მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პაპავა: მიმდინარე წელს ეკონომიკაში 4 რამ იყო მნიშვნელოვანი

5e0b33f2068cd
ინგა მურუსიძე
31.12.19 18:20
2171

საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის წარმომადგენლის ეკონომისტ გიორგი პაპავას შეფასებით, 2019 წელს ეკონომიკაში ოთხი მნიშვნელოვანი ფაქტორია გამოსაყოფი.

პაპავამ bm.ge-ისთან საუბარში 2019 წელი შეაფასა და 2020-ის მოლოდინებზე ისაუბრა.

„მიმდინარე წელს ეკონომიკაში ოთხი რამ იყო მნიშვნელოვანი: პირველი - მიუხედავად რუსეთის ავიასანქციებისა და გაუარესებული ეკონომიკური მოლოდინებისა, საკმაოდ კარგ მაჩვენებელს აჩვენებს ეკონომიკური ზრდა და გარკვეულწილად გადაასწრო პროგნოზებს, რომელიც იყო 2019 წლისთვის; მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ინფლაცია და ბოლო თვეებს რომ ჩავხედოთ, ადგილობრივი საქონელიც უკვე მნიშვნელოვნად გაძვირებულია, შესაბამისად, ამ მაღალი ინფლაციიდან გამომდინარე, იუო ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლის ფასსაც, სავარაუდოდ, მომავალ წელს გადავიხდით - ეს იყო მნიშვნელოვანი,  მესამე - ხაზგასასმელი ფაქტორი იყო ექსპორტ-იმპორტის თემა, კონკრეტულად ის, რომ საბანკო რეგულაციების შემოღების და კურსის გაუფასურების პარალელურად მივიღეთ, რომ იმპორტზე მოთხოვნა შემცირდა, რამაც ხელი შეუწყო მოკლევადიან პერიოდში ჩვენს ეკონომიკურ ზრდას. ამასთან ერთად, ექსპორტის მაჩვენებელი იყო მაღალი, რაც ასევე ნაწილობრივ კურსის ცვლილებით არის განპირობებული და ამავდროულად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში შედარებით გაზრდილი იყო მოთხოვნა. და ბოლოს, მეოთხე მნიშვნელოვანი ფაქტორი და "ქვეყნის ტკივილია"  პირდაპირი უცხოური ინვესტიცია; ვიცით, რომ პირველ კვარტალში მაჩვენებელი ძალიან დაბალი გქვონდა და ასევე იქნებოდა მესამე კვარტალშიც, რომ არა რეინვესტირების ნაწილი ანუ დადებითი არის ის, რომ ამ ყველა პირობის მიუხედავად მაინც ნორმალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს და უარყოფითი ფაქტორია გაზრდილი ინფლაცია. ასევე ცალსახად უარყოფითი მოვლენაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით მაჩვენებელი, რაც 2019 წელს გვქონდა. მსგავსი მაჩვენებლით ჩვენ ვერასოდეს გავიზრდებით საკმარისად სწრაფად“, - განაცხადა პაპავამ.

რაც შეეხება მოლოდინებს, კითხვაზე -  როგორი იქნება ინფლაციის მაჩვენებელი 2020 წელს, გიორგი პაპავას არ აქვს მოლოდინი, რომ ფასების დონე 1 იანვრიდან დაიწყებს კლებას. 

„ეროვნული ბანკი იმდენად საფუძვლიანად ამკაცრებდა და ამკაცრებდა მონეტარულ პოლიტიკას, რომ ვიდრე ბოლომდე არ დარწმუნდება, რომ ინფლაციური მოლოდინები არ არის ქვეყანაში და სანამ არ დაინახავს მკვეთრ დაღმასვლას ინფლაციის მაჩვენებლის, მანამდე არ უნდა დაიწყოს და არ დაიწყებს რეფინანსირების განაკვეთის შერბილებას. პროგნოზის კუთხით კი მინდა ვთქვა, რომ საარჩევნო წელია და ინფლაციისთვის და კურსისთვის სენსიტიური წელია ხოლმე, რადგან ყოველთვის, ერთის მხრივ შედარებით გაზრდილი სოციალური ხარჯვი აქვს სახელმწიფოს, რაც დამატებით ახდენს გავლენას ფასებზე და ამავდროულად, საარჩევნო წელს ლარი არ უფასურდება, რადგან არსებობს ასეთი მოლოდინები და ამ მოლოდინების მართვა მნიშვნელოვანი იქნება. ასევე ხაზგასასმელია საგარეო ფაქტორები“, - განაცხადა პაპავამ.