მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გახარიამ გულახდილად გვითხრა...არ აქვთ ფული და მოკალი" - რისი უფლება მისცა კლინიკებს პრემიერმა

5e523aa485821
თელარა გელანტია
23.02.20 14:17
6883
კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობას უხდის.

მისი თქმით, პრემიერს რომ კლინიკებისთვის პაციენტებისგან ჰონორარის მიღების საშუალება არ მიეცა, 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ, კლინიკა „გული“ ოპერაციებს ვერ გააკეთებდა და გაჩერდებოდა.

ანზორ მელიამ bm.ge-ისთან განმარტა, რას გულისხმობს ჰონორარის აღებაში, რომელსაც თითქოს ექიმი იღებს, მაგრამ რეალურად, კლინიკა ამ სახით ივსებს იმ დანაკლისს, რაც ოპერაციების ახალი განფასების შემდეგ შეექმნათ.

„ერთ მაგალითს გეტყვით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 520-ე დადგენილებით, აორტო-კორონარული შუნტირების ოპერაცია განფასებულია 8500 ლარად, მაშინ როდესაც ოპერაცია რომ გააკეთო უახლესი ტექნიკით, თანამედროვე მასალით და ა.შ. ჯდება მინიმუმ 12,000 ლარი; როდესაც ავადმყოფი შეგყავს საოპერაციოში, უკვე იქ იხარჯება 7-8 ათასი ლარი, შემდეგ გადაგვყავს პოსტსაპერაციო პალატაში და.აშ. ეს ხომ ცალკე ხარჯია?! 12,000 ლარზე ნაკლები არავითარ შემთხვევაში არ ჯდება და 520-ე დადგენილებით, რომ 8500 ლარად განაფასეს ეს მომსახურება, ფაქტობრივად, გავჩერდით და ოპერაციებს ვეღარ ვატარებდით. მაშინ, გასული წლის დეკემბერში როცა შევხვდით პრემიერ-მინისტრს, მე ვუთხარი, რომ იქნებ პაციენტს ექიმის არჩევის და ჰონორარის მიღების უფლება მოგვცეთ, რომ ასე დავაბალანსოთ ეს 4000-ლარიანი დანაკლისი-მეთქი. გახარიამ გვითხრა, ეს ჭკუასთან ახლოს არისო, ორი დღე მაცალეთო და მართლაც მესამე დღეს მოგვცა ოფიციალურად ჰონორარის მიღების უფლება. მე ამან მომცა შესაძლებლობა, რომ არ გამეჩერებინა ოპერაციები... ძალიან მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრის, რასაც შემპირდა ჰონორარზე, იმის ფლება მომცა.... არ აქვთ ფული და მოკალი. იმ შეხვედრაზე პრემიერმა გულახდილად გვითხრა და მეც გაკვირვებული ვიყავი ამ გულახდილობთ, რადგან ჩვენ ძველ თანხებს ვერ დავუბრუნდებითო, იქ იყვნენ ჩემი კოლეგებიც და ორაზროვნად არ უთქვამს, გულახდილად გვითხრა, ვერ დავუბრუნდებით ძველ ტარიფებსო, თუ დავუბრუნდებით, სახელმწიფო ვერ იარსებებსო და გინდათო? მოდითო მოვილაპარაკოთო. იქნებ რამე საერთო ენა გამოვნახოთ ერთმანეთთანო და მაშინ იყო, რომ ვუთხარით, ჰონორარის საშუალება მაინც მოგვეცით, რომ როცა ავადმყოფის პატრონს უნდა ოპერაციის ჩატარება და შეუძლია, დაუმატოს თანხა. ასე შევძელით მუშაობის გაგრძელება“, - აცხადებს ანზორ მელია.

Bm.ge-ის კითხვას - ჰონორარების თემასთან დაკავშირებით, საქმის კურსში არის თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო და თუ - კი, რა რეაქცია ჰქონდათ, „გულის“ მფლობელმა შემდეგი პასუხი გასცა:

„როგორც კი, გიორგი გახარიამ მოგვცა ჰონორარის აღების უფლება, სამინისტრო მეორე კვირასვე დაინტერესდა და მოგვწერეს, რამდენს იღებთ ჰონორარსო და ჩვენც მივწერეთ, რომ ერთ მანიპულაციაზე 1000-ლარიდან 4000 ლარამდეა ჰონორარი. ჯერ არაფერი უთქვამთ, მაგრამ როცა უნდათ ალბათ დედას გვიტირებენ (იღიმის). რეალურად, დავით სერგეენკოს ბრალია ის სიტუაცია, რაც ახლა ხდება, მან დაარიგა ლიცენზიები და სწორედ მის დროს სოკოებივით აღმოცენდნენ კლინიკები, რომლებიც მხოლოდ ფულის კეთებაზე იყვნენ გადართულები და დღეს კი, სამინისტრომ, მთავრობამ ყველა კლინიკა და ექიმი ერთ ქვაბში ჩაგვყარა. ასე არ შეიძლება“, - განაცხადა ანზორ მელიამ და დასძინა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის საბჭო, რომელიც პრემიერის დავალებით დეკემბერში შეიქმნა, არაეფექტიანია.

„პრემიერმა კი უბრძანა, ზომები მიიღეთო, მაგრამ 2 თვე გავიდა და არანაირი შედეგი არაა“, - ამბობს „გულის“ დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ კლინიკა „გულისგან“ განსხვავებით, ზოგიერთი კლინიკა ჰონორარების აღების გზით მუშაობის გაგრძელება არ დაუწყია, მაგრამ ამბობენ, რომ სავარაუდოდ, მოუწევთ, რადგან 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ, გეგმიურ ოპერაციებს აღარ ატარებენ.

ჰონორარების აღების პრაქტიკაე bm.ge ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესაც ესაუბრა. მინისტრი ადასტურებს, რომ ამის შესახებ იცის და არ მოსწონს, მაგრამ რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს და - როდის, არ აკონკრეტებს.

- იცით თუ არა და მოგწონთ, რომ მაგალითად, შუნტირების ოპერაციას როცა იკეთებს პაციენტი, ჰონორარის სახით 4000 ლარს ამატებს?

- პაციენტი 4000 ლარსაც და 8000 ლარსაც ამატებდა ადრეც და ამატებს ახლაც. არ მოგვწონდა არც ადრე და არ მოგვწონს არც ახლა.

- პაციენტების მხრიდან ჯიბიდან გადახდების შემცირება თუ არის თქვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამ გზით სწორად მივალთ ამ მიზნამდე?

- ჯერ პირველი ამოცანაა, დადგინდეს ხარისხი და ხარისხთან შესაბამისი ფასი. ხარისხთან შესაბამისი ფასის დადგენის შემდეგ მივიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებებს და გატარდება ღონისძიებები, მაგრამ პაციენტის ფუულებები აუცილებლად იქნება დაცული.

- ანუ შეიძლება კლინიკებთან გქონდეთ მეტი კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით?

- კლინიებთან ისედაც საკმარისი კითხვები გვაქვს. უბრალოდ, საჭიროა, ამ კითხვებზე გაეცეს საკმარისი პასუხები.