მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში რისი ექსპორტის პოტენციალი აქვს საქართველოს - ელჩი რამდენიმე პროდუქტს ასახელებს

5e04ecbf63dfa
თამთა ჯიჯავაძე
26.12.19 23:00
6266
აუცილებელია, რომ საქართველომ მეტი სხვადასხვა პროდუქცია აწარმოოს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო უფრო მეტ სამეწარმეო მრეწველობას განავითარებს და მეტ პროდუქციას შექმნის, რომლის ექსპორტზე გატანასაც შეძლებს.

„საქართველოდან გერმანიაში ექსპორტი, მართალია, ცოტათი იზრდება და მოხარული ვარ, რომ უფრო და უფრო მეტი სხვადასხვა სახის პროდუქციის ექსპორტირებაა შესაძლებელი, მაგრამ მთლიანობაში კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაოთ ერთობლივად, რომ გავაძლიეროთ ვაჭრობა ჩვენს ქვეყნებს შორის და განსაკუთრებით ექსპორტი საქართველოდან. აუცილებელია, რომ საქართველომ მეტი სხვადასხვა პროდუქცია აწარმოოს. ამჟამად ეს არის მხოლოდ ცოტაოდენი პროდუქტი, მაგალითად ღვინო, რომელიც ექსპორტის დიდ ნაწილს შეადგენს, ასევე გარკვეული მადანი, მინერალები“, - აღნიშნა ელჩმა.

გერმანელმა დიპლომატმა ასევე დაასახელა ის პროდუქტები, რაზეც საქართველომ აქცენტი უნდა გააკეთოს გერმანიაში ექსპორტზე გატანის თვალსაზრისით.
„ამ საკითხთან დაკავშირებით GIZ-მა დეტალური კვლევა ჩაატარა და მთელი რიგი სექტორები გამოიკვლია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი ნამდვილად არის ტანსაცმლის სექტორი. ამჟამადაც საქართველოში უკვე აწარმოებენ კარგ ტანსაცმელს სხვადასხვა ფაბრიკაში. გერმანიის პრეზიდენტის მეუღლემ თბილისში ერთ-ერთი ასეთი ფაბრიკა მოინახულა. ასევე არიან ძალიან კარგი დიზაინერები, რომლებსაც შეუძლიათ ითანამშრომლონ უკვე არსებულ საწარმოებთან, რათა მათი პროდუქცია კიდევ უფრო საინტერესო გახადონ გერმანიის ბაზრისთვის. ასევე არის სხვა სფეროები, რომლებზეც მუდმივად საუბრობენ.

მაგალითად, ავეჯის და ხის პროდუქციის სფერო, მაგრამ მე ასევე მჯერა, რომ სოფლის მეურნეობის გადამუშავებულმა პროდუქტებმა დიდი როლი შეიძლება ითამაშოს. არ არის აუცილებელი, რომ საქართველომ თავისი აგრარული პროდუქცია, მაგალითად ხილი და ბოსტნეული, პირვანდელი სახით გაიტანოს გერმანიაში, არამედ მეტი ეკონომიკური ღირებულება შეიქმნება, როდესაც მათ ადგილობრივად გადაამუშავებენ და მათგან რაიმე უფრო ღირებულს შექმნიან. ვფიქრობ, ამ სფეროში საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა მომსახურების ექსპორტზეც.

„არსებობს მომსახურების ექსპორტი. მასში მოიაზრება ასევე პროცესი, რასაც ბიზნეს-პროცესის გადამისამართებას ეძახიან, ან ე.წ. ქოლ-ცენტრები. ძალიან მნიშნელოვანია, რომ საქართველოში ამ სფეროში გერმანული ფირმები მუშაობენ, რომლებიც გერმანიის ბაზარს ემსახურებიან. ე.ი. გერმანულენოვანი პერსონალი საქართველოში გერმანულ ენაზე ემსახურება კლიენტებს გერმანიაში. ეს ხომ დიდი მიღწევაა და იმედი მაქვს, რომ ეს სფერო კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა ელჩმა.

აღსანიშნავია, 2019 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან გერმანიაში განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ  48,691.3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. 2018 წელს ჯამში - 51,540.1 ათასი აშშ დოლარი, ხოლო 2017 წელს 45,662.0 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.