მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კაკაურიძე: "შეიძლება ითქვას, რომ ინფლაციამ თავი დახარა და ქვემოთ წამოსვლა დაიწყო"

632879ce4acd1
ინგა მურუსიძე
19.09.22 18:21
1202
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ მიუხედავად პრობლემებისა, ინფლაციის კლება სახეზეა.

როგორც მან ჯანდაცვის კომიტეტზე განაცხადა, ინფლაცია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ძალიან რთული პრობლემაა.

„ინფლაცია ძალიან რთული პრობლემა აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის. პანდემიამ გამოიწვია ინფლაციური პროცესები. ჯაჭვის მოშლიდან გამომდინარე მოლოდინები იყო, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან დაბლა წამოვიდოდა, თუმცა სამწუხაროდ, ამას შემდეგ დაემატა რუსეთ-უკრაინის ამბავი და ამ შემთხვევაში ენერგომატარებლებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

პრობლემა საერთოა მთელი მსოფლიოსთვის, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყეს, რასაც გარკვეული ეფექტი უკვე ჰქონდა - ინფლაციამ „თავი დახარა“ და დაიწყო ქვემოთ წამოსვლა. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაცია იქნება 9%-ის ფარგლებში და უკვე მომავალი წლის მეორე ნახევარში მივიღებთ 3%-იან ზღვარს, რაც ეროვნული ბანკის მხრიდან სამიზნე მაჩვენებელია. ჩვენი პროგნოზით ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 11.5% იქნება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის განცხადებით, ქვეყანაში ინფლაციური წნეხი მომდევნო თვეებში სავარაუდოდ უნდა შემცირდეს, თუმცა ამ ეტაპზე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია.

აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაცია 10.9% იყო.