან მიმართებით 65%-ზე მეტით გაუფასურდა. შესაბამისად, შემცირდა უკრაინის მიერ საგარეო მოთხოვნა, რაც უკრაინა-საქართველოს შორის ვაჭრობის მაჩვენებლებსაც დაეტყო. საქართველოდან ექსპორტი ორივე წელს შემცირდა. 2015 წელს უკრაინაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 3-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე 2013 წლის მაჩვენებელი. უკრაინის ეკონომიკამ რეცესიიდან ამოსვლა 2016 წელს დაიწყო. თუმცა, ამ პერიოდში ზრდის ტემპი საშუალოდ 2.7%-ს შეადგენდა. ინფლაციის მაჩვენებელიც შედარებით შემცირდა, მაგრამ კვლავ მაღალ ნიშნულს იკავებდა. 2016 წელს სამომხმარებლო ფასების ინდექსი 9.3% გაიზარდა, ხოლო 2017 წელს კი - 12.6%-ით. ამავე პერიოდში, იმპორტის ზრდა საშუალოდ 8.4% იყო. შესაბამისად, საქართველოდან ექსპორტიც გაიზარდა. კონკრეტულად, 2016 წელს ექსპორტის ზრდამ 22.5% შეადგინა, 2017 წელს 69.8% და 2018 წელს კი - 40.6%.

გასული წლის პირველ ნახევარში უკრაინის ეკონომიკა 3.6%-ით გაიზარდა, რაც მთლიანი წლისთვისაც ამავე მაჩვენებელზეა მოსალოდნელი. 2019 წელს ინფლაცია ისევ მაღალ ნიშნულს იკავებდა. 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 6.3%-ითაა გაზრდილი. გასულ წელს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების ფონზე ეროვნული ვალუტაც შედარებით გამყარდა. ამდენად, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და გრივნას გამყარებამ საქართველოდან ექსპორტზე დადებითი გავლენა იქონია. 2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 39.8%-ით გაიზარდა და აბსოლუტურ გამოხატულებაში, უკრაინა-საქართველოს სავაჭრო ისტორიაში ყველაზე მაღალი ნიშნული დაიკავა, ხოლო მთლიან ექსპორტში წილით უკრაინის ეკონომიკურ კრიზისამდე არსებულ მაჩვენებელს მიუახლოვდა.
ამ დროისთვის არსებული პროგნოზებით, მომდევნო ხუთწლიან პერიოდში უკრაინის ყოველწლიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 3.2% იქნება, ხოლო ინფლაცია კი - საშუალოდ 5.1%. 2020-2024 წლებში უკრაინის მიერ იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ყოველწლიური ზრდა საშუალოდ 7.2%-ითაა ნავარაუდევი, რაც გასული წლების ზრდის ტემპთან შედარებით დაბალია. შესაბამისად, არსებული პროგნოზების გათვალისწინებით, გასული წლებთან შედარებით, საქართველოდან უკრაინაში ექსპორტის ზრდის უფრო მაღალი ტემპი ნაკლებად მოსალოდნელია.

შეჯამება

2017 წლიდან საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია. აღნიშნული პერიოდიდან, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შედარებით მაღალია. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ამ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების ტემპი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია, რამაც საქართველოს ექსპორტზე დადებითი გავლენა იქონია.



საერთო ჯამში, 2019 წლის მდგომარეობით, საქართველოდან ხუთივე ქვეყნაში განხორცილებული საქონელი და მომსახურების ექსპორტი მთლიანი ექსპორტის ½ -ზე მეტია, რაც 2016 წლის შემდეგ 160.6%-ითაა გაზრდილი. კერძოდ, 2014-2016 წლებში, როცა ამ ქვეყნების ეკონომიკა არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდა, საქართველოდან ექსპორტი საშუალოდ 20.7%-ით მცირდებოდა, ხოლო ეკონომიკური ზრდის ტემპის გაუმჯობესების შემდეგ კი - საშუალოდ 38.7%-ით იზრდება. აღნიშნულ წლებში ექსპორტის ზრდა ხუთივე ქვეყნაში იყო, მაგრამ აღსანიშნავია სომხეთისა და უკრაინაში ექსპორტის ზრდა და მათი წილი მთლიან ექსპორტში. ორივე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ადრეულ პერიოდთან შედარებით ბოლო სამ წელიწადში საკმაოდ გაუმჯობესდა, რაც საქართველოდან ამ ქვეყნებში განხორცილებული ექსპორტის ზრდაზე აისახა.

ამდენად, საქართველოს ეკონომიკის ზრდა მჭიდროდ დაკავშირებულია საგარეო მოთხოვნასთან. ამ უკანასკნელს კი, სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს. რაც უფრო მაღალია სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ეკონომიკების ზრდის ტემპი, მით უფრო მაღალი საქართველოს ეკონომიკური ზრდა, რადგან ზრდის მოდელში ექსპორტს მნიშვნელოვანი წვლილი გააჩნია. გარდა ეკონომიკური ზრდისა, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და გამყარება, მათი მხრიდან საქართველოს ექსპორტზე დადებითად აისახება.

რაც შეეხება მომდევნო წლების პროგნოზებს, დღეს არსებული მდგომარეობით, მომდევნო ხუთწლიან პერიოდში საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორის ზრდის ტემპი და მათი საგარეო მოთხოვნა, დაახლოებით, იმავე ნიშნულზე იქნება, რაც გასულ წელს იყო. ამდენად, მომდევნო წლებში, საქართველოდან ექსპორტის ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლები ნაკლებად მოსალოდნელია.




მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა