მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი აზარაშვილს კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე სამუშაო ჯგუფის შექმნას ავალებს

61e51de78bd2b
ვიქტორია მღებრიშვილი
17.01.22 11:37
671
2018 წლის ივლისში მაშინდელმა პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა დაევალა. მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფმა კონკურენციის სააგენტომ ამ მოკვლევის ფარგლებში შუალედური ანგარიში მხოლოდ გასული წლის ნოემბერში გამოაქვეყნა, სრული დოკუმენტი კი სააგენტოს ვებგვერდზე 10 იანვარს გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, კონკურენციის სააგენტო სახელმწიფოს 13 რეკომენდაციას აძლევს, მათ შორისაა აუცილებელი წესით გენერიკული მედიკამენტების სამედიცინო რეცეპტში მითითების წესების განსაზღვრა, ასევე GMP სტანდარტების და ელექტრონული რეცეპტის სისტემის დანერგვა. დოკუმენტი შეეხება თავად ფარმაცევტული კომპანიების სტრუქტურას და მათ ორგანიზაციულ მოწყობასაც. კონკურენციის სააგენტო სახელმწიფოს მოუწოდებს, დაწესდეს შემზღუდავი ნორმები ბაზრის ჰოლდინგურ სტრუქტურასთან მიმართებით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტებთან თანამშრომლობა და სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა, რომელიც კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე იმუშავებს.

„კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე, შესაბამისი რეკომენდაციების პარლამენტს გადაეგზავნა. მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეთხოვოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებს და ერთობლივი მუშაობა დავიწყოთ. რამდენიმე კანონში ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო, რაც ჩვენი მოლოდინით მედიკამენტებს უფრო გააიაფებს. ერთი მხრივ ჩვენი ამოცანა მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგია, ხოლო მეორე მხრივ ხარისხის კონტროლია, ეს არის ნომერ პირველი მოთხოვნა. ჩვენ და ბატონი მინისტრი - აზარაშვილი ამ თემაზე მუშაობას დაიწყებს და უახლოეს რამდენიმე კვირაში გვექნება შედეგები“, - განაცხადა მთვარობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამავე სხდომაზე გააცხადა, რომ დღეიდან GMP-ის სტანდარტების მაღალი ხარისხის მედიკამენტების შემოტანა თურქეთის ბაზრიდან იქნება შესაძლებელი.