მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჩიქოვანი: გაზრდილი იმპორტის გამო, პატარა ავარიამაც კი დენის გათიშვა გამოიწვია

6051d094c0bf8
შოთა ტყეშელაშვილი
17.03.21 14:05
2418
"გაზრდილი იმპორტის გამო,  ერთ ხაზზე პატარა ავარიამაც კი მომხმარებლის ავტომატურ რეჟიმში გათიშვა გამოიწვია", - განაცხადა ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი ჩიქოვანმა. მისი თქმით, გუშინ მოსახლეობის უმეტესი ნაწილის გათიშვის დროს, საქართველო ელექტროენერგიის 60%-ზე მეტს იმპორტის საშუალებით იღებდა.

"ახალციხის ქვესადგურზე მუდმივი დენის ჩანართში მომხდარი ავარიული გამორთვის გამო შეწყდა იმპორტი თურქეთიდან, შედეგად ენერგომომარაგება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობას, ქალაქ თბილისს, ქალაქ ზუგდიდს, ზესტაფონს, მარნეულს, კახეთის და აჭარის რეგიონებს. იმ დროისათვის საქართველოს მოხმარება იყო 1800 მეგავატი, აქედან 60% მოდიოდა იმპორტზე, ეს არის უპრეცედენტო მოცულობები იმპორტის, რაც ქვეყანაში შემცირებულ გენერაციას უკავშირდება. იმპორტი ხორციელდებოდა სამი ქვეყნიდან - რუსეთიდან თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან.

გუშინ ვიყავით ისეთ ვითარებაში, როდესაც ჩვენი მოხმარება ჩამოკიდებული იყო 3 ხაზზე და აქედან ერთი ხაზის ავარიამაც კი გამოიწვია მთელი სისტემის ავარია. ამისგან ვერ ვიქნებით დაზღვეულები თუკი არ განვავითარეთ ჩვენი ადგილობრივი გენერაცია", - განაცხადა ჩიქოვანმა. 

სახელმწიფო ფონდის დირექტორის თქმით, არსებულ ვითარებაში ელექტროენერგიის დეფიციტი რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, მათ შორისაა ენგურჰესის საერაბილიტაციო გაჩერება, ასევე ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის დაბალი ტემპი, სეზონური ფაქტორები და ქვეყანაში ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნა. 

"დეფიციტს იწვევს სეზონური ფაქტორი, რადგან ახლა არის წყალმცირობის პერიოდი. ამასთან, ჩვენი მოხმარება ელექტროენერგიაზე ყოველწლიურად 5%-ით იზრდებოდა, ამას ვერ ეწევა ადგილობრივი გენერაცია, რის გამო იმპორტი 7.5-ჯერ არის გაზრდილი 2010 წელთან შედარებით. ენგურჰესის სარეაბილიტაციოდ გაჩერებაც ერთ-ერთი მიზეზია;  რეაბილიტაცია მაისში მთავრდება," - განაცხადა ჩიქოვანმა. 
 
ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი ჩიქოვანის თქმით, მომხდარი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურების, მათ შორის ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობა. მისი განცხადებით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული პრობლემები "ცივ გონებაზე" მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადაიჭრას. 

"გამოსავალი არის მეტი დიალოგი. დიდ საინვესტიციო და დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადაწყვეტილებების მიღება მიტინგზე ან თუნდაც კამერების წინ  არ შეიძლება. ეს უნდა იყოს სამუშაო რეჟიმის ნაწილი - დიალოგით, ცივ გონებაზე მაგიდასთან დასხდომით და არა ცხელ გონებაზე მიღებული გადაწყვეტილებებით," - ამბობს ჩიქოვანი.

მთავრობასა და ინვესტორს შორის მიღწეული შეთანხმებით „ნამახვანიჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ კვლევების გადამოწმება არ მოხდება; შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5-მილიონ ლარიანი ფონდი, კომპანიაში დაინიშნება ქართველი დირექტორი და პროექტის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო. 

თავის მხრივ, "რიონის ხეობის მცველები" ნამახვანჰესის პროექტის განხორციელების წინააღმდეგ რჩებიან. რამდენიმე დღის წინ მათ მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომაც დაემატა.