მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გერმანელებო, თქვენ გაქვთ ძალა... არ დააფინანსოთ რუსული სამხედრო მანქანა“ - ზელენსკი

623854725ba8e
ვიქტორია მღებრიშვილი
21.03.22 15:15
914
უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებს რუსეთის დაფინანსების შეწყვეტისკენ, კონკრეტულად კი რუსეთისთვის პორტების დახურვისა და რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„გერმანელებო თქვენ გაქვთ ძალა. ევროპას აქვს ძალა, რომელიც ნებისმიერ რაკეტასა და ტანკზე ძლიერია. თქვენთან ვაჭრობის, თქვენი კომპანიებისა და ბანკების გარეშე რუსეთს ამ ომისთვის საჭირო ფული აღარ ექნება.

დაე, დამყარდეს მშვიდობა, რაც შეიძლება მალე. ეს თქვენ შეგიძლიათ. თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი თავი. არ დააფინანსოთ რუსეთის სამხედრო მანქანა. არც ერთი ევრო არ გადაუხადოთ ოკუპანტებს! დაკეტეთ ყველა თქვენი პორტი, არ მიიღოთ საქონელი, უარი თქვით რუსულ ენერგორესურსებზე.

აიძულეთ, რომ რუსეთი წავიდე უკრაინიდან. მჯერა, ვიცი, რომ მშვიდობა შესაძლებელია. მაგრამ თქვენ უნდა იმოქმედოთ, რომ მშვიდობა დამყარდეს... თითოეულმა გერმანელმა, თითოეულმა ევროპელმა. არც ერთი შანსი არ უნდა მივცეთ რუსულ ომს. იმოქმედეთ, რომ მშვიდობამ დაისადგუროს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერის განადგურებისა და ევროპის დაქუცმაცების უფლება არავის აქვს.

„ჩვენ თქვენს პოლიტიკოსებს ვაფრთხილებდით, რომ საშიში იყო, როდესაც მოსკოვში გაზის ღირებულებას და იმას წყვეტდნენ, გქონოდათ თუ არა გაზი. ჩვენ ვამბობდით, რომ ამ ომის თავიდან ასარიდებლად სანქციები იყო საჭირო. როდესაც რუსული რაკეტები NATO-ს საზღვრიდან 20 კილომეტრში ჩამოვარდა, როცა რუსული ტანკები ჩვენს ატომურ სადგურს ესხმოდნენ თავს, მაშინ ყველა მიხვდა, რომ უკრაინისთვის უნდა მოესმინა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვისას 20 წამით ტელეფონში განგაშის სიგნალი ჩართო და აღნიშნა, რომ ამ ხმას უკრაინელები საათების, დღეების და კვირების განმავლობაში ისმენენ, რა დროსაც ბავშვებსა და მოხუცებს დაცულ ადგილებში გადასვლაში ეხმარებიან, რათა რუსული რაკეტებისგან დაიცვან თავი.

„რუსეთის მიერ წამოწყებულ ამ სასტიკ ომში ათასობით უკრაინელი დაიღუპა. ამ ომამდე კი ჩვენს დედაქალაქს ახალ ბერლინს უწოდებდნენ, ჩვენს და თქვენს გახსნილობას, ემოციებს, თავისუფლებას, ხალხის გულწრფელობას, კლუბებსა და დღესასწაულებს ადარებდნენ. ახლა კი კიევი დაკეტილია და გაჩუმებული ელის ახალ განგაშის საჰაერო სიგნალს, რომელიც ხალხს თავშესაფარში გადასვლას აიძულებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ისიც აღნიშნა, რომ უკრაინა გადარჩენისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ მრავალრიცხოვან ჯარს ებრძვის, რაკეტების, ბომბების, რეაქტიული არტილერიის, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების წინააღმდეგ იბრძვის, რომლებზეც რუსები ახლა უკვე აწერენ "ბერლინისკენ", რადგან მათ იმაზე შორს უნდათ წასვლა, ვიდრე უკრაინაა. "უნდათ, რომ ყველგან მივიდნენ, მათ თქვენამდე უნდათ მოსვლა. ჩვენ ოკუპანტების წინააღმდეგ ვიბრძვით, რომლებიც გზაზე მიმავალ დევნილებს ცეცხლს უხსნიან, ჩვეულებრივ მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ, ქალაქებს ხელოვნურად უქმნიან შიმშილის პირობებს, საცხოვრებელ უბნებს წვავენ. ამ ომის სამი კვირის მანძილზე უკვე 115 ბავშვი დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ეს ყველაზე საშინელი ომია“, - განაცხადა ზელენსკიმ ევროპელებთან მიმართვისას.