მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის ელჩი ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს რჩევას აძლევს

6231f30a9cc26
სალომე მეცხვარიშვილი
16.03.22 18:55
1686
რუსეთ-უკრაინის ომის გამო წარმოქმნილი ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მთავარ გზად საქართველოში გერმანიის ელჩს ბაზრების დივერსიფიკაცია მიაჩნია. ჰუბერტ ქნირში მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საქართველო ევროპის ბაზარზე გააქტიურდეს, როგორც 2006 წლის რუსეთის ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის შემთხვევაში მოხდა.

“მიმდინარე ომი არის გამოცდა არამხოლოდ სამხედრო სიძლიერეზე, არამედ არის ტესტი გლობალური ეკონომიკისთვის.

ვხედავთ, რომ ქართული კომპანიები აცნობიერებენ დღეს არსებულ სიტუაციას, იციან რისკებისა და საფრთხეების შესახებ, ამიტომ აქტიურად მუშაობენ, რომ რამდენადაც შესაძლებელია, შეამცირონ ამ პროცესების გავლენა მათზე და საქართველოს ეკონომიკაზე. ამის ერთ-ერთი გზა ევროპულ ბაზარზე გააქტიურებაა. სწორედ ახლაა დრო, რომ გადაიდგას ნაბიჯები ექსპორტის გასაზრდელად და ბიზნეს და ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად.

ევროკავშირი და უშუალოდ გერმანია ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ მიმართულებით წინ წავიწიოთ.

ბევრი ქართული ბიზნესი უკვე ვაჭრობს ევროკავშირში და თანამშრომლობის კარგ მაგალითებს აჩვენებს. გვახსოვს, 2006 წელი, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა, სწორედ მაშინ დაიწყო ქართული ღვინის ექსპორტი ევროპაში. ეს მოდელი ახლაც უნდა განმეორდეს და უნდა განმეორდეს სხვადასხვა სექტორში”, - აცხადებს გერმანიის ელჩი საქართველოში.