მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ეკონომიკის მთავარი გამოწვევაა, რომ მკაფიო, დემონსტრირებული მიმართულება არ გვაქვს" - გიორგი პაპავა

პაპავა

ISET-ის კვლევითი ცენტრის ეკონომისტი გიორგი პაპავა BMG-სთან საუბრისას 2023 წლის პირველი ექვსი თვის ეკონომიკურ შედეგებს მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ არსებული მიღწევების მიუხედავად ქართულ ეკონომიკაში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ ეკონომიკურ პოლიტიკას მკაფიო, დემონსტრირებული მიმართულება არ აქვს. 

"ძალიან ბევრს ვმერყეობთ ამ მიმართულებით, სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ზუსტად ვიცოდეთ საით მივდივართ, იმისთვის, რომ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია მოახდინოს საქართველოს ეკონომიკამ ევროპულ ბაზარზე", - აცხადებს პაპავა.

მისივე ცნობით, 2023 წლის პირველი ნახევრის ბოლოს იმაზე უკეთესი ეკონომიკური შედეგები დაფიქსირდა, ვიდრე ამას წლის დასაწყისში პროგნოზირებდნენ. 

"ეკონომიკური ზრდა ბევრად მაღალია, დაახლოებით 7-7.5%-ის ფარგლებში, ასევე ინფლაციაც დასტაბილურების და სამუშაო ძალის მხრივაც პოზიტიური დინამიკა ჩანს, ერთადერთი რაც რჩება ისაა, თუ რა რაოდენობის ფულადი თუ ადამიანური რესურსი იქნება ჩამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის ეკონომიკური შედეგების", - ამბობს გიორგი პაპავა. 

ეკონომისტი აღნიშნავს იმასაც, რომ მიმდინარე წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ მიღწევად ითვლება ისიც, რომ რეინვესტირების მაჩვენებელს სააქციო კაპიტალის მაჩვენებელმა პირველად გადააჭარბა და ქვეყანაში უფრო მეტი, ახალი კაპიტალი შემოვიდა, რაც წინა პერიოდში ცალსახად არ ხდებოდა. 

"რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციების შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დავინახოთ რამდენად მოწყვლადია ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც დღეს გვაქვს", - აღნიშნავს ISET-ის ეკონომისტი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები