მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზის გაძვირება ხარჯებს 20-22%-ით გაგვიზრდის - „კულა“

6186620e2b660
ანუკა ჯოხაძე
06.11.21 17:50
958
მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებისთვის, კერძოდ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზი 20 თეთრით გაძვირდება. მოქმედი ტარიფი კერძო სექტორში, 1მ3 გაზის მოხმარებისთვის 95 თეთრია.

როგორც კომპანია “კულას” დამფუძნებელი ივანე გოგლიძე აცხადებს, გაზის ტარიფის გაზრდა რეგიონებში მდებარე საწარმოებისთვის მძიმე წნეხი იქნება.

ბიზნესმენი არ აკონკრეტებს პროცენტულ მაჩვენებელს, თუ რამდენად გაძვირდება პროდუქცია, თუმცა მისი თქმით, გაძვირება გარდაუვალია, რადგან “კულას” ზოგიერთი პროდუქტის თვითღირებულებაში ბუნებრივ აირზე გაწეულ ხარჯს 25% უჭირავს.

“გაზის ტარიფის გაზრდა, პრაქტიკულად, 20-22%-ით გვიზრდის ხარჯებს. ამას ნეგატიური გავლენა ექნება არა მარტო ჩვენს წარმოებაზე, არამედ ყველა იმ კომპანიაზე, რომლებიც რეგიონებში ფუნქციონირებენ. გავლენა მეტად ნეგატიური იქნება ზამთრის პერიოდში, რადგან მოხმარება ამ დროს უფრო მეტია. ჩვენს შემთხვევაში იცით, რომ პასტერიზაცია და ქილის დამუშავება ორთქლით ხდება, რათა პროდუქტში ბაქტერია არ მოხდეს. აქედან გამომდინარე, არის პროდუქტები, რომელთა თვითღირებულებაში 20-25%-იანი წილი უჭირავს ბუნებრივ აირს. ამდენად, სავარაუდოდ, გაიზრდება პროდუქციის ფასი. ახლა უნდა ვეცადოთ, რომ გაზზე გაზრდილი ტარიფი რაიმეთი დავაბალანსოთ“, - აცხადებს კომპანია “კულას” დამფუძნებელი ივანე გოგლიძე და იქვე აღნიშნავს, რომ ზამთრის პერიოდში კერძო სექტორს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება დასჭირდება.

„კარგი იქნება თუ სახელმწიფო ზამთრის პერიოდში მაინც დაასუბსიდირებს გაზრდილ ტარიფს, რათა ადაპტაცია შევძლოთ. ჩემი აზრით, დაახლოებით, 3-4 თვე უნდა ჰქონდეს ბიზნესს შეღავათი. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ აპრილი-მაისის თვემდე შევინარჩუნოთ ძველი ფასები, ხოლო უკვე ახალი სეზონიდან ახალი ფასები შევთავაზოთ ბაზარს“, - ამბობს კომპანია “კულას” დამფუძნებელი ივანე გოგლიძე.